გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Super Micro Computer, Take-Two Interactive Software, Novo Nordisk, Micron Technology და United Airlines.
Super Micro Computer
Super Micro Computer-მა კვირა პოზიტიურად დაიწყო. გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის სერვერების მწარმოებლის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 265%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველი დადებითი კომენტარი ეკუთვნის JPMorgan-ის ანალიტიკოსს — სამიკ ჩატერჯის, რომელმაც Super Micro Computer-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $1,150-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. ეს მაჩვენებელი, პარასკევის დახურვის ფასთან შედარებით, პოტენციურ 18%-იან ზრდას გულისხმობს.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ Supermicro არის წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით ბაზარზე და იგი მოელის, რომ ძლიერი მოთხოვნა, რომელიც AI-ის დაჩქარებული ათვისებით არის გამოწვეული, გაგრძელდება.
გარდა ამისა, Northland-ის ანალიტიკოსმა — ნეჰალ ჩოკშიმ Supermicro-ს აქციებს ყიდვის რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $1,300-მდე გაზარდა. ანალიტიკოსმა Supermicro-ს „ბრენდირებული სერვერების ბაზრის ლიდერი“ უწოდა. იგი თვლის, რომ კომპანია დგას გზაზე, გახდეს AI სერვერების ბაზრის 16%-იანი წილის მფლობელი. ნეჰალის შეფასებით, ამ ბაზრის მთლიანი ღირებულება $560 მილიარდს აღწევს.
Bernstein-ის ანალიტიკოსი — ტონი საკონაგი კი პროგნოზირებს, რომ AI სერვერების ბაზარი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 75%-ით გაიზრდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ Supermicro განაგრძობს ბაზრის წილის მოპოვებას მისი უფრო დიდი კონკურენტების ხარჯზე, ნაწილობრივ AI ჩიპების უმსხვილეს მწარმოებლებთან თანამშრომლობის წყალობით. ეს კომპანიას უზრუნველყოფს ადრეული წვდომით ყველაზე მოთხოვნად პროცესორებზე.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,043.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $983.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,350.00-ს, ხოლო მინიმალური — $530.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Take-Two
გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, კომპანიის ვიდეოთამაშის — “Grand Theft Auto VI”-ის გამოშვება დაგვიანდეს.
გეიმინგ ვებგვერდმა — Kotaku-მ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარმოების შეფერხებამ ფირმის შვილობილ კომპანია Rockstar Games-ში, რომელიც “GTA 6”-ს ავითარებს, შესაძლოა თამაშის გამოშვების 2025 წლის ბოლომდე ან თუნდაც 2026 წლამდე გადადება გამოიწვიოს. მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ ახალი თამაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მომავალი გაზაფხულის დასაწყისში გახდებოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, Bank of America-მ Take-Two-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ამის მიზეზად კი დასახელდა ეჭვი “GTA 6-ის” ბაზარზე დროულად გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს მოხდა თამაშის თრეილერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც Rockstar-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოპულარული ვიდეო თამაში 2025 წელს გამოვიდოდა.
Take-Two-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $178.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $154.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Take-Two-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Novo Nordisk
წონაში კლების ცნობილი პრეპარატის — Wegovy-ის მწარმოებელი Novo Nordisk აპირებს, $1.11 მილიარდად შეიძინოს მედიკამენტების მწარმოებელი გერმანული კომპანია — Cardior Pharmaceuticals.
Cardior-ის გულის უკმარისობის მედიკამენტი — CDR132L ამჟამად კლინიკური განვითარების მეორე ფაზაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის დანიური კომპანია Novo Nordisk მუშაობს გულ-სისხლძარღვთა მედიცინის ინდუსტრიაში თავისი წილის გაზრდაზე.
„Cardior-ის Novo Nordisk-ის ნაწილად ქცევით, ჩვენ გავაძლიერებთ პროექტებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში, რა მიმართულებითაც უკვე გვაქვს მიმდინარე პროგრამები კლინიკური განვითარების ყველა ფაზაში“ — განაცხადა მარტინ ჰოლსტ ლანგემ, Novo Nordisk-ის განვითარების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„აღფრთოვანებულები ვართ Cardior-ის გუნდის მიერ ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოთი, განსაკუთრებით CDR132L-ზე. ამ მედიკამენტს გააჩნია მოქმედების გამორჩეული რეჟიმი და პოტენციალი, გახდეს პირველი კლასის თერაპია, რომელიც შექმნილია გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის დაავადების მიმდინარეობის შესაჩერებლად ან მისი ნაწილობრივ რეგრესირებისთვის“ — განაცხადა ჰოლსტ ლანგემ პრესრელიზში.
Novo Nordisk მედიკამენტის მეორე ფაზის კლინიკური გამოცდის დაწყებას გეგმავს და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შესყიდვის პროცესი 2024 წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს.
ბოლო პერიოდში Novo Nordisk-მა პოპულარობა მოიპოვა რამდენიმე მედიკამენტის წყალობით, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის მოლეკულა semaglutide-ზე. ესენია: დიაბეტის პრეპარატი — Ozempic და, განსაკუთრებით, ჭარბი წონის სამკურნალო მედიკამენტი — Wegovy.
Novo Nordisk-ისთვის წონაში კლების მედიკამენტი დიდი სტიმული აღმოჩნდა. ეს აშკარად წარმოაჩინა კომპანიის სრული 2023 წლის ანგარიშმა, რომელმაც აჩვენა, რომ გაყიდვები 36%-ით გაიზარდა. Novo Nordisk-ის თერაპიების ოთხი სფეროდან ჭარბი წონის მკურნალობა ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო — ამ სეგმენტის შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 154%-ით გაუმჯობესდა.
Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $122.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $67.90-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Micron Technology
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიის — Micron Technology-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.
Micron Technology-მ ბოლო კვარტალური ანგარიში 20 მარტს წარადგინა და მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 22%-ით მოიმატა. კომპანიას სექტორში არსებულ რთულ პირობებთან უწევდა გამკლავება, თუმცა გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა ფინანსურმა ანგარიშმა ცხადყო, რომ მდგომარეობა იცვლება. Micron Technology-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI-ზე არსებულმა მოთხოვნამ და არასაკმარისმა მიწოდებამ დააჩქარა კომპანიის დაბრუნება მომგებიანობისკენ.
ფისკალურ მეორე კვარტალში Micron Technology-ის შემოსავალმა $5.82 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $3.69 მილიარდს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.34 მილიარდს.
კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.42 შეადგინა (პროგნოზი — -$0.26). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Micron-მა თითო აქციაზე $1.91-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
„ჩვენ გვჯერა, რომ Micron არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი ნახევარგამტარული ინდუსტრიის მრავალწლიანი შესაძლებლობისა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა“ — განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯაი მეჰროტრამ კვარტალური ანგარიშის წარდგენისას.
რაც შეეხება მომავალს, Micron-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $6.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.45-ს. ორივე მაჩვენებელი ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $5.98 მილიარდს და $0.08-ს შეადგენს.
გუშინდელი ზრდა კი გამოიწვია იმან, რომ ფინანსურმა და საინვესტიციო ჟურნალმა — Barron’s-მა Micron-ს უწოდა ერთ-ერთი საუკეთესო და ნაკლებად დაფასებული გრძელვადიანი შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის სექტორში.
Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
United Airlines
გუშინ United Airlines Holdings-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზრდიან ზედამხედველობის ხარისხს გადამზიდავზე. ამან კი შეიძლება გავლენა იქონიოს კომპანიის მომავალ ოპერაციებზე.
FAA-მ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ავიაკომპანია შეესაბამებოდეს უსაფრთხოების წესებს; იდენტიფიცირებულ იქნას საფრთხეები და შემცირდეს რისკები; ეფექტიანად იქნას მართული უსაფრთხოება.
განცხადება გავრცელდა ბოლო რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, მათ შორის ერთი ამ თვის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც United-ის თვითმფრინავს ბორბალი მოძვრა.
მარეგულირებლებმა აღნიშნეს, რომ სერტიფიცირებული საქმიანობების გაგრძელების დაშვების მიუხედავად, მომავალი პროექტები შეიძლება გადაიდოს ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე.
United Airlines Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $45.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $58.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი United Airlines Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.