პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Marvell Technology, MongoDB და Dell Technologies.
Marvell Technology
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Marvell Technology-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ნახევარგამტარების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის გაუმჯობესებული.
ქსელური პორტფელისა და მორგებული ASIC (სპეციფიკური ინტეგრირებული ჩიპი აპლიკაციისთვის) ბიზნესის წყალობით, ბოლო პერიოდში ინვესტორები Marvell-ის მიმართ პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის (AI) რბოლაში მთავარი მოთამაშე გახდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა კვარტალურმა ანგარიშმა ინვესტორების იმედები ვერ გაამართლა.
AI მონაცემთა ცენტრები ყვავის, თუმცა სხვა ყველაფრის ხარჯზე
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Marvell-ის შემოსავალი წლიურად 12%-ით $1.16 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.17 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი წლიურად 22.5%-ით დაიკლო და $0.24 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს შეესაბამებოდა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ დიდი განსხვავება კომპანიის მონაცემთა ცენტრებისა და სხვა მიმართულებების შედეგებს შორის.
როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაწეული ხარჯები ყველაფერს აფერხებს.
რაც შეეხება ნათელ მხარეს, მონაცემთა ცენტრის სეგმენტი ახლა კომპანიის ყველაზე დიდი განყოფილებაა და, სავარაუდოდ, მისი უზარმაზარი წილი დააჩქარებს ზრდას მომდევნო კვარტალში და 2024 წლისთვის.
ძლიერი თანმიმდევრული ზრდა მენეჯმენტმა ძირითადად მიაწერა მორგებულ ASIC-ებს, რომლებსაც ქლაუდ ინფრასტრუქტურის ზოგიერთი გიგანტი საკუთარი AI აქსელერატორებისთვის იყენებს.
რაც შეეხება მომავალს, Marvell-ის მენეჯმენტი მოელის წლის მეორე ნახევარში მონაცემთა ცენტრის მუდმივ ზრდას, ქსელის და ოპერატორის ინფრასტრუქტურის აღდგენასთან ერთად.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Marvell-ის აქციებს?
Marvell Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $69.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $91.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $77.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Marvell Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
MongoDB
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MongoDB-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი თითქმის 24%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
MongoDB-ს ყოველ კვარტალში შესანიშნავი ზრდის დაფიქსირების ისტორია აქვს, თუმცა გასულ მეოთხედში ეს ტენდენცია არ გაგრძელებულა. სამთვიან პერიოდში კომპანიის შემოსავალი წლიურად 22%-ით — $450.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $440.8 მილიონს. თუმცა MongoDB-ისთვის, როგორც საჯარო კომპანიისთვის, ეს მაინც ყველაზე მცირე ზრდა იყო.
აღმასვლა განპირობებული იყო MongoDB Atlas-ით, მისი ქლაუდზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფის ოპციით, რომლის შემოსავალიც კვარტალში წლიურად 32%-ით გაუმჯობესდა. თუმცა ეს ასევე შესამჩნევი შენელება იყო წინა პერიოდებთან შედარებით. Atlas-ზე მთლიანი შემოსავლის 70% მოვიდა.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით, MongoDB-ის ზარალი წლიურად $68.5-დან $98.2 მილიონამდე გაიზარდა. კორექტირებული საოპერაციო მოგება კი $43.7-დან $32.8 მილიონამდე დაეცა.
კორექტირებული EPS $0.56-დან $0.51-მდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.40-ს.
MongoDB-ის მენეჯმენტის თქმით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული სისუსტე გავლენას იქონიებს კომპანიის წარმადობაზე წლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. MongoDB-ში ახლა მოელიან, რომ მთელი წლის შემოსავალი მხოლოდ 13%-ით გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს ჩამოუვარდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები MongoDB-ის აქციებს?
MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $236.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $364.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $500.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 54.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dell Technologies
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, HP-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი თითქმის 18%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 87%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ხელოვნური ინტელექტის ბუმის პირობებში Dell პოტენციური გამარჯვებულია, მაგრამ მისი საერთო ეფექტიანობაზე ჯერ კიდევ ნეგატიურად ზემოქმედებს ძველი ტექნოლოგიური მიმართულებები.
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Dell Technologies-ის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $22.24 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.65 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $955 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.32 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.57-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $1.27 შეადგინა (პროგნოზი — $1.25).
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლისა და მოგების მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, Dell-ის საოპერაციო შემოსავალმა წლიურად 14%-ით დაიკლო და $920 მილიონი შეადგინა.
Dell-ის ფინანსურმა დირექტორმა — ივონ მაკგილმა თქვა: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი უნარი, გამოვიმუშაოთ ძლიერი ფულადი ნაკადები და AI-ის საშუალებით ზრდას მივაღწიოთ“. საოპერაციო დირექტორმა — ჯეფ კლარკმა ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზებული სერვერის შეკვეთები $2.6 მილიარდამდე გაიზარდა, გადაზიდვებმა კვარტალურად 100%-ზე მეტით — $1.7 მილიარდამდე მოიმატა, ხოლო მარაგები 30%-ზე მეტით გაიზარდა და $3.8 მილიარდს მიაღწია.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Dell-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის კორექტირებული EPS $1.55-$1.75-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.84-ს.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $7.40-$7.90-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $7.69-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dell-ის აქციებს?
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $140.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $157.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $97.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.