გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Walt Disney, Alibaba, FutureFuel, Carrols Restaurant Group და CyberArk Software.
Walt Disney
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Walt Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 3%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ მესამე კვარტალში Walt Disney-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $22.3 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.5 მილიარდს. კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 6%-ით შემცირდა და $1.03 შეადგინა (პროგნოზი — $0.95).
სეგმენტის საოპერაციო შემოსავალი, რომელიც $2.65 მილიარდის მოცულობის რესტრუქტურიზაციისა და აქტივთა გაუფასურების ხარჯებს გამორიცხავს, $3.56 მილიარდი იყო. კომპანიის მედიისა და გართობის განყოფილების შემოსავალი 1%-ით — $14 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო საოპერაციო შემოსავალმა 18%-ით დაიკლო და $1.13 მილიარდი შეადგინა. პარკების, გამოცდილებებისა და პროდუქტების განყოფილებაში წარმადობა უფრო ძლიერი იყო, შემოსავალი 13%-ით — $8.32 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საოპერაციო შემოსავალი 11%-ით — $2.4 მილიარდამდე.
პირდაპირ მომხმარებლებზე მიმართული (როდესაც ბრენდი ან მწარმოებელი საკუთარ პროდუქტს საბოლოო მომხმარებელზე ყიდის) გაყიდვები 9%-ით — $5.5 მილიარდამდე გაიზარდა და ამ სეგმენტში ზარალი $1.06 მილიარდიდან (გასული წლის იმავე კვარტალში) $512 მილიონამდე შემცირდა, რაც მოსალოდნელზე უკეთესი შედეგია. შემოსავალი და მოგება დაეცა ხაზოვანი ქსელების მიმართულებაში, რომელიც ტრანსლაციას და საკაბელო ტელევიზიას მოიცავს.
Disney+-ს 800,000 გამომწერი დაემატა და მთლიანმა რაოდენობამ 105.7 მილიონი შეადგინა (ამ მაჩვენებელში გათვალისწინებული არ არის Disney+ Hotstar-ის გამომწერები), რაც მოკრძალებულ ზრდას წარმოადგენს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ბობ იგერმა განაცხადა: „ჩვენი შედეგები ამ კვარტალში ასახავს იმას, რასაც მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ტრანსფორმაციის გზით, რომელსაც Disney-ში კომპანიის რესტრუქტურიზაციისთვის, ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და ჩვენს ბიზნეს ცენტრში კრეატიულობის აღდგენის მიზნით ვახორციელებთ“.
ამასთან, Disney-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სტრიმინგ სერვისებზე ფასების გაზრდას აპირებს: ურეკლამო Disney-ზე $11-დან $14-მდე, ხოლო Hulu-ს ურეკლამო ვერსიაზე 20%-ით — 18$-მდე.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $92.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $112.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $146.00-ს, ხოლო მინიმალური — $76.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alibaba-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 8%-ით არის მომატებული.
Alibaba-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $32.3 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $31.2 მილიარდს. ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში კომპანიისთვის ეს ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი იყო.
Alibaba-მ ბიზნესის სტრუქტურის რეორგანიზაცია განახორციელა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი, რომელმაც ბიზნესი ექვს ქვეჯგუფად დაყო, შედეგიანია. მისი Taobao-სა და Tmall-ის ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ჯგუფის შემოსავალი 12%-ით — $15.9 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ელექტრონული კომერციის, ადგილობრივი სერვისების, ლოჯისტიკისა და ციფრული მედიის ზრდა ასევე ძლიერი იყო, თითოეული სეგმენტის შემოსავალმა 30%-ით ან მეტით მოიმატა.
Alibaba-ს მოგების უმეტესი ნაწილი კვლავ Taobao-სა და Tmall-ზე მოდის და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კორექტირებული კვარტალური საოპერაციო მოგება წლიდან წლამდე 43%-ით — $952 მილიონამდე გაიზარდა. კორექტირებულმა EPS-მა 48%-ით მოიმატა და $2.40-შეადგინა, რაც უსწრებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.02-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — დანიელ ჯანგმა განაცხადა: „Alibaba-მ სოლიდური კვარტალური შედეგები დააფიქსირა, იმის ფონზე, რომ ვაგრძელებთ რეორგანიზაციას, რომელიც ჩვენს ბიზნესში ახალი ენერგიის გაღვივებას იწყებს“.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $99.20-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $183.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 44%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
FutureFuel
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, FutureFuel-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 11%-ით არის დაკლებული.
ფისკალურ მეორე კვარტალში ქიმიკატებისა და ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 28%-ით — $85.3 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ზარალი თითო განზავებულ აქციაზე გასამმაგდა და $0.23 შეადგინა.
მენეჯმენტმა მოგების შემცირება განცალკევებული RIN-ების (განახლებადი საიდენტიფიკაციო ნომრები) გაყიდვის ვადას მიაწერა. RIN წარმოადგენს სახელმწიფო კრედიტებს, რომლებიც გენერირებულია ყოველ ჯერზე, როდესაც ერთი გალონი განახლებადი საწვავი იწარმოება ისეთი კომპანიის მიერ, როგორიცაა FutureFuel. თუმცა მენეჯმენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ეს RIN-ები ივლისში, მეორე კვარტლის დასრულების შემდეგ გაიყიდა, ისინი $19.5 მილიონს დაამატებს კომპანიის მესამე კვარტლის შედეგებს.
ეს გარკვეულწილად ხსნის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ კლებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ $19.5 მილიონის გათვალისწინების შემთხვევაშიც, მეორე კვარტალში გაყიდვები წლიდან წლამდე 11%-ით შემცირდებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მენეჯმენტი მომავალ კვარტალში უკეთეს შედეგებს მოელის, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენიათ.
მენეჯმენტმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისი ქიმიური, ასევე ბიოდიზელის მარჟა წელს ძლიერი იყო და კომპანიის ბიოდიზელის ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს.
Carrols Restaurant Group
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Carrols Restaurant Group-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 13%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 392%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Carrols Restaurant Group Burger King-ის ყველაზე დიდი ფრანჩაიზია აშშ-ში. კომპანიამ თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კვარტალური შედეგები წარადგინა. შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს — $485 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $475 მილიონი), ხოლო ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) ზრდამ 10.5% შეადგინა.
მეტმა შეკვეთამ მაღალი მარჟები გამოიწვია. შედეგად გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებული კორექტირებული წმინდა ზარალი $17 მილიონის მოცულობის მოგებად იქცა, ანუ EPS-მა $0.27 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.05). ზრდა დაბალანსებული იყო კომპანიის ფრანჩაიზებში. Carrols-ის Burger King-ის რესტორნების comps-ის ზრდამ 10.4% შეადგინა, ხოლო კომპანიის Popees-ის ლოკაციებისთვის ამ მაჩვენებელმა 11.6%-ს მიაღწია.
Carrols Restaurant Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და ყველა მათგანი აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $7.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carrols Restaurant Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს.
CyberArk Software
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, CyberArk Software-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 28$-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
იდენტობაზე ფოკუსირებული კიბერუსაფრთხოების კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 24%-ით — $175.8 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $173.46 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ კი $1.3 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.03 იყო (პროგნოზი — $-0.13).
CyberArk-ის მთლიანი შემოსავლის ზრდა განპირობებული იყო გამოწერებიდან მიღებული შემოსავლის 61%-იანი მატებით $106.2 მილიონამდე, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ტექნიკური მომსახურებისა და პროფესიული სერვისების მიმართულების შემოსავლის 1%-იანი და მუდმივი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლის 53.6%-იანი კლებით $5.1 მილიონამდე. გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი ახლა CyberArk-ის მთლიანი წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) 69%-ს შეადგენს, რომელიც 77%-ით გაიზარდა $451 მილიონამდე.
რაც შეეხება მომავალს, CyberArk-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ სრული 2023 წლისთვის შემოსავალი $726-$736 მილიონს შეადგენს, რაც 23%-24%-იანი ზრდა იქნება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.44-$0.63-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $0.16-$0.38).
CyberArk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $183.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CyberArk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.2%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.