გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Workday, Opera Limited, Worthington Industries და NextEra Energy Partners.
Meta Platforms
გუშინ, ყოველწლიური Meta Connect დეველოპერთა კონფერენციის მეორე დღეს, ტექნოლოგიური გიგანტის — Meta Platform-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 144%-ით არის გაუმჯობესებული.
კონფერენციაზე, ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც სწორედ გუშინ დასრულდა, Meta Platforms-მა წარმოადგინა რამდენიმე ახალი მოწყობილობა და ხელოვნური ინტელექტის (AI) შეთავაზება.
სოციალური მედიის კომპანიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მისი უახლესი ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტი — Meta Quest 3 იყო. როგორც ყოველთვის, VR მოწყობილობის ახალი მოდელი, წინამორბედთან შედარებით, სხვა ფუნქციებთან ერთად უფრო მაღალი გარჩევადობით და მკაფიო გრაფიკით გამოირჩევა. მისი ფასი $500-ს შეადგენს, რაც Quest+ VR სერვისის ექვსთვიან გამოწერასაც მოიცავს.
Meta Platforms-მა ასევე წარადგინა Ray-Ban ჭკვიანი სათვალეების ნაკრები. პროდუქტი თავის ფუნქციების კომპლექტში 12 მეგაპიქსელიან კამერას მოიცავს. მისი ფასი $299-დან იწყება.
ყველაზე მიმზიდველი ალბათ ისაა, რომ Meta Platforms-ის მენეჯმენტი დეტალურად აღწერს კომპანიის მომავალ AI შესაძლებლობებს. მათ შორის მთავარია ვირტუალური ასისტენტი — ცნობილი, როგორც Meta AI, რომელიც, სხვა ანალოგიური პროდუქტების მსგავსად, მომხმარებლებს დაეხმარება საქმიანობათა ფართო სპექტრში, როგორიცაა კვლევა და მოგზაურობა. ამას ავსებს კიდევ ერთი ახალი სერვისი — AI Studio, რომელსაც, Meta-ს წარმომადგენლების თქმით, შეუძლია ბიზნესებს დაეხმაროს, შექმნან AI-ები, რომლებიც მათი ბრენდის ღირებულებებს ასახავს და მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილებას აუმჯობესებს.
ამ ყველაფერს მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება UBS-ის ანალიტიკოსისგან — ლოიდ უოლმსლისგან, რომელმაც ახალ კვლევით ჩანაწერში აღნიშნა, რომ პოზიტიურად გაკვირვებულია Meta-ში მიმდინარე ინოვაციების დონით, პროდუქტების სერიით, რომელიც ჩართულობას და AI პროდუქტების მონეტიზაციის პოტენციალს გაზრდის.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $304.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 44 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $376.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 44 ანალიტიკოსიდან 42-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Workday
გუშინ, ნეგატიური სიახლეების შემდეგ, Workday-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
თავის ფინანსურ ანალიტიკოსთა კონფერენციაზე გუშინ Workday-მ ჩამოაყალიბა ზრდის ახალი მიზნები, რომლებიც მენეჯმენტის წინა პროგნოზებს ჩამოუვარდება. Workday-ში ადრე მოელოდნენ, რომ წლიური შემოსავალი გამოწერებიდან 20%-ზე მეტად გაიზრდებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი 17%-19%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, ფისკალური 2026 წლის ბოლომდე მენეჯმენტის სამიზნე მაჩვენებელი კორექტირებული საოპერაციო შემოსავლის მარჟისთვის 25%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვარტალში Workday-ის საოპერაციო მარჟამ 23.6%-ს მიაღწია, ამ შედეგმა ბაზრის მონაწილეებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ამ ყველაფერს მოჰყვა უარყოფითი შეფასებები საინვესტიციო ბანკებისგან. Morgan Stanley-მ Workday-ის აქციების სამიზნე ფასი $260-დან $245-მდე შეამცირა, TD Cowen-მა — $270-დან $260-მდე, ხოლო Barclays-მა — $262-დან $249-მდე.
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Workday-ის აქციების ფასი $211.22-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ანალიტიკოსების სამიზნე ფასებში, მაინც ზრდაზე მიანიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ Workday-ის უახლესი პროგნოზები შეიძლება გარკვეულწილად იმედგამაცრუებელი იყოს, ეს მაჩვენებლები კატასტროფისგან შორს არის. ასევე შესაძლებელია, რომ მენეჯმენტი გარკვეულწილად კონსერვატიულია.
Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $211.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $255.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $169.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Opera Limited
გუშინ, მას შემდეგ, რაც Opera Limited-მა აქციების მეორადი შეთავაზება დააანონსა, ინტერნეტ ბრაუზერის დეველოპერის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 117%-ით არის გაუმჯობესებული.
უფრო კონკრეტულად, ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Opera-მ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ დაიწყო 6,876,506 ამერიკული დეპოზიტარის აქციის (ADS) შეთავაზება IPO-მდე არსებული აქციონერებისგან. Opera-ს აქციების ფასის ამჟამინდელი მდგომარეობით — $13.04 — ეს შეთავაზება $89 მილიონს აჭარბებს.
გარდა ამისა, Opera ანდერრაითერებს — Citigroup და Goldman Sachs — უზრუნველყოფს 30-დღიანი ოფციონით (ფასიანი ქაღალდებისა გარკვეულ დროსა და გარკვეულ ფასად ყიდვისა ან გაყიდვის უფლება), რომელიც დამატებით 15%-მდე ADS-ების შეძენას გულისხმობს.
ასეთი ფაქტები იშვიათი არ არის, მაგრამ Opera-ს შეთავაზება კომპანიის ამჟამინდელი მთლიანი აქციების 9%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, Opera-სგან მომავალში კიდევ ვიხილოთ ასეთი შეთავაზებები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სიახლის საპასუხოდ, გუშინ Opera-ს აქციების ფასი შემცირდა.
Worthington Industries
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Worthington Industries-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი გლობალური ინდუსტრიული მწარმოებლის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ პირველ კვარტალში Worthington Industries-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-ით — $1.19 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.23 მილიარდი).
კომპანიის მენეჯმენტის თქმით, შემოსავლის შემცირება გამოწვეულია გაყიდვების დაბალი საშუალო ფასებით, ასევე მთლიანი მოცულობის შემცირებით.
მიუხედავად ამ ვარდნისა, მთლიანი მოგება 17%-ით — $197.5 მილიონამდე გაიზარდა. შედეგად, კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.61-დან $2.06-მდე მოიმატა (პროგნოზი — $2.04).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი როუზმა განაცხადა: „ჩვენი ბიზნესი აგრძელებს კარგად ფუნქციონირებას ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად. ჩვენი გამოცდილი გუნდები განაგრძობენ ეფექტიანად ნავიგაციას ამჟამინდელ გარემოში და კომპანიის ბუღალტრული ბალანსიც ძლიერია“.
Worthington Industries-ის მენეჯმენტს მომდევნო კვარტლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარუდგენია, გარდა ზემოთ მოყვანილი განცხადებისა, რომელიც გულისხმობს, რომ კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტში და მაკრო გარემოში გამოწვევები შენარჩუნდება.
NextEra Energy Partners
გუშინ განახლებადი ენერგიის ოპერატორის — NextEra Energy Partners-ის აქციების ფასი კვლავ შემცირდა, ამჯერად 18%-ზე მეტით. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით არის დაკლებული.
ოთხშაბათს NextEra Energy-ის აქციების ფასი 20%-ით მას შემდეგ შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციონერებისთვის გრძელვადიანი ღირებულების მიწოდების გასაგრძელებლად კომპანია დივიდენდური სარგებლის პროგნოზს 5%-8%-იანი დიაპაზონიდან 6%-მდე ამცირებს მინიმუმ 2026 წლამდე. NextEra-ს მენეჯმენტის მოლოდინით, კომპანია ამ ფულის ინვესტირებას შეძლებს უფრო მაღალი სარგებლის მქონე ზრდის შესაძლებლობებში, რაც NextEra-ს საშუალებას მისცემს, შემდეგში დივიდენდური ანაზღაურება უფრო მეტად გაზარდოს.
ამ სიახლემ კი უოლ სტრიტზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. JPMorgan-მა NextEra-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $69-დან $40-მდე შეამცირა. გარდა ამისა, Oppenheimer-მაც ასეთივე ნაბიჯი გადადგა და განახლებადი ენერგიის ოპერატორის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით ჩაანაცვლა.
NextEra Energy-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $73.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NextEra Energy-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 70%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.