გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Bank of America, Starbucks, PayPal და Pfizer.
Bank of America
გასულ კვირაში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ (BRK.A,BRK.B) კვლავ გაყიდა Bank of America-ს (BAC) აქციები.
Berkshire Hathaway-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტიდან ვლინდება, რომ კომპანიამ 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ამერიკული საინვესტიციო ბანკის დაახლოებით $18.41 მილიონი აქცია გაყიდა. ერთი კვირით ადრე კი უორენ ბაფეტის კომპანიამ Bank of America-ს 33.9 მილიონი აქცია გაყიდა, როდესაც ბანკის აქციების ფასმა, ძლიერი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ორ-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.
Berkshire კვლავ ფლობს Bank of America-ს დიდ წილს
მიუხედავად წილის შემცირებისა, Berkshire Bank of America-ს დაახლოებით 961,65 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც ამჟამად დაახლოებით $39.70 მილიარდს აღწევს.
ამ ტრანზაქციის შემდეგ, Berkshire-ის წილი საინვესტიციო ბანკში დაახლოებით 12.3%-ს შეადგენს და უორენ ბაფეტის კომპანიის საინვესტიციო პორტფელში ის სიდიდით კვლავ მეორე ჰოლდინგია Apple-ის შემდეგ.
Bank of America-ს უახლესი კვარტალური ანგარიში
Bank of America-მ 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები 16 ივლისს გამოაქვეყნა. გასულ მეოთხედში საინვესტიციო ბანკის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $25.4 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.24 მილიარდს. ბანკის მენეჯმენტმა ასეთი შედეგი მიაწერა უფრო მაღალ საკომისიოებს, გაუმჯობესებულ გაყიდვებთან და სავაჭრო შემოსავლებთან ერთად.
თუმცა, წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) 3%-ით — $13.7 მილიარდამდე დაეცა, რაც მცირედით ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $13.79 მილიარდს.
გარდა ამისა, Bank of America-ს წმინდა მოგებამ $6.9 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.83-ს მიაღწია. ეს მაჩვენებლები აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს, რომლებიც, შესაბამისად, $6.6 მილიარდს და $0.79-ს შეადგენს.
პერსონალური ბანკინგის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $10.2 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ სიმდიდრის მენეჯმენტის შემოსავალი 6%-ით — $5.6 მილიარდამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკინგის საკომისიოებმა კი 29%-ით მოიმატა და $1.6 მილიარდს მიაღწია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Bank of America-ს აქციებს?
Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Starbucks
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Starbucks-მა (SBUX) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის ქსელის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Starbucks-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $9.1 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.22 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე $0.93-მდე დაიკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი შეესაბამებოდა უოლ სტრიტის მოლოდინს.
გლობალური მასშტაბით ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები2 წლიურად 3%-ით შემცირდა. აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 2%-ით დაიკლო, ჩინეთის ბაზარზე კი — 14%-იანი ვარდნა განიცადა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ფისკალურ კვარტალში Starbucks-მა 526 ახალი ლოკაცია გახსნა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Starbucks-ის აქციებს?
Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $76.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $86.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PayPal
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, PayPal-მა (PYPL) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ციფრული გადახდების პლატფორმის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში PayPal-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $7.9 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.82 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა 36%-ით მოიმატა და $1.19-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.99-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.08 შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.22-ით გადააჭარბა.
გასულ კვარტალში PayPal-ის მთლიანი გადახდების მოცულობამ (TPV) წლიურად 11%-ით მოიმატა და $416.8 მილიარდს მიაღწია. GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი საოპერაციო შემოსავალი 17%-ით — $1.3 მილიარდამდე გაიზარდა. GAAP საოპერაციო მარჟამ 126 საბაზისო პუნქტით მოიმატა და 16.8% შეადგინა.
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი 24%-ით — $1.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა საოპერაციო მარჟამ 231 საბაზისო პუნქტით მოიმატა და 18.5% შეადგინა. გარდა ამისა ფულადმა ნაკადებმა ოპერაციებიდან $1.5 მილიარდს მიაღწია, ხოლო თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) — $1.4 მილიარდს.
შთამბეჭდავი ფინანსური ზრდის მიუხედავად, PayPal-ის აქტიური ანგარიშების რაოდენობა წლიურად 0.4%-ით — 429 მილიონამდე შემცირდა. თუმცა კომპანიამ ამ მაჩვენებლის კვარტალურად 1.8 მილიონით გაუმჯობესება მოახერხა. საგადახდო ტრანზაქციების რაოდენობა თითო აქტიურ ანგარიშზე 11%-ით — 60.9-მდე გაიზარდა, რაც მომხმარებლების ჩართულობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, PayPal-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2024 წლის განმავლობაში GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $3.88-$3.98-ს მიაღწევს. ეს დიაპაზონი აღემატება ძველ პროგნოზს — $3.65-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები PayPal-ის აქციებს?
PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pfizer
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Pfizer-მა (PFE) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Pfizer-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $13.28 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.03 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.6-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.46-ს. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.01 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.29-ით ჩამორჩა.
„ეს იყო Pfizer-ის კვარტალური შემოსავლის წლიური ზრდის პირველი შემთხვევა 2022 წლის მეოთხე მეოთხედის შემდეგ, როდესაც ჩვენმა COVID შემოსავლებმა პიკს მიაღწია“ — განაცხადა ფინანსურმა დირექტორმა, დევიდ დენტონმა. „მნიშვნელოვანია, რომ მეორე კვარტალში COVID-თან კავშირის არ მქონე პროდუქტების საოპერაციო შემოსავლების 14%-იანი ზრდა წარმოაჩენს ჩვენს მუდმივ ყურადღებას კომერციულ წარმადობაზე“.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Pfizer-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $59.5-$62.5 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $2.45-$2.65-ს. ამ დიაპაზონების შუა წერტილები, წინა პროგნოზებთან შედარებით, შესაბამისად, $1 მილიარდით და $0.30-ით არის გაზრდილი.
Pfizer-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ წლის ბოლოსთვის მოელიან მინიმუმ $4 მილიარდის ოდენობით წმინდა ხარჯების დაზოგვას. მათ მიუთითეს წარმოების ოპტიმიზაციის პროგრამის დაწყებაზე, რომლის მიხედვითაც კომპანია 2027 წლის ბოლოსთვის $1.5 მილიარდს დაზოგავს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Pfizer-ის აქციებს?
Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $33.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $53.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.