გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის OpenAI, Google, Microsoft, CrowdStrike და Bath & Body Works.
OpenAI & Google
გუშინ რამდენიმესაათიანი შეფერხების ფონზე, რომელმაც Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი OpenAI-ის ChatGPT-ზე იმოქმედა, Google-ის AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩეთბოტში — Gemini — ძიებების რაოდენობა გაიზარდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ Google-ის მცდელობებს, თავი ხელოვნური ინტელექტის პიონერის ალტერნატივად წარმოაჩინოს, შედეგი მოაქვს.
ChatGPT-ის შეფერხება ყველა მომხმარებელს შეეხო
OpenAI-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს შეფერხების შესახებ, რომელმაც გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ChatGPT-ის ყველა მომხმარებელზე იქონია გავლენა.
შეფერხებები გუშინ დილით დაიწყო და პრობლემა იმავე დღეს, აღმოსავლეთის დროით დაახლოებით 13:00 საათისთვის მოგვარდა. კომპანიას გათიშვის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ისთან დაკავშირებული შეფერხება ფიქსირდება მალევე მას შემდეგ, რაც OpenAI-მ თავისი უახლესი AI მოდელი, GPT-4o წარადგინა.
ამავდროულად, Gemini-ში ძიებების რაოდენობა გაიზარდა
სამშაბათს ChatGPT-ის გათიშვის პარალელურად, ძიებების რაოდენობა Google-ის Gemini-ში 327,058-მდე გაიზარდა. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის QRFY-ის ანალიზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 60%-იან ნახტომს 4 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირებული ძიებების საშუალო ყოველდღიური მოცულობიდან — 204,991. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი Microsoft-ის Copilot-ისთვისაც გაიზარდა, თუმცა, Gemini-სთან შედარებით, ბევრად ნაკლებად.
QRFY-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ პორკარმა განაცხადა: „Google წარმოუდგენელ ძალისხმევას იჩენს იმისათვის, რომ OpenAI-ის მთავარ კონკურენტად პოზიციონირდეს. დღეს კი ამის ნათელი სიგნალების მოწმენი ვართ“.
მარკმა დასძინა: „ფაქტი, რომ ChatGPT-ის შეფერხების პარალელურად Gemini-ში ძიებების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა, ერთ რამეზე მიუთითებს — ადამიანები Gemini-ს ChatGPT-ის აშკარა ალტერნატივად აღიქვამენ“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ისა და Google-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $416.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $491.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $174.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $197.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $168.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, CrowdStrike-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, CrowdStrike-ის შემოსავალი წლიურად 33%-ით — $921 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $904.56 მილიონს. გამოწერის სერვისიდან მიღებულმა შემოსავალმა კი წლიურად 34%-ით მოიმატა და $872 მილიონს მიაღწია.
CrowdStrike-ის კვარტალურმა კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.93 შეადგინა. ამ მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.89-ს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, CrowdStrike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც ივლისში სრულდება, შემოსავალი $958.3-$961.2 მილიონს მიაღწევს, ხოლო EPS — $0.98-$0.99-ს. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, $955 მილიონს და $0.91-ს შეადგენს.
მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ ფისკალურ 2025 წელს CrowdStrike-ის გაყიდვები $3.976-$4.011 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება წინა საპროგნოზო დიაპაზონს — $3.925 $3.989 მილიარდს. განახლებული დიაპაზონის შუა წერილი — $3.994 მილიარდი აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.97 მილიარდს.
გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ ფისკალურ 2025 წელს კორექტირებული EPS $3.93-$4.03-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $3.77-$3.97).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები CrowdStrike-ის აქციებს?
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $306.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $402.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $350.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Bath & Body Works
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bath & Body Works-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 13%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის გაუმჯობესებული.
Bath & Body Works არის ამერიკული საცალო მაღაზიათა ქსელი, რომელიც ყიდის საპნებს, ლოსიონებს, სუნამოებს და სანთლებს. ის 1990 წელს ნიუ ოლბანში, ოჰაიოში დაარსდა და მას შემდეგ ექვს კონტინენტზე გაფართოვდა.
კვარტალური შედეგები
2024 წლის პირველ კვარტალში Bath & Body Works-ის შემოსავალმა 1%-ით დაიკლო და $1.38 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.37 მილიარდს. EPS-მა კი წლიურად 9%-ით მოიმატა და $0.38 შეადგინა (პროგნოზი — $0.33).
მომავლის პროგნოზები
წლის მოსალოდნელზე უკეთესმა დასაწყისმა მენეჯმენტს წლიური გაყიდვებისა და მოგების პროგნოზების გაზრდისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, კომპანიაში მაინც მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა გაყიდვები შემცირდეს, მაგრამ არაუმეტეს 2.5%-ისა. თუმცა, მენეჯმენტის პროგნოზით, მოგება თითო აქციაზე მინიმუმ 13%-ით — $3.05-$3.35-მდე დაიკლებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Bath & Body Works-ის აქციებს?
Bath & Body Works-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $45.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bath & Body Works-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.