• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 8, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის UiPath, Methode Electronics, G-III Apparel, Verint Systems და Calavo Growers.

UiPath

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, UiPath-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 47%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

UiPath რობოტული პროცესების ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტია. ამ ინდუსტრიისთვის რთული გარემოს პირობებში კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 19%-ით — $287.3 მილიონამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე — $282.1 მილიონზე უკეთესი აღმოჩნდა.

UiPath-ის წლიურმა განმეორებადმა შემოსავალმა (ARR) 25%-ით მოიმატა და $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც მოთხოვნის სოლიდურ გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

კომპანიის მთლიანი მარჟა კვლავ ძლიერია — 83%, კორექტირებული მარჟა კი — 86%. გარდა ამისა UiPath-ის კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.09-ს მიაღწია, რაც აღემატება როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.03-ს, ისე გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $0.02-ის ოდენობით ზარალს თითო აქციაზე.

UiPath

გარდა ამისა, UiPath-ის წარმომადგენლებმა $500 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსეს, რაც იმის ნიშანია, რომ, მენეჯმენტის აზრით, კომპანიის აქციები დაუფასებელია. $10 მილიარდის მოცულობის ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალის პირობებში ეს UiPath-ს საშუალებას მისცემს, თავისი აქციების დაახლოებით 5% გამოისყიდოს.

რაც შეეხება მომავალს, UiPath-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში შემოსავალი $1.273-$1.278 მილიარდს მიაღწევს, რაც 20.3%-იანი ზრდა იქნება (წინა პროგნოზი — $1.267-$1.272 მილიარდი). გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $188 მილიონს შეადგენს, რაც საგრძნობი ზრდაა წინა წლის იმავე კვარტლის შედეგთან — $69.2 მილიონთან შედარებით.

UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $23.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.2%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Methode Electronics

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Methode Electronics-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონიკის წარმოების სპეციალისტის აქციების ფასი 22%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლისთვის, რომელიც 2023 წლის 29 ივლისს დასრულდა, Methode-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2.6%-ით — $289.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $281.27 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ $2 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.06 იყო (პროგნოზი — $0.23).

Methode-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 1.5%-ით შემცირდებოდა რომ არა განათების გადაწყვეტების კომპანიის — Nordic Lights-ის ბოლო შესყიდვა. ამასთან, მენეჯმენტმა მოგების არასახარბიელო შედეგში დაადანაშაულა დაჩქარებული ხარჯების კომბინაცია, რომელიც პროგრამების ჩაშვებასთან და „ოპერატიულ არაეფექტურობასთან“ იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ ამერიკის ავტო ბიზნესში.

Methode Electronics

„ეს საოპერაციო გამოწვევები იდენტიფიცირებულია და მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმები უკვე არსებობს“, — განაცხადა Methode-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დონალდ დუდამ. „ნარჩენი ეფექტები კომპანიის მეორე კვარტალზეც იმოქმედებს და ელექტრო ველოსიპედების ბაზარზე დამატებით მნიშვნელოვან შესუსტებასთან ერთად, ეს არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც ამცირებს პროგნოზებს მთელი წლისთვის“.

უფრო კონკრეტულად, Methode-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი $1.14-$1.18 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $1.15-$1.20 მილიარდი). გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EPS $0.80-$1-ს გაუტოლდება, რაც ასევე ჩამორჩება წინა პროგნოზს — $1.55-$1.75.

Methode Electronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $23.30-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $53.00-ს, ხოლო მინიმალური — $38.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Methode Electronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 95%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

G-III Apparel

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, G-III Apparel-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტანსაცმლის ბრენდის სალიცენზიო კომპანიის აქციების ფასი 24%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 72%-ით არის გაუმჯობესებული.

ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის რთული გარემოს პირობებში, G-III-მა ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $659.8 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $587.83 მილიონს. კორექტირებულმა EPS-მა კი $0.40 შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $0.39). ეს შედეგი ბევრად აღემატებოდა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.003-ის ოდენობით ზარალს თითო აქციაზე.

ძლიერი წარმადობა განპირობებული იყო მარაგების მკვეთრი შემცირებით — ეს მაჩვენებელი 23%-ით დაეცა, რამაც ხელი შეუწყო მთლიანი მარჟის ზრდას. ეს უკანასკნელი 410 საბაზისო პუნქტით — 41.9%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება Hanesbrands-თან, Champion-ის ლიცენზირების მიზნით, რითაც თავის პორტფელს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი შემატა.

G-III Apparel

აღმასრულებელმა დირექტორმა — მორის გოლდფარბმა თქვა: „ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში კიდევ ერთხელ გადავაჭარბეთ ჩვენი შემოსავლისა და მოგების პროგნოზებს, ასევე მივაღწიეთ პროგრესს სტრატეგიული პრიორიტეტების მიმართულებით. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული წარმადობა კიდევ უფრო ადასტურებს G-III-ის უნარს, წარმატებით იმოქმედოს დინამიურ გარემოში“.

რაც შეეხება მომავალს, კომპანიამ პროგნოზები გაზარდა. მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში კორექტირებული EPS-ს $2.03-$2.13-ს შეადგენს, რაც გაცილებით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს —1.35$-ს.

მიმდინარე ფისკალური წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $3.3 მილიარდს მიაღწევს (2%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), ხოლო EPS — $3.20-$3.30-ს (ფისკალური 2023 წლის შედეგი — $2.85). ორივე მაჩვენებელი აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზებს.

Verint Systems

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Verint Systems-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მომხმარებელთა ჩართულობის გადაწყვეტების კომპანიის აქციების ფასი 19%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის დაკლებული.

Verint-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-ით შემცირდა და $210 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $225.09 მილიონი), ხოლო კორექტირებული EPS $0.48 იყო (პროგნოზი — $0.57).

Verint-ის კვარტალურ ანგარიშში ნათელი წერტილი ის იყო, რომ SaaS-დან (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) მიღებული კორექტირებული შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით — $113.7 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო SaaS წლიური განმეორებითი შემოსავალი (ARR) — 17%-ით.

Verint Systems

რაც შეეხება მომავალს, Verint-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს შემოსავალი დაახლოებით $910 მილიონს შეადგენს (პლუს-მინუს 2%), ძველი პროგნოზი კი $936 მილიონი იყო.

Verint Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verint Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Calavo Growers

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Calavo Growers-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.

Calavo Growers არის კომპანია, რომელიც დაფასოებულ ახალ ავოკადოს და სხვა საკვებ პროდუქტებს ყიდის.

კომპანიის ძველი, გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი — ლი კოული Calvo-ში ფისკალურ მეორე კვარტალში დაბრუნდა და მომგებიანობის აღდგენის პირობა დადო. მის შესასრულებლად ლის დიდი დრო არ დასჭირვებია და ბაზრის რეაქციამაც არ დააყოვნა.

Calavo Growers

მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 24%-ით — $260 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი ­— $280.78 მილიონი). Calavo-ს მთლიანმა მოგებამ $25 მილიონამდე მოიმატა, გასული წლის იმავე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი $18.5 მილიონს შეადგენდა. უფრო მეტიც, წმინდა მოგებას $1.3-დან $6.6 მილიონამდე გაიზარდა, ანუ EPS-მა $0.41-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.31).

Calavo Growers-ის მომგებიანობა წლიდან წლამდე მისი ავოკადოს ბიზნესის მოგების მარჟის მნიშვნელოვანი ზრდის გამო გაუმჯობესდა. ავოკადოს ფასები წლიდან წლამდე 38%-ით შემცირდა ამ პირობებში კი მზარდი მომგებიანობა ნამდვილად შესანიშნავი შედეგია.

Calavo Growers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $35.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Calavo Growers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა კი — ნეიტრალური რეიტინგი.

წინა

პიტერ ლინჩის ტოპ 5 საინვესტიციო რჩევა

შემდეგი

საინვესტიციო სტრატეგიები პორტფელის ღირებულების გასაზრდელად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო სტრატეგიები პორტფელის ღირებულების გასაზრდელად

საინვესტიციო სტრატეგიები პორტფელის ღირებულების გასაზრდელად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved