• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 20, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Deere & Company, Toyota Motor და Endava.

Amazon

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ელექტრონული კომერციისა და ქლაუდ გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

გუშინ Amazon-ის მენეჯმენტმა გამოსცა პრესრელიზი, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს როგორც კარგი ამბავი, მაგრამ საინვესტიციო საზოგადოებამ სიახლე ნეგატიურად მიიღო.

ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ არდადეგების სეზონზე კომპანია დაიქირავებს 250,000 ადამიანს სრულ, სეზონურ და ნახევარ განაკვეთზე, მათ შორის 30,000 მომუშავეს კალიფორნიის შტატში. გარდა ამისა, Amazon ამ მუშაკებისთვის საათობრივ ხელფასს საათში $17-დან $28-მდე გაზრდის. გასულ წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ $19-ს შეადგენდა.

250,000 ადამიანი კი 67%-ით აჭარბებს გასული წლის იმავე პერიოდში დაქირავებულ 150,000 თანამშრომელს. Amazon-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ წელს $1.3 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს შეკვეთების შესრულებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით მომუშავე ადამიანების ხელფასების გასაზრდელად.

ერთი მხრივ, Amazon-ის მიერ ხელფასების გაზრდა და ბევრი ადამიანის დასაქმება შეიძლება ნიშნავს, რომ კომპანია ოპტიმისტურად არის განწყობილი სამომხმარებლო ხარჯების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და რეცესიის პოტენციალის შიში მძვინვარებდა, Amazon-ის ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული კომერციის ზრდა — 13% — რეალურად საკმაოდ კარგი იყო, 2021 წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს — 9%-ს აღემატებოდა.

Amazon

მეორე მხრივ, Amazon-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესი უკვე კაპიტალინტენსიურია და მას შედარებით დაბალი მარჟები აქვს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ინვესტორები ნერვიულობენ, რომ თანამშრომელთა ხელფასებისა და შეღავათების ზრდა კომპანიის მოგებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

მენეჯმენტის ეს ნაბიჯი ასევე წარმოადგენს კონტრასტს ბოლო 18 თვის ქმედებებთან შედარებით, როდესაც აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ და მისმა გუნდმა დიდი სამუშაო ჩაატარეს ხარჯების შემცირებისა და კომპანიის ელექტრონული კომერციის ოპერაციების გასამარტივებლად. ამრიგად, ხარჯების შემცირებიდან რეინვესტირების ზრდაზე გადასვლამ, შესაძლოა, ზოგიერთი ინვესტორი დააბრკოლა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შიშები პოტენციური რეცესიის შესახებ კვლავ აქტუალურია.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა დეტროიტში United Auto Workers-ის (პროფკავშირი) გაფიცვის გამო, შესაძლოა Amazon-ის მენეჯმენტი ცდილობს, წინ გაუსწროს ნებისმიერ პოტენციურ კრიტიკას თავისი შრომითი პრაქტიკის შესახებ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $138.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Deere & Company

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, Deere & Company-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 6%-ით არის დაკლებული.

Deere & Company არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მძიმე აღჭურვილობას, სატყეო ტექნიკას, დიზელის ძრავებს, ტრანსმისიებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე აღჭურვილობისა და გაზონის მოვლის მოწყობილობებისთვის.

Deere სარგებლობდა ძლიერი განახლების ციკლით თავის ძირითად ბაზრებზე. ამან, თავის მხრივ, განაპირობა აქციების 168%-იანი ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც სამჯერ აღემატება S&P 500-ის წარმადობას.

თუმცა Evercore-ის ანალიტიკოსი — დევიდ რასო მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის საქმე რთულდება. დევიდმა Deere-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $456-დან $424-მდე შეამცირა. ანალიტიკოსი ხედავს შემოსავლების სისუსტის პოტენციალს წლის ბოლო თვეებში.

Deere & Company

დევიდ რასოს თქმით, ევროპასა და ბრაზილიაში ფერმერული აღჭურვილობის წარმოების გრაფიკი ეცემა. 2024 წელს მოსალოდნელია საცალო მოთხოვნის ვარდნა, აქედან გამომდინარე კი Deere-ს, სავარაუდოდ, გაუჭირდება ისარგებლოს ახალი აღჭურვილობების ძლიერი გაყიდვებით.

გრძელვადიან პერსპექტივაში Deere შესანიშნავად გამოიყურება შთამბეჭდავი პროდუქტებით და მომავალი თაობის ტექნოლოგიების კვლევის ძლიერი რეპუტაციით, მაგრამ მენეჯმენტი ვერაფერს გააკეთებს კომპანიის საბოლოო ბაზრების ციკლური ბუნებისგან თავის დასაღწევად.

გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რომლებსაც Deere-ის წარმატების სჯერათ, ანალიტიკოსის შეფასებაში საშიში არაფერია. რეიტინგის დაქვეითება არ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ბიზნეს საფუძველი გაუარესებულია. მაგრამ თუ დევიდი მართალია, შესაძლოა, Deere-ისთვის მომავალი კვარტლები რთული აღმოჩნდეს და ინვესტორები პოტენციური წინაღობებისთვის უნდა მოემზადონ.

Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $399.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $450.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $551.00-ს, ხოლო მინიმალური — $380.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deere & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Toyota

გუშინ იაპონური ავტომწარმოებლის — Toyota Motor-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 56%-ით არის გაუმჯობესებული.

Toyota-ს აქციების ფასი განაგრძობს ზრდას, რადგან მწარმოებლები (როგორიცაა Toyota), რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი პროფკავშირის მუშაკებზე, სავარაუდოდ, ისარგებლებენ United Auto Workers-ის (UAW) გაფიცვით Ford-ის, General Motors-ის და Stellantis-ის — Chrysler-ის მფლობელის წინააღმდეგ.

წუხელ გაფიცვას შეუერთდა კანადის ავტომუშაკთა პროფკავშირი — Unifor, რადგან Ford-თან მისი კონტრაქტი ამოიწურა.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს პროფკავშირსა და ავტომწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, UAW-ის წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ უ კომპანიები პროფკავშირის პირობებს არ დააკმაყოფილებენ, კვირის ბოლომდე გაფიცვები ახალ ქარხნებსაც მოიცავს.

Toyota Motor

ამჟამად, UAW-ის დაახლოებით 13,000 წევრია გაფიცული სამ ავტოქარხანაში, მაგრამ პროტესტის ტალღის გაზრდა, ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Toyota, როგორც ჩანს, უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

გარდა ამისა, მიმდინარე თვის დასაწყისში Toyota გაერთიანდა FuelCell Energy-სთან და დაასრულა ე.წ. „tri-gen“ წარმოების სისტემის ჩამოყალიბება. ეს სისტემა აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას, განახლებად წყალბადს და წყალს ბიოგაზისგან, რაც აჩვენებს, რომ კომპანია განახლებადი ენერგიის გამოყენებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $195.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთ ემთხვევა და $207.79-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Endava

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Endava-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავტომატიზაციისა და განვითარების სერვისების პროვაიდერის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 24%-ზე მეტით არის შემცირებული.

ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, Endava-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $235.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $233 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 12%-ით — $40.8 მილიონამდე მოიმატა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.71 იყო (პროგნოზი — $0.56).

Endava

თუ Endava-ს შედეგებს უფრო ყურადღებით დავაკვირდებით ვნახავთ, რომ კომპანიამ მდგრადი ზრდის იმედისმომცემი ნიშნები აჩვენა. იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის სერვისებზე 1 მილიონ ბრიტანული ფუნტი ($1,239,300) ან მეტი დახარჯეს, 10-ზე მეტით გაიზარდა და 146 შეადგინა. Endava კვლავ მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა თავის საუკეთესო მომხმარებლებს, რადგან კომპანიის ტოპ 10-მა დამკვეთმა Endava-ს მთლიანი გაყიდვების 35% შეადგინა.

რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი ინდუსტრიისთვის რთულ პერიოდს პროგნოზირებს. Endava-ში მოელიან, რომ ფისკალური 2024 წლისთვის გაყიდვები მხოლოდ 1%-3%-ით გაიზრდება, ხოლო EPS $1.88-$2.01-ს შეადგენს.

Endava-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $65.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $74.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Endava-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს ეკონომიკური პირობები?

შემდეგი

რას ნიშნავს „სპეციალიზებული პორტფელი“?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს „სპეციალიზებული პორტფელი“?

რას ნიშნავს „სპეციალიზებული პორტფელი“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved