გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Target, Alibaba, GigaCloud Technology, Jack Henry და Coherent.
Target
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Target-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 15%-ზე მეტით არის შემცირებული.
გარემოში, სადაც სამომხმარებლო ხარჯები საქონლიდან მომსახურებაზე გადავიდა და შემცირდა დისკრეციული საქონლის გაყიდვები, Target-მა მოახერხა მოგების პროგნოზების გადაჭარბება, მაგრამ გაყიდვები სუსტი იყო.
ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) კვარტალში 5.4%-ით დაეცა დისკრეციულ კატეგორიებში ცუდი წარმადობის გამო. მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 4.9%-ით — $24.8 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.2 მილიარდს. შეკვეთის ერთდღიანი შესრულების სერვისები 4%-ით გაიზარდა.
Target-მა შეამცირა მარაგები 17%-ით და 25%-ით დისკრეციულ კატეგორიებში, რამაც ხელი შეუწყო მთლიანი მარჟის 21.5%-დან 27%-მდე გაზრდას.
საოპერაციო მარჟა 3.6 პროცენტული პუნქტით — 4.8%-მდე გაუმჯობესდა და კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.39-დან $1.80-მდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.39).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან კორნელიმ განაცხადა: „Target-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები ნათლად ასახავს გუნდის საზრიანობასა და ჩვენი ბიზნეს მოდელის გამძლეობას, რადგან დავაფიქსირეთ მოსალოდნელზე უკეთესი მომგებიანობა გაყიდვების მოსალოდნელზე სუსტ პირობებში“.
რაც შეეხება მომავალს, Target-ის მენეჯმენტი წლის მეორე ნახევრისთვის გაყიდვების საშუალო ერთნიშნა კლებას მოელის და მათ კორექტირებული EPS-ის პროგნოზი $7.00-$8.00-დან $7.75-$8.75-მდე შეამცირეს. მესამე კვარტლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ comps შემცირდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.20-$1.60-ს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.84-ს ჩამოუვარდება.
Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $158.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $195.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 12-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის გავრცელების შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის — Alibaba-ს აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 3%-ზე მეტით არის დაკლებული.
გუშინ დილით Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alibaba გეგმავს, თავისი DingTalk საოფისე საკომუნიკაციო პლატფორმა კომპანიის ღრუბლოვანი განყოფილებისგან გამოყოს. DingTalk არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გარკვეულწილად მოგაგონებთ პოპულარულ Slack-ს, რომელსაც ამჟამად აშშ-ის მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის (CRM) სპეციალისტი — Salesforce ფლობს.
Alibaba მომავალი წლის მაისისთვის თავისი ქლაუდ ბიზნესის განყოფილების საწყის საჯარო შეთავაზებას (IPO) გეგმავს. სავარაუდოდ, ეს იქნება პირველი Alibaba-ს ახლახან შექმნილი ექვსი ძირითადი ბიზნეს განყოფილებიდან, რომელიც IPO-ს განახორციელებს.
Alibaba-მ კვარტალური ანგარიში 1 კვირის წინ, 10 აგვისტოს წარადგინა. კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $32.3 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $31.2 მილიარდს. ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში კომპანიისთვის ეს ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი იყო.
Alibaba-მ ბიზნესის სტრუქტურის რეორგანიზაცია განახორციელა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი, რომელმაც ბიზნესი ექვს ქვეჯგუფად დაყო, შედეგიანია. მისი Taobao-სა და Tmall-ის ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ჯგუფის შემოსავალი 12%-ით — $15.9 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ელექტრონული კომერციის, ადგილობრივი სერვისების, ლოჯისტიკისა და ციფრული მედიის ზრდა ასევე ძლიერი იყო, თითოეული სეგმენტის შემოსავალმა 30%-ით ან მეტით მოიმატა.
Alibaba-ს მოგების უმეტესი ნაწილი კვლავ Taobao-სა და Tmall-ზე მოდის და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კორექტირებული კვარტალური საოპერაციო მოგება წლიდან წლამდე 43%-ით — $952 მილიონამდე გაიზარდა. კორექტირებულმა EPS-მა 48%-ით მოიმატა და $2.40-შეადგინა, რაც უსწრებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.02-ს.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $89.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $141.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $183.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GigaCloud Technology
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, GigaCloud Technology-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი B2B ელექტრონული კომერციის სპეციალისტის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 112%-ით არის გაუმჯობესებული.
GigaCloud Technology-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის 24%-ით გაიზარდა და $153 მილიონს გადააჭარბა. ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $136 მილიონს. ეს მოხდა მთლიანი სასაქონლო მოცულობის (GMV) 32%-იანი ზრდის ფონზე. GMV-მ თითქმის $608 მილიონი შეადგინა. გარდა ამისა, კომპანიამ გააოთხმაგა თავისი წმინდა მოგება — $18 მილიონამდე, ანუ EPS-მა $0.45-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.25).
კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ROTH MKM-ის ანალიტიკოსმა — მეთ კორანდამ GigaCloud Technology-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $13-დან $16-მდე გაზარდა.
რაც შეეხება მომავალს, ჩინეთში დაფუძნებული კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, მესამე კვარტალში შემოსავალი $162-$167 მილიონს მიაღწევს. ეს დიაპაზონი საგრძნობლად აჭარბებს 2022 წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $124 მილიონს.
Jack Henry
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Jack Henry-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 11%-ზე მეტით არის დაკლებული.
Jack Henry-მ ფისკალური 2023 წელი მაღალ ნოტაზე დაასრულა. კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის შემოსავალი — 7%-ით.
ჯავშნების თვალსაზრისით Jack Henry-ისთვის ეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი კვარტალი იყო. ასეთი შედეგი მოჰყვა რეკორდს, რომელიც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირდა. Jack Henry-მ ხელშეკრულება გააფორმა 63 ახალ კლიენტთან თავის ციფრულ პლატფორმაზე სახელწოდებით Banno, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს შესთავაზონ მეტი არჩევანი და კონტროლი მათ ფინანსურ მონაცემებზე.
თუმცა, ფისკალურ 2024 წელს უფრო მაღალი მარჟის მოლოდინის მიუხედავად, მენეჯმენტი მოელის, რომ EPS $4.92-$4.99-ს შეადგენს. ეს დიაპაზონი ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.32-ს.
Jack Henry-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $170.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $153.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Jack Henry-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coherent
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Coherent-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ლაზერული ტექნოლოგიების სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 5%-ზე მეტით არის დაკლებული.
Coherent-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 36%-ით გაიზარდა და $1.21 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.15 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS 29%-ით — $0.41-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.38).
რაც შეეხება მომავალს, Coherent-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $1-$1.1 მილიარდს შეადგენს. ეს დიაპაზონი ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.17 მილიარდს. ამასთან, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.05-$0.20 იქნება, რაც ასევე ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.45-ს.
რაც შეეხება მთლიან წელს, Coherent-ის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $4.5-$4.7 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $1-$1.50-ს. ანალიტიკოსების პროგნოზები, შესაბამისად, ასეთია: $5.1 მილიარდი და $2.95. შედარებისთვის, ბოლო ფისკალურ წელს Coherent-მა $5.16 მილიარდის მოცულობის შემოსავალი და $3-ის ტოლი კორექტირებული EPS გამოიმუშავა.
Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $49.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $63.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coherent-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.