გასული კვირის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ძალიან საინტერესო სიახლეები, რომლებმაც კომპანიების აქციების ფასებზე იმოქმედა. დღეს სწორედ წინა კვირას განვიხილავთ და ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის C3.ai, Trip.com, Smartsheet, RH და ABM Industries.
C3.ai
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში C3.ai-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 153%-ით არის გაუმჯობესებული.
C3.ai არის წამყვანი AI (ხელოვნური ინტელექტი) პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი, რომელიც საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას უწყობს ხელს. კომპანიამ კვარტალური ანგარიში გასულ კვირაში, 6 სექტემბერს წარადგინა. ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლისთვის, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, C3.ai-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 11%-ით — $72.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $71.56 მილიონი). ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება ეს პოზიტიურ ნიშნად მიიღოს, თუმცა თუ კვარტალურ ანგარიშს უფრო ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის.
მთლიანმა მოგებამ კვარტალში $40.5 მილიონი შეადგინა, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $46.9 მილიონს შეადგენდა. ამ ვარდნაზე გავლენა იქონია C3.ai-ის გაყიდვებისა და მარკეტინგულმა ხარჯებმა, რომლებმაც $43.9 მილიონი შეადგინა.
კომპანიის სხვა საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით C3.ai-მ კვარტალში $74 მილიონის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა, რამაც 100%-ზე მაღალი უარყოფითი საოპერაციო მარჟა გამოიწვია. ზარალმა თითო აქციაზე $0.09 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $-0.17).
C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.7%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Trip.com
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში Trip.com-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია, მხოლოდ 0.5%-ით არის გაუმჯობესებული.
მოგზაურობის პლატფორმის წამყვანმა ჩინურმა პროვაიდერმა მეორე კვარტალში დააფიქსირა ძლიერი ზრდა, რაც შიდა და საერთაშორისო მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში მოგზაურობები კვლავ აღდგენის რეჟიმშია, კომპანიის პერსპექტივები მყარია.
Trip.com-ის კვარტალური წარმადობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კომპანიის აქციების გაყიდვის რეალური მიზეზი არ არსებობს. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე Trip.com-ის აქციების ფასი იზრდებოდა, ამიტომ, როგორც ჩანს, კომპანიის აქციების ფასის ცვლილების ისტორიული ნიმუშის გათვალისწინებით, ეს ნორმალური ცვალებადობაა.
კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე მკვეთრად — 180%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — 29%-ით. აღმასრულებელი დირექტორი — ჯეინ სუნი თვლის, რომ Trip.com მზადაა, ლიდერი ინდუსტრიის აღდგენის საქმეში გახდეს და ხაზს უსვამს სამუშაო შესაძლებლობების სიმრავლეს, კომპანიის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად.
ამ კომენტარებისა და შემოსავლების ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, კომპანიის იმპულსი ბაზარზე სათანადოდ არ არის დაფასებული.
Trip.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს და კომპანიის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $50.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.20-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trip.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42%-იან ზრდას წარმოადგენს.
Smartsheet
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Smartsheet-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 10%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Smartsheet ქლაუდზე დაფუძნებული წამყვანი პლატფორმაა, რომელიც სამუშაო პროცესების მართვას უწყობს ხელს. კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 26%-ით — $235.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $229.57 მილიონი). წმინდა მოგებამ $22 მილიონი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.16 იყო (პროგნოზი — $0.08).
აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ მადერმა თქვა, რომ კომპანიამ ადვილად გადააჭარბა ყველა პროგნოზს. მან ხაზი გაუსვა პლატფორმის მასშტაბურობას, რაც ზრდის მოთხოვნას საწარმოებისგან, რომლებიც სამუშაო პროცესების მოსაწესრიგებლად შესაბამის გადაწყვეტებს ეძებენ.
კონტრაქტის საშუალო ღირებულებები (ACV) თითო მომხმარებელზე 17%-ით — $8,863-მდე გაიზარდა, ხოლო იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთა ACV მინიმუმ $100,000-ს შეადგენს — 36%-ით, 1,665-მდე. Smartsheet-ის წმინდა შენარჩუნების მაჩვენებელი 121% იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებულმა მომხმარებლებმა პირველი წლის შემდეგ, კომპანიის გადაწყვეტებზე საშუალოდ 21%-ით მეტი დახარჯეს.
რაც შეეხება მომავალს, Smartsheet-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $950-$953 მილიონს შეადგენს, რაც კომპანიის წინა პროგნოზს — $943-$948 მილიონს აღემატება. გარდა ამისა, Smartsheet-ში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.53-$0.57-ს შეადგენს (უოლ სტრიტის მოლოდინი — $0.42), რაც ასევე აჭარბებს ძველ პროგნოზს — $0.37-$0.44-ს.
Smartsheet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $43.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $59.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Smartsheet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
RH
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, RH-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 22%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
RH არის კომპანია, რომელიც ავეჯის საცალო მოვაჭრის — Restoration Hardware-ის უკან დგას. RH-ის კვარტალურმა შემოსავალმა და მოგებამ პროგნოზებს გადააჭარბა, მაგრამ მენეჯმენტმა განაცხადა, რომ უფრო მაღალი იპოთეკური განაკვეთები და სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორები, სავარაუდოდ, მომავალ კვარტლებში ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლების ბაზარზე გავლენას იქონიებს.
მეორე კვარტალში RH-ის შემოსავალმა $800 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $777.8 მილიონი), ხოლო EPS-მა — $3.93 (პროგნოზი — $2.56). გასული წლის იმავე კვარტალში შემოსავალი $992 მილიონი იყო. საოპერაციო მარჟა 18.9%-მდე შემცირდა (წინა წლის იმავე პერიოდში — 23.6%). მაგრამ ინვესტორები ბიზნესზე გარკვეულ ზეწოლას უკვე ელოდნენ.
RH-ის მენეჯმენტმა აქციონერებისთვის განკუთვნილ წერილში განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, ძვირადღირებული საცხოვრებლების ბაზარი და უფრო ფართო ეკონომიკა მთელი ფისკალური 2023-ის და მომავალი წლის განმავლობაში გამოწვევებით აღსავსე დარჩება. შედეგად, RH-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $740-$760 მილიონს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $772 მილიონი). თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, RH-ში პროგნოზირებენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანიის გაყიდვები $5-$6 მილიარდამდე გაიზრდება და გლობალურად — $25 მილიარდამდე.
RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $311.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $371.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ABM Industries
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ABM Industries-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 12%-ზე მეტით არის შემცირებული.
ABM სთავაზობს მორგებულ გადაწყვეტებს ურბანულ, საგარეუბნო და სასოფლო არეალებში ყველა ზომის დაწესებულებას — სკოლებითა და კომერციული შენობებით დაწყებული, საავადმყოფოებით, მონაცემთა ცენტრებით, საწარმოო ქარხნებითა და აეროპორტებით დამთავრებული.
იმ სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, ABM-მა $2.03 მილიარდზე ოდნავ ნაკლები შემოსავალი გამოიმუშავა (წლიდან წლამდე 3%-იანი ზრდა) და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.01 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, კორექტირებული წმინდა მოგება $63-დან $53 მილიონამდე შემცირდა, ანუ კორექტირებული EPS $0.79 იყო (პროგნოზი — $0.89).
გარდა ამისა, დივიდენდ მეფის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მომდევნო კვარტალური დივიდენდი $0.22-ის ტოლი იქნება და მას 6 ნოემბერს მიიღებენ ის ინვესტორები, რომლებიც 5 ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა სიაში იქნებიან.
რაც შეეხება მომავალს, ABM-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალური 2023 წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $3.40-$3.50-ს შეადგენს, თუმცა ეს დიაპაზონი ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.52-ს.
ABM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.30-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $41.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ABM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.