• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 3, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Generac, Pinterest, Vita Coco, SolarEdge Technologies და e.l.f. Beauty.

Generac

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Generac-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 24%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაზრდილი.

Generac სახლებისა და კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელ გენერატორებს აწარმოებს. მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 23%-ით — $1 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $977.1 მილიონს.

საცხოვრებელი პროდუქციის გაყიდვები 44%-ით — $499 მილიონამდე შემცირდა, ხოლო კომერციული და სამრეწველო გაყიდვები 24%-ით გაიზარდა და $384 მილიონი შეადგინა. მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ, სახლის კეთილმოწყობის გაყიდვების შენელების გამო, სამომხმარებლო გარემო მოსალოდნელზე სუსტი იყო.

მთლიანი მარჟა 35.4%-დან 32.8%-მდე შემცირდა. ამან და საოპერაციო ხარჯების უმნიშვნელო ზრდამ EBITDA-ს (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $271-დან $137-მდე შემცირება განაპირობა.

Generac

კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.08 შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $2.86). ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.15.

აღმასრულებელმა დირექტორმა — აარონ იაგდფელდმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოლოდინები სამომხმარებლო გარემოს მიმართ ახლა უფრო რბილია, ვიდრე — ადრე, ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი მეგა-ტენდენციები, რომლებიც სარეზერვო ენერგეტიკული გადაწყვეტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას განაპირობებს, ისეთი მყარია, როგორც არასდროს“.

რაც შეეხება მომავალს, Generac-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები შეამცირა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ შემოსავალი 10%-12%-ით შემცირდება (წინა პროგნოზი — 6%-10%-იანი კლება).

Generac-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $116.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $189.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Generac-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Pinterest

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Pinterest-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 22%-ით არის მომატებული.

მეორე კვარტალში Pinterest-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-ით — $708 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $696 მილიონს.

კომპანიის მომხმარებელთა ბაზა ასევე განაგრძობდა აღდგენას პოსტ-პანდემიური ვარდნის შემდეგ, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა 8%-ით — 465 მილიონამდე გაიზარდა. მომხმარებლების რაოდენობამ Pinterest-ის სამივე გეოგრაფიულ რეგიონში მოიმატა: ჩრდილოეთ ამერიკაში 3%-ით — 95 მილიონამდე, ევროპაში 6%-ით — 124 მილიონამდე და დანარჩენ მსოფლიოში 10%-ით — 246 მილიონამდე.

Pinterest

ჩრდილოეთ ამერიკელი მომხმარებლები პლატფორმისთვის კვლავ ყველაზე ღირებულები არიან, თითო მომხმარებელზე საშუალო შემოსავალი (ARPU) $5.92-ს შეადგენს, დანარჩენ ორ რეგიონში ეს მაჩვენებელი $1.00-ზე ნაკლებია.

Pinterest-ის კორექტირებული EBITDA წლიდან წლამდე 16%-ით — $107 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.11-დან $0.21-მდე მოიმატა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.12-ს.

Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Vita Coco

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, სასმლის მწარმოებელმა — Vita Coco-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ით არის გაზრდილი.

Vita Coco-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით — $139.6 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $129.3 მილიონს.

გარდა ამისა, კომპანიის მთლიანი მარჟა 11 პროცენტული პუნქტით — 37%-მდე გაიზარდა წინა წელთან შედარებით ტრანსპორტირების დაბალი ხარჯების, მაღალი ფასების და გაყიდვების ზრდის გამო. ამავდროულად, გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 25%-ით გაიზარდა და $30 მილიონი შეადგინა.

Vita Coco

კორექტირებული EBITDA $7 მილიონიდან $24 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.02-დან $0.31-მდე მოიმატა, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.18-ს.

რაც შეეხება მომავალს, Vita Coco-ს მენეჯმენტმა წლის პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ გაყიდვები 10%-12%-ით გაიზრდება, ხოლო მთლიანი მარჟა 35%-37%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მენეჯმენტმა EBITDA-ს პროგნოზები $54-$59 მილიონიდან $56-$60 მილიონამდე გაზარდა.

Vita Coco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $29.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $26.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Vita Coco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

SolarEdge Technologies

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, SolarEdge Technologies-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 18%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის დაკლებული.

მზის ენერგიის კომპანიის შემოსავალმა $991.3 მილიონი შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $727.8 მილიონი) და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $992.39 მილიონს. მისი კორექტირებული მთლიანი მარჟა 5 პროცენტულ პუნქტზე მეტით — 32.7%-მდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა $191 მილიონი შეადგინა. SolarEdge-მა დააფიქსირა $88.7 მილიონის ოდენობით ფულადი სახსრების ზარალი ოპერაციებიდან, რაც ნაწილობრივ მარაგების $110 მილიონამდე ზრდით იყო განპირობებული.

EPS-მა $2.79 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.53-ს.

SolarEdge Technologies

რაც შეეხება მომავალს, SolarEdge-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $880-$920 მილიონს მიაღწევს, კორექტირებული მთლიანი მარჟა — 28%-31%-ს, ხოლო კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $115-$135-ს.

SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $195.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $336.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $274.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 72%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

e.l.f. Beauty

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, e.l.f. Beauty-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კოსმეტიკის ბრენდის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 141%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში e.l.f.-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 76%-ით — $216.3 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $184.58 მილიონს. EPS-მა დაახლოებით 180%-ით — $1.1-მდე მოიმატა (პროგნოზი — $0.57).

გასული წლის განმავლობაში e.l.f.-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმპულსი დაიწყო პანდემიის შემდეგ ეკონომიკის ხელახალი გახსნით და მენეჯმენტმა ეს გარემოება ჭკვიანური მარკეტინგული ტაქტიკების დასანერგად გამოიყენა.

e.l.f

კომპანიამ ბაზრის წილი კვარტალში 260 საბაზისო პუნქტით გაზარდა. e.l.f. იყო ერთადერთი კოსმეტიკური ბრენდი, რომელმაც ბოლო 18 კვარტლის მანძილზე ბაზრის წილის გაზრდა შეძლო. მენეჯმენტი თვლის, რომ კომპანია ჯერ კიდევ ზრდის ადრეულ ეტაპზეა.

e.l.f-ის საერთაშორისო გაყიდვები 79%-ით გაიზარდა, რაც დიდ ბრიტანეთში და კანადაში მოთხოვნით არის გამოწვეული. მენეჯმენტი უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიის გზებს ეძებს.

e.l.f-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $133.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $134.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $163.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი e.l.f-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას აგვისტოდან?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved