გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Brady Corporation, Novavax, Oracle, America’s Car-Mart და Manchester United.
Tesla
გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის — Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 137%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, Tesla-მ გასულ თვეში 84,159 ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილი გაყიდა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 9.3%-ით გაიზარდა. Model 3-ისა და Model Y-ის გაყიდვებმა ივლისიდან აგვისტომდე 30.9%-ით მოიმატა, რაც აჩვენებს, რომ კომპანიის ელექტრომობილებზე ძლიერი მოთხოვნაა როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ბაზრებზე, რომლებსაც შანხაის საწარმო ამარაგებს.
ციფრები აჩვენებს, რომ ავტომწარმოებლის ყველაზე ღირებულმა ქარხანამ წარმოების გამოწვევების გადალახვა და ტემპის გაზრდა შეძლო.
მართალია, ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრის ადგილობრივმა ლიდერმა — BYD-მა Tesla-ს აჯობა და აგვისტოში 274,086 ავტომობილი (გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელზე 57.5%-ით მეტი) აწარმოა, თუმცა BYD-ის ელექტრომობილები უფრო დაბალ ფასად იყიდება.
გარდა ამისა, Wall Street Journal-ის მოხსენების მიხედვით, Tesla ელექტრომობილების დასამუხტ სადგურებს აშენებდა უფრო იაფად და სწრაფად, ვიდრე მისი კონკურენტები. უპირატესობები სიჩქარისა და ხარჯების თვალსაზრისით კი კომპანიას დაეხმარა მილიონობით დოლარის მოცულობის ფედერალური გრანტის მოპოვებაში და ბაზარზე ხელსაყრელი პოზიციის დაკავებაში მაშინ, როდესაც ელექტრომობილების პოპულარობა სულ უფრო იზრდება.
შეერთებულ შტატებში ხუთი სწრაფი დამტენიდან სამი Tesla-ს ქსელს ეკუთვნის, რაც გვიჩვენებს, რომ კომპანია ამ რბოლაში ლიდერობს. ასეთი პოზიცია ხელს შეუწყობს მისი უპირატესობის გამყარებას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე. Piper Sandler-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ Tesla-ს შეუძლია მომავალ წელს, სუპერდამტენების საშუალებით, $885 მილიონის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშაოს, ხოლო ათწლეულში $10 მილიარდი ყოველწლიურად.
როგორც უკვე ვახსენეთ, მიმდინარე წელს Tesla-ს აქციების ფასი ორზე მეტჯერ გაიზარდა, რაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, სუპერდამტენების ქსელი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ელექტრომობილებისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი. აქციების ფასზე ასევე პოზიტიურად იმოქმედა Tesla-ს სტრატეგიამ, რომელიც, ბაზრის წილის გაზრდის მიზნით, ფასების შემცირებასა და მოგების გარკვეული ნაწილის „შეწირვას“ გულისხმობდა. ამავდროულად, კომპანია ძლიერ ზრდას განაგრძობს, რადგან ელექტრომობილები ტრადიციული წვის მანქანებს ბაზრის წილს ართმევენ.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $256.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $257.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $350.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.33-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Brady Corporation
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Brady Corporation-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის გაუმჯობესებული.
Brady Corporation საიდენტიფიკაციო და მონიტორინგის გადაწყვეტების მიმწოდებელია. გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 6.8%-ით — $345.9 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $329.2 მილიონს. შემოსავალი 4.4%-ით გაუმჯობესდა ამერიკისა და აზიის რეგიონში, ხოლო 11.5%-ით — ევროპასა და ავსტრალიაში.
მთლიანი მარჟა კვარტალში 50.4%-დან 50.8%-მდე გაიზარდა, რადგან მენეჯმენტი კარგად გაუმკლავდა ხარჯების მართვას. ამან ხელი შეუწყო კორექტირებული EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) მატებას 19.5%-ით — $1.04-მდე (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.93).
Brady Corporation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — რასელ შალერმა განაცხადა: „წელს ორივე რეგიონი კარგი წარმადობით ხასიათდებოდა — მთლიანი ორგანული გაყიდვები 5.5%-ით გაიზარდა, ასევე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ოპერაციულ შემოსავლებში. Brady Corporation-ს აქვს საინტერესო ახალი პროდუქტები, ჩვენს რეგიონულ რეორგანიზაციას ბიზნესისთვის სარგებელი მოაქვს და მომავალ ფისკალურ წელს პოზიტიური იმპულსით ვიწყებთ“.
გარდა ამისა, კომპანიამ დამატებით $100 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დაამტკიცა.
რაც შეეხება მომავალს, Brady Corporation-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ახალ ფისკალურ წელს კორექტირებული EPS 5.8%-12.6%-ით — $3.85-$4.10-მდე გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.84-ს აჭარბებს.
Novavax
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის გავრცელების შემდეგ, ბიოტექნოლოგიური კომპანიის — Novavax-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის შემცირებული.
სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პირველ ლედის — ჯილ ბაიდენს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. Novavax არის ერთ-ერთი იმ სამი კომპანიიდან, რომლის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ არის დამტკიცებული, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ სიახლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
Novavax-ის Nuvaxovid-ის გარდა აშშ-ში FDA-ს მიერ კიდევ დამტკიცებულია Moderna-ს Spikevax და Comirnaty, რომელიც Pfizer-მა და მისმა გერმანიაში დაფუძნებულმა პარტნიორმა — BioNTech-მა შეიმუშავა.
თეთრმა სახლმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, მისი წარმომადგენლების თქმით პირველ ლედის მსუბუქი სიმპტომები აქვს, ხოლო პრეზიდენტის ტესტზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
სიახლე გავრცელდა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ Covid-19 ბრუნდება, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტებით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვლილების რაოდენობა პანდემიის მაჩვენებლებს ბევრად ჩამორჩება.
Novavax-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $41.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novavax-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 176.20%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, არცერთმა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Oracle
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის — Oracle-ის აქციების ფასი 2.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 48%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Barclays-ის ანალიტიკოსმა — რაიმო ლენშოუმ Oracle-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $126-დან $150-მდე გაზარდა.
სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, რაიმო თვლის, რომ Oracle-ის შედარებით ახალ, შემდეგი თაობის სერვისებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. ამის აღნიშვნისას მან ხაზი გაუსვა კომპანიის SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) და OCI (Oracle-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურა) შეთავაზებებს.
Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $130.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
America’s Car-Mart
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, America’s Car-Mart-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი მეორეული ავტომობილების დილერის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 40%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში America’s Car-Mart-ის შემოსავალმა $368 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $352.13 მილიონი), ხოლო EPS წლიდან წლამდე 70%-ით — $0.63-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.91).
აქციონერებისთვის წარდგენილ ანგარიშში America’s Car-Mart-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა შემოსავლების ძლიერ ზრდას. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 8.6%-ით გაიზარდა ერთეულის გაყიდვების მხოლოდ 2.4%-იანი ზრდის ფონზე. მოგების სუსტი შედეგი კი კომპანიის წარმომადგენლებმა საკრედიტო შედეგების უარყოფით გავლენას მიაწერეს.
მთლიანი მოგება თითო გაყიდულ ავტომობილზე 3.7%-ით — $6.768-მდე გაიზარდა. თუმცა, America’s Car-Mart-ის მენეჯმენტმა კომპანიის მიერ გაცემული სესხებზე მოსალოდნელი ზარალის მოცულობა 500 საბაზისო პუნქტით — 30.9%-მდე გაზარდა, ხოლო გადაუხდელი სესხების ჩამოწერა 70 საბაზისო პუნქტით —გაყიდვების 5.8%-მდე.
Manchester United
Manchester United-ის მფლობელმა აქციონერებმა კომპანიის ყიდვით დაინტერესებული მხარეებისგან სასურველი შეთავაზება ვერ მიიღეს. ინვესტორები კი ამით იმედგაცრუებულნი არიან და, შედეგად, გუშინ ინგლისური საფეხბურთო კლუბის აქციების ფასი 18%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის დაკლებული.
გასული წლის ნოემბერში გლეიზერების ოჯახმა, რომელიც საფეხბურთო გუნდის უკან მდგომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) სიაში არსებულ კომპანიას აკონტროლებს, Manchester United-ის გაყიდვის ხელსაყრელი ვარიანტების გამოსაკვლევად ბანკირები დაიქირავა.
სულ მცირე ორი რეალური პრეტენდენტი გამოჩნდა, მაგრამ თუ გუშინ გავრცელებული სიახლით ვიმსჯელებთ, გლეიზერები ვერცერთმა შეთავაზებამ ვერ მოხიბლა. The Daily Mail-ის ცნობით, Manchester United-ის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც პრეტენდენტებმა კლუბის მიერ მოთხოვნილი ფასის — 10 მილიარდი ფუნტის ($12.58 მილიარდი) დაკმაყოფილება ვერ შეძლეს.
გასულ შემოდგომაზე, როდესაც კომპანიის გაყიდვის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა, მისი აქციების ფასი 60%-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ახლაც გაცილებით აჭარბებს ნიშნულს, რომელსაც Manchester United-ის აქციები ამ სიახლეების გავრცელებამდე აღწევდა.
The Daily Mail-ის მოხსენების თანახმად, შესაძლოა გლეიზერებმა კიდევ სცადონ კლუბის გაყიდვა მომდევნო წლებში, იმ იმედით, რომ უფრო სტაბილური ეკონომიკური გარემო დამატებით მსურველებს მოიზიდავს.
Manchester United-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $26.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Manchester United-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.8%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.