გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Visa, NerdWallet, Semtech, Ibex და Aclaris Therapeutics.
Visa
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, გადახდის ბარათების გიგანტის — Visa-ს აქციების ფასი დაახლოებით 2.6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 16%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Visa-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო პროცესი, რომელიც B კლასის აქციონერებს თავიანთი აქციების ნაწილის თავისუფლად გაყიდვის საშუალებას მისცემს.
Visa-ს A კლასის აქციები საფონდო ბირჟაზე საჯაროდ მიმოიქცევა, ხოლო B და C კლასის აქციები — არა. ეს ორი უკანასკნელი ძირითადად ეკუთვნის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც Visa-სთან თანამშრომლობენ.
კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, B კლასის აქციები შეიქმნა იმისთვის, რომ A და C კლასის აქციონერებისთვის შეეთავაზებინა დაცვა წინასწარი IPO-ს სასამართლო დავებისაგან.
Visa-ს პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) 2008 წელს შედგა და სამკლასიანი სტრუქტურა საფონდო ბირჟის ლისტინგამდე (საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა) იქნა დაპროექტებული.
Visa-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ის ამ პოტენციურ კონვერტაციას თავის აქციონერებთან უახლოეს კვირებში ან თვეებში განიხილავს. თუ კომპანიის გეგმას დადებითი გამოხმაურება მოჰყვება, მენეჯმენტი მიზნად ისახავს ამ საკითხის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას აქციონერთა ხმის მიცემის საშუალებით.
ამჟამად, Visa-ს B კლასის აქციების საერთო ღირებულება დაახლოებით $96 მილიარდს შეადგენს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის A კლასის აქციების საბაზრო კაპიტალი კი $502 მილიარდს აჭარბებს.
Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $241.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $284.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $338.00-ს, ხოლო მინიმალური — $248.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
NerdWallet
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ფინანსური პლატფორმის — NerdWallet-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
NerdWallet-ის აქციონერებისთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული იყო, 2023 წელს დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულთან შედარებით კომპანიის აქციების ფასები 57%-ით არის შემცირებული. თუმცა გუშინ განწყობა უფრო ოპტიმისტური იყო. ეს იმიტომ, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ ჩენმა ამ კვირის დასაწყისში NerdWallet-ის 30,588 აქცია შეიძინა.
ოთხშაბათს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) წარდგენილი მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, ჩენმა იყიდა თითქმის 24,000 აქცია ორშაბათს და 6,000-ზე მეტი აქცია სამშაბათს საშუალო ფასებით, შესაბამისად, $8.40 და $8.21.
ამას ინსაიდერული ტრანზაქცია ეწოდება — როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ტიმი არის ინსაიდერი და იგი ბევრად უკეთ ერკვევა NerdWallet-ის ყოველდღიურ ბიზნეს ოპერაციებში, ვიდრე ჩვეულებრივი ინვესტორი. ხშირია თანამშრომლების მიერ აქციების ოფციონებთან დაკავშირებული ინსაიდერული ტრანზაქციების განხორციელება. თუმცა ტიმ ჩენმა ამ კვირაში აქციები მიმდინარე საბაზრო ფასებში შეიძინა, რაც ყოველთვის პოზიტიურ სიგნალად აღიქმება.
ამჟამად ტიმი NerdWallet-ის 695,000-ზე მეტ აქციას ფლობს.
NerdWallet მომხმარებლებს უზრუნველყოფს ფინანსური რჩევებით და შემოსავალს ფინანსური პროდუქტების რეფერალური საკომისიოს მეშვეობით გამოიმუშავებს. შესაძლოა ინვესტორები ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი კომპანიის მიმართ, რადგან ეკონომიკაში ბევრი გაურკვევლობაა. ამასთან, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მომდევნო კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.
ტიმ ჩენის შესყიდვები ნამდვილად ზრდის იმის შანსს, რომ NerdWallet-ის ბიზნესი კარგად მუშაობს — ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა შემთხვევაში იგი აქციებს შეიძენდა. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინსაიდერული ტრანზაქციები თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია და ეს სიახლე მთელი საინვესტიციო თეზისის ჩამოსაყალიბებლად არ უნდა გამოვიყენოთ.
NerdWallet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.20-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NerdWallet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 91%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Semtech
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Semtech-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ნივთების ინტერნეტის (IoT) სისტემებისა და ქლაუდ კავშირის სერვისების კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 30 ივლისს დასრულდა, Semtech-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 13.9%-ით — $238.4 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.11 შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთი იყო — $237 მილიონი და $0.02.
Semtech-ის ქლაუდ მონაცემთა ცენტრის გაყიდვები, გასულ კვარტალთან შედარებით, 114%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტების სამომხმარებლო წმინდა გაყიდვები — 58%-ით.
Semtech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — პოლ პიკლმა, რომელმაც ეს თანამდებობა მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიკავა, კომპანიის ძლიერი მოგება ხარჯების დაზოგვის ინიციატივებს მიაწერა.
რაც შეეხება მომავალს, Semtech-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტლის წმინდა გაყიდვები $190-$210 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე — $0.22-$0.09-ს. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთია — $244 მილიონი და $0.11-ის ტოლი EPS.
Semtech-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $34.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Semtech-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ibex
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ibex-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები წარადგინა. გუშინ კი მომხმარებლების გამოცდილების აუთსორსინგ სპეციალისტის აქციების ფასი 25%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის დაკლებული.
ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, Ibex-ის შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 0.7%-ით — $124.43 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $125.89 მილიონი), ხოლო კორექტირებული მოგება $8.3 მილიონიდან $6.2 მილიონამდე შემცირდა, ანუ კორექტირებულმა EPS-მა $0.33 შეადგინა (პროგნოზი — $0.49). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება კი $4.5 მილიონს გაუტოლდა.
სუსტი კვარტალური ანგარიშის შემდეგ, RBC Capital Markets-მა Ibex-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგთ შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $27-დან $18-მდე შეამცირა.
რაც შეეხება მომავალს, Ibex-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში გაყიდვები $122-$125 მილიონს შეადგენს, რაც წლიდან წლამდე დაახლოებით 3.4%-იანი შემცირება იქნება. მთელი წლის განმავლობაში კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი $525-$535 მილიონს მიაღწევს. გასულ წელს გაყიდვებმა $523.1 მილიონი შეადგინა.
Ibex-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ibex-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 57%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Aclaris Therapeutics
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ბიოტექნოლოგიური კომპანიის — Aclaris Therapeutics-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული.
Stifel Financial-ის ანალიტიკოსმა — ალექს ტომპსონმა Aclaris Therapeutics-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი 25%-ით — $16-დან $20-მდე გაზარდა.
ზაფხულის თვეებში ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ წინ წაიწია თავისი წამყვანი საკვლევი მედიკამენტის — zunsemetinib-ის შემუშავების საქმეში. ეს პრეპარატი მიზნად ისახავს, რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტის საშუალო და მძიმე შემთხვევების მკურნალობას.
ამ პერიოდის განმავლობაში Aclaris Therapeutics-მა წარადგინა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებიც, რომლებმაც ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.
კიდევ უფრო გამამხნევებელი ფაქტი ის არის, რომ მენეჯმენტის განცხადებით, ივნისის ბოლოსთვის ბიოტექნოლოგიური კომპანიის ანგარიშზე თითქმის $211 მილიონის მოცულობის ნაღდი ფული, მისი ეკვივალენტები და ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები ჰქონდა. მენეჯმენტის პროგნოზით, ეს საკმარისია 2025 წლის ბოლომდე ოპერაციების დასაფინანსებლად.
Aclaris Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $8.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს და თითოეული მათგანი კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Aclaris Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 283.4%-იან ზრდას გულისხმობს.