გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Eli Lilly, Rivian და Zscaler.
Eli Lilly
გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის — Eli Lilly-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 57%-ით არის გაუმჯობესებული.
ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიის — Accolade-ის და კვლევითი ფირმის — Savanta-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკული ბიზნესების საერთო რაოდენობას, რომლებიც წონაში კლების მედიკამენტებს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში აერთიანებს, თითქმის გაორმაგების პოტენციალი გააჩნია.
502 რესპონდენტიდან 43%-მა განაცხადა, რომ ასეთ მედიკამენტებს 2024 წლისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში შეიტანს. ეს საკმაოდ დიდი ნახტომია ამჟამინდელი 25%-იანი მაჩვენებლიდან.
იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც თანამშრომლებისთვის ასეთი სერვისის შეთავაზებას არ აპირებენ, აღიარებენ, რომ ამ მედიკამენტებზე დიდი მოთხოვნაა. რესპონდენტთა 81%-მა განაცხადა, რომ მათი თანამშრომლები დაინტერესებულნი არიან ასეთი მედიკამენტების სადაზღვევო პაკეტის სიაში დამატებით.
Eli Lilly-მ შეიმუშავა და გამოუშვა მედიკამენტი Mounjaro, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება, რომელსაც აქვს წონაში კლების ისეთივე თვისებები, როგორიც Novo Nordisk-ის ძალიან პოპულარულ პრეპარატებს — Wegovy-ს და Ozempic-ს.
გარდა ამისა, Eli Lilly-მ უოლ სტრიტის ერთ-ერთი ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასება მიიღო. მოჰიტ ბანსალმა Wells Fargo-დან ფარმაცევტული კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი საგრძნობლად — $615-დან $650-მდე გაზარდა.
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $572.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $601.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის — Rivian-ის აქციების ფასი მცირედით, დაახლოებით 1%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 8%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენიელ აივსმა Rivian-ის აქციების სამიზნე ფასი $32-დან $25-მდე შეამცირა. გუშინ სავაჭრო დღის დაწყებისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს.
ანალიტიკოსის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ინვესტორების მოსაზრებას, რომლებიც Rivian-ის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი. ბოლო დროს კი ეს გამოწვეულია მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ვალის გამოშვების საშუალებით $1.5 მილიარდი მოიზიდოს. გარდა ამისა, აქციონერებს ემუქრებათ წილის განზავების საფრთხე, რადგან ვალი არის კონვერტირებადი და შეიძლება Rivian-ის აქციებში კონვერტირდეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ კვარტალში თავის ილინოისის ქარხანაში 16,304 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს — 15,564 მიაწოდა. მენეჯმენტის თქმით, ეს Rivian-ს უნარჩუნებს კურსს, მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანობაში 52,000 ელექტრომობილი აწარმოოს. უფრო მეტიც, როგორც ბანკში — Truist-ში აღნიშნეს, წარმოების მაჩვენებელი — 16,304 მოლოდინს აჭარბებდა.
თუმცა, სინამდვილეში, ახალი ამბები შეიძლება ამაზე უკეთესიც კი იყოს. როგორც Truist-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, Rivian-მა 2023 წელს, მესამე კვარტლის ჩათვლით, 40,000 ერთეული აწარმოა. და თუ მეოთხე კვარტალში წარმოების მაჩვენებელი გაიზრდება, შეიძლება კომპანიამ მენეჯმენტის პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს.
რა თქმა უნდა, წარმოების მიზნების გადაჭარბება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მაშინაც კი, თუ Rivian დაგეგმილზე 4,000-ით მეტ ავტომობილს აწარმოებს, ეს კომპანიისთვის დამატებით $320 მილიონის ოდენობით შემოსავალს შექმნის. შესაბამისად, თუ ამ მაჩვენებელს ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.3 მილიარდს დავუმატებთ, გამოვა, რომ წლის განმავლობაში შემოსავალი $4.6 მილიარდს მიაღწევს.
იმის გამო, რომ საოპერაციო ხარჯები ჯერ კიდევ ყოველწლიურად $5.8 მილიარდს შეადგენს, ამ მოცულობის შემოსავალი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ Rivian-მა მოგება გამოიმუშაოს. Rivian კვლავ კარგავს ფულს მის მიერ წარმოებულ თითოეულ ელექტრომობილზე, ამიტომ გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ მეტი მანქანის წარმოება კომპანიის ზარალს გაზრდის.
Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 54%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Zscaler
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის — Zscaler-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 53%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, Barclays-ის ანალიტიკოსებმა Zscaler-ის აქციების გაყიდვის რეკომენდაცია ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს და $190-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭეს.
კიბერუსაფრთხოების კომპანიამ კვარტალური ანგარიში გასულ ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგინა. Zscaler-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 43%-ით — $455 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $430.38 მილიონს. კიბერშეტევების შემთხვევები ეკონომიკის ყველა სექტორში იზრდება, რაც Zscaler-ის ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, კომპანიის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.64 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.49).
ივნისში Zscaler-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები, რომლებიც ორგანიზაციებს საფრთხეებზე უფრო სწრაფად რეაგირების საშუალებას აძლევს. ამასთან გასულ თვეში Zscaler და CrowdStrike Holdings გაერთიანდნენ, რათა ჯანდაცვის კომპანიებს კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტები შესთავაზონ.
აქციების ფასის ზრდის კიდევ ერთი კატალიზატორია თავისუფალი ფულადი ნაკადების მატება. ეს მაჩვენებელი ორი წლის წინ $100 მილიონზე ნაკლებს შეადგენდა, ახლა კი $333 მილიონამდე გაიზარდა.
Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.