გუშინ S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებზე დაიხურა, რასაც ხელი შეუწყო რამდენიმე ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ძლიერმა წარმადობამ.
S&P 500 გუშინ 0.1%-ით გაიზარდა და ინდექსმა ზედიზედ მესამე სავაჭრო სესია დაასრულა რეკორდულ ნიშნულზე. Nasdaq-მა კი 0.3%-ით მოიმატა — მან ზედიზედ მეხუთედ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) გუშინდელი სავაჭრო სესია 0.08%-იანი ვარდნით დაასრულა.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Super Micro Computer, ServiceNow, Paramount Global, Eli Lilly და Morphic.
Super Micro Computer
გუშინ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ამერიკული კომპანიის — Super Micro Computer-ის (SMCI) აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა იმის ფონზე, რომ კვირის დასაწყისში ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულმა აქციებმა აღმასვლა განიცადა. წლის დასაწყისიდან Super Micro-ს აქციების ფასი დაახლოებით 215%-ით არის გაუმჯობესებული.
Super Micro Computer, რომელიც მონაცემთა ცენტრებისთვის სერვერის ტექნოლოგიასა და აპარატურას აწარმოებს, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. როგორც Nvidia-ს (NVDA) პარტნიორი, Super Micro იზიარებს ჩიპების მწარმოებელი გიგანტის მიღწევების ნაწილს. ამასთან, მისი აპარატურა გვხვდება Nvidia მონაცემთა ცენტრების ზოგიერთ ტექნოლოგიაში, მათ შორის იმაში, რომელსაც ილონ მასკის AI კომპანია — xAI იყენებს.
გლობალური დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის — Vanda Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Super Micro Computer, Advanced Micro Devices (AMD) და Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSM) ერთად არიან ის AI კომპანიები, რომლებსაც შეიძლება ზოგიერთმა ინვესტორმა მიმართოს, თუ ჩათვლის, რომ Nvidia-ს აქციების ფასმა პიკს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. AMD-მ 4%-იანი აღმასვლა დააფიქსირა, ხოლო TSMC-ის აქციების ფასმა 1%-ზე მეტით მოიმატა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ამ კომპანიების აქციებს?
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $899.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,066.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,500.00-ს, ხოლო მინიმალური — $800.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $179.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $191.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $187.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $218.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.2%-იან კლებას გულისხმობს.
ServiceNow
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ქლაუდ გამოთვლების სპეციალისტის — ServiceNow-ის (NOW) აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
ServiceNow არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც საწარმოებს სთავაზობს ქლაუდზე დაფუძნებულ, AI-ით აღჭურვილ პლატფორმას სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციისთვის.
ანალიტიკოსის შეფასება
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Guggenheim-ის ანალიტიკოსმა — ჯონ დიფუჩიმ ServiceNow-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $640-მდე შეამცირა.
ჯონი თვლის, რომ ServiceNow-ის მეორე კვარტლის ანგარიში, რომლის გამოქვეყნებაც მიმდინარე თვის ბოლოსთვის იგეგმება, ბაზარს იმედებს არ გაუცრუებს. თუმცა ის მიიჩნევს, რომ კომპანიას წლის მეორე ნახევარში ცოტა გაუჭირდება და, შესაძლოა, მენეჯმენტის გარკვეული ოპტიმისტური ვარაუდები არ გამართლდეს.
ჯონ დიფუჩიმ აღნიშნა, რომ ServiceNow-ის მენეჯმენტის მოლოდინით, წლის მეორე ნახევარში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) ბიზნესი გაიზრდება. თუმცა ანალიტიკოსი, კვლევის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი არ არის 2025 წლამდე (თუ ეს ოდესმე მოხდება).
რაც შეეხება კვარტალურ ანგარიშს, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ მეორე კვარტლის შემოსავალი $2.6 მილიარდს გადააჭარბებს, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.84-ს შეადგენს.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი ServiceNow-ის აქციებს?
ServiceNow-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $766.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $856.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $946.00-ს, ხოლო მინიმალური — $640.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ServiceNow-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Paramount Global
Paramount Global-ის (PARA) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია დათანხმდა Skydance Media-სთან შერწყმის პირობებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მხარეებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
კვირას კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Skydance გადაიხდის $2.4 მილიარდს შარი რედსტოუნის National Amusements-ის, Paramount-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელის შესაძენად, შემდეგ კი შერწყმას განახორციელებს.
$8 მილიარდზე მეტი გარიგების დასასრულებლად
Skydance და კერძო საკუთრებაში არსებული მისი „თავდები“ — RedBird Capital Partners, National Amusements-ის შესაძენად $2.4 მილიარდს გადაიხდიან, იმ $4.5 მილიარდთან ერთად, რომელიც Paramount-ის აქციონერებმა უნდა მიიღონ. Skydance და RedBird ასევე $1.5 მილიარდს დააბანდებენ Paramount-ში, რომელიც ამჟამად მილიარდობით დოლარის მოცულობის ვალს ფლობს. მთლიანობაში კი გარიგების ღირებულება $8.4 მილიარდს მიაღწევს.
Skydance გეგმავს, ფლობდეს A კლასის ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა აქციას ტრანზაქციის დახურვის დროისთვის. შესაბამისად, აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ $23 A კლასის თითო აქციისთვის ან ისინი გადაცვალონ დაახლოებით 1.53 B კლასის აქციაში, რომელსაც ხმის მიცემის უფლება არ გააჩნია. კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ B კლასის აქციონერების მფლობელობაში კომპანიის დაახლოებით 30% იქნება, ხოლო დარჩენილი 70% Skydance-ის განკარგულებაში გადავა.
ახალი აღმასრულებელი დირექტორი
დევიდ ელისონი, Skydance-ის დამფუძნებელი და Oracle-ის (ORCL) თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ვაჟი, Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს მას შემდეგ, რაც ბობ ბაკიშმა ეს თანამდებობა მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა.
„უზომოდ მადლიერი ვარ შარი რედსტოუნისა და მისი ოჯახის, რადგან Paramount-ის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მოგვცა“, — განაცხადა დევიდ ელისონმა. „ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ბიზნესი და გავაძლიეროთ Paramount თანამედროვე ტექნოლოგიებით, ახალი მმართველი გუნდითა და შემოქმედებითი დისციპლინით“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Paramount-ის აქციებს?
Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $11.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Eli Lilly & Morphic
Eli Lilly (LLY) დათანხმდა ბიოფარმაცევტული ფირმის — Morphic-ს (MORF) შესყიდვას მნიშვნელოვანი პრემიით. შედეგად, გუშინ ამ უკანასკნელის აქციების ფასი 75%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 93%-ით არის გაუმჯობესებული.
Eli Lilly-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შესყიდვისთვის გადაიხდის დაახლოებით $3.2 მილიარდს, ანუ თითო აქციისთვის $57-ს. ეს თითქმის 80%-ით აღემატება ნიშნულს, რომელიც Morphic-მა პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულებისთვის, დააფიქსირა.
Eli Lilly მოიპოვებს წვდომას Morphic-ის მედიკამენტებზე
Morphic-ის წამყვანი მედიკამენტი, რომელსაც კომპანია ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალოდ ავითარებს, ცნობილია როგორც MORF-057. პრეპარატი ამჟამად გადის მე-2 ფაზის კვლევას წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადებების სამკურნალოდ.
Morphic ასევე ავითარებს მოლეკულებს, რომლებიც განკუთვნილია ავტოიმუნური დაავადებების, ფილტვის ჰიპერტენზიის, ფიბროზული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდ.
„ამ მედიკამენტებმა შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები ადრეული ჩარევისთვის დაავადებებში, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და ასევე უზრუნველყოს კომბინირებული თერაპიის პოტენციალი უფრო მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის“ — განაცხადა Eli Lilly-ის მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, დანიელ სკოვრონსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. სავარაუდოდ, ის 2024 წლის მესამე კვარტალში დაიხურება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Eli Lilly-ისა და Morphic-ის აქციებს?
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $918.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $892.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,041.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Morphic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი $56.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $58.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $70.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Morphic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.