გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Netflix, Accenture, Honeywell International და Anthropic.
Netflix
სამშაბათს Netflix-ის მენეჯმენტმა 2025 წლისთვის აშშ-ის ორ ქალაქში ახალი გასართობი სივრცეების გახსნა დააანონსა.
Netflix House-ის გამოცდილება პირველად ხელმისაწვდომი გახდება King of Prussia-ში (პენსილვანია) და დალასში. თითოეული ლოკაციის ფართობი100,000 კვადრატულ ფუტს გადააჭარბებს. შოპინგისა და სასადილოების გარდა, ამ სივრცეებში მომხმარებლები შეძლებენ ლაივ გამოცდილების მიღებას, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის სტრიმინგ ფრანჩაიზებთან, როგორებიც არის „Brigerton“ და „Stranger Things“.
„Netflix-ის წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით შემდეგი პროექტებისთვის: „Brigerton“, „Money Heist“, „Stranger Things“, „Squid Game“ და „Netflix Bites“, Netflix House კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავა და შექმნის დაუვიწყარ ადგილს Netflix-ის მომხმარებლების საყვარელი ისტორიებისა და პერსონაჟების შესასწავლად“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბოლო პერიოდში Netflix-მა 25 ქალაქში ფანებისთვის 50-ზე მეტი გამოცდილება წამოიწყო და Netflix House ამ გაფართოების შემდეგი ეტაპია. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კონკრეტული ლოკაციები შეირჩა დიდ ქალაქებთან სიახლოვის, არსებული საცალო გარემოსა და მაღალი ტრაფიკის გამო.
შესაძლოა, კომპანია ტესტავს Netflix House-ს, როგორც თავისი ბიზნეს მოდელის პოტენციურ გაფართოებას და ფანების ჩართულობის გაძლიერების საშუალებას. ბოლო პერიოდში Netflix ცდილობს, სტრიმინგ ბიზნესის მიღმა რეალურ გამოცდილებაში გაფართოვდეს და მენეჯმენტმა ახლახან დააანონსა პარტნიორობა ვიდეო თამაშების ფირმა Roblox-თან. ამ თანამშრომლობის მიზანია ვირტუალური სამყაროს — Nextworld — შექმნა, რომელიც Netflix-ის წარმატებული შოუებიდან ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს მეტავერსში გადაიყვანს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $679.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $659.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Accenture
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Accenture-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა სავაჭრო დღის განმავლობაში IT საკონსულტაციო გიგანტის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში Accenture-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $16.5 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $16.6 მილიარდს. კომპანიის საოპერაციო მარჟა თითქმის 2 პროცენტული პუნქტით — 16%-მდე გაიზარდა.
ახალმა ჯავშნებმა წლიურად 22%-ით — $21.1 მილიარდამდე მოიმატა, რაც გაყიდვების მატების გარდაუვალ აღდგენაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გენერაციული AI-ის ახალმა ჯავშნებმა კვარტალში $900 მილიონს მიაღწია, ხოლო ფისკალური წლის დასაწყისიდან დღემდე $2 მილიარდს.
Accenture-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $3.13 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.17). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი წლიურად 3%-ით დაიკლო და $3.04 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.01-ით ჩამორჩა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Accenture-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2024 წლისთვის გაყიდვები დაახლოებით 2%-ით გაიზრდება, ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა 14.8%-ს შეადგენს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი წლიური EPS $11.29-$11.44-ს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული მოგება ოდნავ მაღალი — $11.93 იქნება. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $12.08-ს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Accenture-ის აქციებს?
Accenture-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $306.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $341.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Accenture-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Honeywell International
გუშინ Honeywell International-ის აქციების ფასი მცირედით — 0.6%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც კონგლომერატის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ყიდულობს საჰაერო კოსმოსურ და თავდაცვის კონტრაქტორ CAES Systems Holdings-ს კერძო საინვესტიციო ფირმა Advent International-ისგან დაახლოებით $1.9 მილიარდად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა მთლიანად ნაღდი ფულით დაიფარება.
Honeywell-ის წარმომადგენლების თქმით, გარიგება გააძლიერებს Honeywell-ის თავდაცვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კოსმოსურ სივრცეში.
CAES ზრდის უწყვეტი აღმასვლის პოტენციალს
Honeywell International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ვიმალ კაპურმა თქვა, რომ CAES-ის დამატება გაამყარებს კომპანიის პოზიციას თავდაცვის ინდუსტრიაში და ჩამოაყალიბებს ტემპს უწყვეტი ზრდისთვის საჰაერო კოსმოსურ ბიზნესში.
CAES-ს ჩრდილოეთ ამერიკაში 13 ობიექტს ფლობს და კომპანიაში დაახლოებით 2,200 ადამიანია დასაქმებული.
Honeywell International-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ ტრანზაქცია, სავარაუდოდ, 2024 წლის მეორე ნახევარში დასრულდება და გაზრდის კორექტირებულ მოგებას თითო აქციაზე ტრანზაქციის დახურვიდან პირველივე სრულ წელს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Honeywell-ის აქციებს?
Honeywell International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $214.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $229.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $205.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Honeywell International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon-ის მიერ მხარდაჭერილი Anthropic
Anthropic-მა, AI კომპანიამ, რომელმაც მილიარდობით დოლარი მოიზიდა ტექნოლოგიური გიგანტებისგან, როგორებიც არის Alphabet-ის Google და Amazon, გუშინ თავისი Claude ჩეთბოტის მოწინავე ვერსია გამოუშვა.
Anthropic-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ უახლესი მოდელი, Claude 3.5 Sonnet, სხვადასხვა კატეგორიებსა და კრიტერიუმებში მუშაობს იმავე დონეზე ან უკეთესად, ვიდრე სხვა AI ჩეთბოტების უახლესი ვერსიები, როგორებიც არის OpenAI-ის ChatGPT ან Google Gemini. გარდა ამისა, Claude 3.5 Sonnet წინა ვერსიაზე ორჯერ უფრო სწრაფია.
Sonnet პირველია Claude 3.5-ის მოდელების ოჯახში
Anthropic-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Claude-ის 3.5 Sonnet ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ხუთშაბათიდან მის iOS აპლიკაციაში. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ აპირებენ Haiku-სა და Opus-ის უფრო ახალი ვერსიების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლოს.
Anthropic-ში ასევე განაცხადეს, რომ Claude-ს დაემატება ახალი ფუნქცია სახელწოდებით Artifacts, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნას, მაგალითად, კოდი ან სურათები, რომლებსაც Claude ჩეთბოტთან საუბრის მიმდებარე ფანჯარაში ქმნის. ეს მომხმარებლებს უფრო დეტალური უკუკავშირის და მყისიერი ცვლილებების დანახვის საშუალებას აძლევს.
Anthropic-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ წარმოადგენს აღნიშნავს Claude-ის ევოლუციას სასაუბრო ხელოვნური ინტელექტიდან კოლაბორაციულ სამუშაო გარემომდე.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.