გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის AutoZone, Steelcase, EHang Holdings, Novo Nordisk და Chewy.
AutoZone
გუშინ, ანალიტიკოსების შეფასებების შემდეგ, ავტონაწილების საცალო ვაჭრობის კომპანიის — AutoZone-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 152%-ით არის გაუმჯობესებული.
Barclays-ის ანალიტიკოსმა — მეთიუ მაკკლინტოკმა AutoZone-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $2,721-დან $2,742-მდე გაზარდა.
სკოტ ციკარელმა Truist-დან ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო. მან, ყიდვის რეკომენდაციის შენარჩუნებასთან ერთად, კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $2,886-დან $3,006-მდე გაზარდა. D.A. Davidson-ის ანალიტიკოსი — მაიკლ ბეიკერი კი AutoZone-ის აქციებს ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. სამიზნე ფასი მანაც გაზარდა — $2,425-დან $2,500-მდე.
ერთადერთი ანალიტიკოსი, რომელმაც სამიზნე ფასი შეამცირა იყო სიმეონ გუტმანი Morgan Stanley-დან. ახლა იგი მიიჩნევს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი $2,750-მდე გაიზრდება (ძველი სამიზნე ფასი — $2,835). სიმეონმა AutoZone-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა.
როგორც ხშირად ხდება, ანალიტიკოსების შეფასებების ცვლილებები დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, კვარტალური ანგარიში წარადგინა. მეოთხე კვარტალში AutoZone-ის შემოსავალმა $5.69 მილიარდი შეადგინა, ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $46.46. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $5.62 მილიარდს და $45.22-ს შეადგენდა.
AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,583.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,840.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,020.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Steelcase
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Steelcase-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი საოფისე ავეჯის მწარმოებლის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის გაუმჯობესებული.
Steelcase რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც პანდემიის გამო მსოფლიოში დისტანციურად მუშაობის ტენდენცია გაჩნდა, მაგრამ მეორე კვარტალში კომპანიამ ძლიერი შედეგების დაფიქსირება შეძლო. ორგანული გაყიდვების ზრდა წლიდან წლამდე 1%-ით შენელდა, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე 8%-ით შემცირდა. მთლიანმა შემოსავალმა 1%-ით — $854.6 მილიონამდე დაიკლო, მაგრამ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $828.8 მილიონს.
საფასო და ოპერაციული გაუმჯობესების გამო მთლიანი მარჟა 430 საბაზისო პუნქტით — 33.2%-მდე გაიზარდა. შედეგად, კორექტირებულმა EPS-მა $0.21-დან $0.31-მდე მოიმატა, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.20-ს გადააჭარბა.
Steelcase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სარა არმბრუსტერმა თქვა: „სულ უფრო მეტი კომპანია იღებს ოფისებში დაბრუნების გადაწყვეტილებას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ მოთხოვნის დონე გაუმჯობესდება, რადგან მომხმარებლები, თავიანთი სამუშაო ადგილების სრულყოფაში, ჩვენს დახმარებას ითხოვენ“.
გარდა ამისა, Steelcase ამცირებს ხარჯებს ზოგიერთ საერთაშორისო ბაზარზე რესტრუქტურიზაციის გზით, რისთვისაც კომპანიამ კვარტალში $7.9 მილიონი დახარჯა. თუმცა მენეჯმენტი მოელის, რომ წლის მეორე ნახევარში ეს მარჟის ზრდას გამოიწვევს.
Steelcase-მა კვარტალი $700 მილიონის ღირებულების მარაგებით დაასრულა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს 26%-ით ჩამოუვარდება. რაც შეეხება მომავალს, კომპანიაში მოელიან, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 3%-6%-ით შემცირდება და $780-$805 მილიონს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $820.7 მილიონი).
მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ კორექტირებული EPS $0.23-$0.27-ს მიაღწევს, რაც აღემატება როგორც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $0.20-ს, ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს — $0.19-ს.
მთელი წლის განმავლობაში კი Steelcase-ში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.80-$0.90-ს მიაღწევს. ფისკალურ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $0.56 შეადგინა, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი $0.67-ს უტოლდება.
EHang Holdings
EHang Holdings არის ამბიციური ჩინური კომპანია, რომელიც ავტონომიური მფრინავი ტაქსების წარმოებაზე მუშაობს. გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 85%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, EHang-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ Shenzhen Inx Technology-ში სტრატეგიული ინვესტიცია განახორციელა. ეს უკანასკნელი, რომელიც ასევე ჩინეთშია დაფუძნებული, მყარი მდგომარეობის ლითიუმის ბატარეებს ავითარებს. ორი კომპანია მიზნად ისახავს, ითანამშრომლოს EHang-ის ავტონომიური თვითმფრინავებისთვის საჭირო ენერგეტიკული პროდუქტების კვლევის, განვითარებისა და წარმოების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ Ehang-ის მენეჯმენტი ახალი ინვესტიციის მიმართ ენთუზიაზმით არის განწყობილი, მას რაიმე ფინანსური დეტალი არ გაუმხელია.
Inx არის კერძო კომპანია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. მისი მიზანია ლითიუმისა და მყარი მდგომარეობის ელექტროლიტების გამოყენებით ბატარეები აწარმოოს.
პრესრელიზში Ehang-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰუაზი ჰუმ განაცხადა, რომ კომპანიის სტრატეგიული ინვესტიცია Inx-ში ემთხვევა Ehang-ის სწრაფვას უფრო მწვანე ტექნოლოგიებისკენ და ასევე კომპანიის მიერ ბატარეების მიწოდების ჯაჭვის ჩამოყალიბების გეგმას.
Novo Nordisk
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, დანიური ჯანდაცვის კომპანიის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის შემცირებული.
ცნობილი გახდა, რომ Novo Nordisk-სა და ჯანდაცვის ტექნოლოგიურ კომპანიას — Ypsomed-ს შორის მიწოდების შეთანხმება შედგა. ამ უკანასკნელის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, გრძელვადიანი გარიგების ფარგლებში, კომპანია Novo Nordisk-ს ავტოინჟექტორებს მიაწოდებს, ხოლო დანიური ჯანდაცვის კომპანია წვლილს შეიტანს პარტნიორის წარმოების ობიექტების გაფართოებაში. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
გარდა ამისა, JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსმა — რიჩარდ ვოსერმა Novo Nordisk-ის აქციებს შეუნარჩუნა როგორც ყიდვის რეკომენდაცია, ასევე სამიზნე ფასი — $108, რომელიც ამჟამინდელ საფასო ნიშნულს — $94.73-ს საკმაოდ აღემატება.
თუმცა კომპანიასთან დაკავშირებით ნეგატიური სიახლეც გავრცელდა. Reuters იტყობინება, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Novo Nordisk-ის ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დაწესებულების შემოწმებამ რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა. საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ეს ეხება ქარხნის კონტროლის სისტემებს, რომლებიც მიკრობული დაბინძურების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
Chewy
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, შინაური ცხოველების საკვების ელექტრონული კომერციის ლიდერის — Chewy-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის დაკლებული.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ Oppenheimer-ის ანალიტიკოსმა — რუპეშ პარიკმა Chewy-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა და განაცხადა რომ, მისი აზრით, კომპანიის წინაშე არსებული წინაღობები სულ მცირე რამდენიმე კვარტლის განმავლობაში შენარჩუნდება. პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული ბუმის შემდეგ, შინაური ცხოველების პროდუქტების სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა.
ანალიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა უფრო მცირე ინფლაციის სარგებელს 2024 წელს, ისევე როგორც მაღალი საპროცენტო განაკვეთების ზეწოლას მზარდი პოტენციალის აქციებზე, როგორიცაა Chewy. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუპეში შინაური ცხოველების კვების სპეციალისტის მიმართ კვლავ პოზიტიურად არის განწყობილი, მაგრამ იგი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში კომპანიის მოგება შემცირდება.
გარდა ამისა, Walmart-ის მენეჯმენტმა დააანონსა პირველი შინაური ცხოველების მომსახურების ცენტრის გახსნა ჯორჯიაში, დალასის მაღაზიაში, რომელიც მომხმარებლებს რუტინულ ვეტერინარულ მოვლას, ბეწვის დავარცხნას და ძაღლების დაბანას (თვითმომსახურებით) სთავაზობს. ამ მიმართულებით Walmart PetIQ-თან თანამშრომლობს.
Chewy-მ მეორე კვარტლის შედეგები გასული თვის ბოლოს წარადგინა და კომპანიის ზრდა შენელებას განაგრძობს — შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით გაიზარდა, მაგრამ მარჟა მცირდება. Chewy მომგებიანია — თითო აქციაზე მოგებამ $0.31 შეადგინა, მაგრამ აქციების ფასის აღსადგენად კომპანიას შემოსავლების ზრდის დაჩქარება ან მარჟის ზრდა დასჭირდება.
Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 107%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.