გუშინ S&P 500 და Nasdaq Composite კვლავ გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულებზე დაიხურა. გუშინდელმა სავაჭრო სესიამ გაახანგრძლივა ამ ინდექსების აღმასვლის ტენდენცია, რომელიც გამოწვეულია ტექნოლოგიური აქციების ძლიერი შედეგებით და მოლოდინით, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს მალე შეამცირებს.
სამშაბათს S&P 500 0.07%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite — 0.14%-ით. Dow Jones Industrial Average (DJIA) კი 0.13%-ით დაეცა.
Tesla (TSLA), რომლის აქციების ფასიც გასული კვირის განმავლობაში მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა, Nasdaq-ში გუშინ მოწინავე წარმადობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა — Nvidia-მ (NVDA) და Intel-მა (INTC) დააფიქსირეს ზრდა ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ოპტიმიზმის ფონზე.
გუშინ რამდენიმე ფინანსური ფირმის აქციების ფასებიც გაიზარდა, მათ შორის იყო Goldman Sachs (GS), JPMorgan Chase (JPM) და Citigroup (C). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უკანასკნელი ორი კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
ბოლო პერიოდში ამერიკული აქციების ზრდას ხელი შეუწყო ოპტიმიზმმა იმის შესახებ, შესაძლოა, Fed-მა სექტემბრიდან დაიწყოს თავისი საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის შემცირება, რომელიც ამჟამად 23-წლიან მაქსიმუმზეა. ბოლო კვირებში გავრცელებულმა მონაცემებმა, რომლებიც აჩვენებს, რომ ეკონომიკა მცირდება და ინფლაცია სტაბილურდება, გაზარდა საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი.
Fed-ის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა სამშაბათს სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი მონაცემები მიუთითებს პროგრესზე ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მეტი კარგი ანგარიში Fed-ს უფრო დაარწმუნებს, რომ ინფლაცია 2%-იანი წლიური მიზნისკენ მიემართება. ივნისის ინფლაციის მონაცემების შესახებ ინფორმაციას Fed მიიღებს ხვალ, როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) გამოქვეყნდება.
პაუელის თქმით, ინფლაცია არ არის ერთადერთი რისკი, რომელსაც Fed აკონტროლებს. „საპროცენტო განაკვეთების ძალიან გვიან ან ძალიან ცოტათი შემცირებამ შეიძლება ზედმეტად შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა და დასაქმების ბაზარი” — განაცხადა მან. პარასკევს, შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებმა აჩვენა, რომ ივნისში დამსაქმებლებმა ნაკლები სამუშაო ადგილი დაამატეს, რაც შრომის ბაზრის „გაგრილების“ უახლესი მტკიცებულებაა.
10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელმაც ბოლო კვირებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებული ოპტიმიზმის ფონზე დაიკლო, გუშინ 4.3%-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Apple, Helen of Troy და Cirrus Logic.
Apple
ახალი შეფასებით, Apple-ის (AAPL) მიერ App Store-დან გამომუშავებული შემოსავალი ფისკალურ მესამე კვარტალში 13%-ით გაიზარდა.
Bank of America-ს ანალიტიკოსების თქმით, Sensor Tower-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩამოტვირთვებმა iPhone-ებსა და iPad-ებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.2%-ით მოიმატა, რამაც ბოლო კვარტალში App Store-ის შემოსავალი $7.5 მილიარდამდე გაზარდა. Bank of America-ს ანალიტიკოსებმა Apple-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $230-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნეს.
Apple, მომსახურების მიმართულების მთლიანი შემოსავლის გამოქვეყნებისას, App Store-ის გაყიდვებს ცალკე არ გამოყოფს, მაგრამ ამას, პროგნოზების წარდგენისას, ანალიტიკოსები აკეთებენ.
ჩინეთში Apple News-ის შემოსავალი იზრდება
ადრე iPhone-ის მწარმოებელთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვები, რომელიც ჩინეთის რეგიონში გაზრდილი კონკურენციით იყო გამოწვეული. თუმცა, ბოლოდროინდელმა მიწოდების მაჩვენებლებმა ეს ეჭვები შეამსუბუქა. აპრილში, iPhone-იების მიწოდება ჩინეთში წლიურად 52%-ით გაუმჯობესდა. Sensor Tower-ის მონაცემებით კი, ამ ქვეყანაში App Store-ის შემოსავალი ივნისში 10%-ით გაიზარდა.
მოსალოდნელია, რომ მესამე კვარტალში App Store-ში თამაშების შემოსავალი $3.9 მილიარდამდე გაიზარდა — ეს სეგმენტი App Store-ის გაყიდვების ნახევარზე მეტს, 51%-ს, შეადგენს (გასული წლის იმავე კვარტალში 54%). Apple News კი App Store-ის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 1%-ზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა ის ყველაზე მომგებიან კატეგორიებს შორის იყო წლიური 42%-იანი ზრდით.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple, მომდევნო თვის დასაწყისში კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას, სერვისების მთლიანი შემოსავლის წლიურ 14%-იან ზრდას დააფიქსირებს. მეოთხე კვარტლისთვის კი პროგნოზირებულია 15%-იანი წლიური მატება.
ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტის (DMA) მოკრძალებული ადრეული გავლენა
ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტი ძალაში მარტის დასაწყისში შევიდა. ის ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
გასული თვის ბოლოსთვის ევროკომისიამ (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო) განაცხადა, რომ თავისი გამოძიების წინასწარი დასკვნები გაუგზავნა Apple-ს, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს და უპასუხოს საკითხებს, რომლებიც კომისიის აზრით, DMA-ს არღვევს.
ევროკომისიის თქმით, Apple-ის სამი „საქმიანი პირობიდან“, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის ურთიერთობას აპლიკაციების დეველოპერებთან, არცერთი არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად „გაიყვანონ“ მომხმარებლები App Store-დან შესყიდვის განხორციელებისთვის.
მარტის ბოლოსთვის ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Apple, Meta Platforms და Google-ის მშობელი კომპანია — Alphabet ექვემდებარებიან გამოძიებას რამდენიმე საკითხზე, რომელიც მომხმარებელთა არჩევანთან და მონაცემებთან არის დაკავშირებული. ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ DMA-სთან შესაბამისობისთვის ცვლილებებს მარტის დასაწყისში განახორციელებდნენ. თუმცა, ევროკომისიაში გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანიებს საკმარისი ცვლილებები არ დაუნერგავთ.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ერთი წლის ვადაში გეგმავდნენ და, შესაძლოა, კომპანიებს დაეკისროთ მნიშვნელოვანი ჯარიმები, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი DMA-ს არღვევენ. მარტის დასაწყისში ევროკავშირმა Apple უკვე დააჯარიმა დაახლოებით $2 მილიარდით.
თუ კომისიის წინასწარი დასკვნები დადასტურდება, მან შეიძლება გამოიტანოს შეუსრულებლობის გადაწყვეტილება 2025 წლის მარტისთვის, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რამაც, შესაძლოა, Apple-ის დაჯარიმება გამოიწვიოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $229.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Helen of Troy
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Helen of Troy-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 27%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Helen of Troy-ის შემოსავალი წლიურად 12.2%-ით — $416.8 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $445.85 მილიონს.
კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი $0.99 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.59).
Helen of Troy-ის სახლისა და ეზოს პროდუქტების სეგმენტში შემოსავალი წლიურად 8.6%-ით შემცირდა, ხოლო სილამაზისა და ველნესის მიმართულებით გაყიდვებმა 15.2%-ით დაიკლო.
მენეჯმენტმა, ორივე ძირითადი სეგმენტისთვის, ვარდნის ფუნდამენტურ მიზეზებად მომხმარებლების უფრო დაბალი მოთხოვნა და მათი ხარჯების ცვლილება დაასახელა.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $1.910 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ფისკალური 2024 წლის შედეგს — $1.995 მილიარდს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Helen of Troy-ის აქციებს?
Helen of Troy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $125.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $139.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Helen of Troy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 95%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cirrus Logic
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, აუდიო ჩიპების მწარმოებლის — Cirrus Logic-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 66%-ით არის გაუმჯობესებული.
ანალიტიკოსის შეფასება
გუშინ გამოქვეყნებულ კვლევით ჩანაწერში Keybanc-ის ანალიტიკოსმა — ჯონ ვინჰმა Cirrus Logic-ის სამიზნე ფასი $120-დან $155-მდე გაზარდა.
ეს ნაბიჯი განაპირობა ჯონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აჩვენებს, რომ Apple-ის iPhone 16-ის გაყიდვებთან დაკავშირებით მოლოდინები გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით გასულ თვეში Apple Intelligence-ის გამოქვეყნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ Cirrus Apple-ისთვის ჩიპების მთავარი მიმწოდებელია. ანალიტიკოსის თქმით, Cirrus-მა უნდა განაგრძოს iPhone-ისთვის აუდიო ჩიპების დამზადება, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Cirrus Logic-ის აქციებს?
Cirrus Logic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $135.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $120.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $155.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cirrus Logic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.