გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, Alibaba და Koninklijke Philips.
Tesla
გუშინ, ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული კომპანიის — Tesla-ს აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის დაკლებული.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსები Tesla-ს შესახებ
Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ დადებით მიმოხილვებს Tesla-ს უახლესი სრული თვითმართვის (FSD) პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. Piper Sandler-ში ამბობენ, რომ FSD-ის გამოწერების გაყიდვა არის კომპანიის მოგების გასაღები, ამიტომ ელექტრომობილების მწარმოებელმა ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს. საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით გადამწყვეტია ახალი, ხელმისაწვდომი EV მოდელების შემუშავება და გაყიდვა.
Piper Sandler-ში სჯერათ, რომ ამ უკანასკნელი დავალების შესრულება განბლოკავს მოთხოვნას თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერებზე, ხოლო FSD-ის ამოქმედებაში წარმატება Tesla-ს საშუალებას მისცემს, სერვისის ყოველთვიური გადასახადი ხუთჯერ გაზარდოს $500-ზე მეტამდე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ორივე ტენდენცია 2030 წლისთვის განვითარდება.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსების თქმით, თუ იმ დროისთვის Tesla ბევრი იაფი ელექტრომობილის გაყიდვას შეძლებს, კომპანიას ექნება შესაძლებლობა, გაყიდოს მეტი თვითმართვის ძვირადღირებული პროგრამული უზრუნველყოფა და ამ უკანასკნელისგან Tesla მაღალი მოგების მარჟას მიიღებს.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი — ადამ ჯონსი, რომელიც უკვე დიდი ხანია, Tesla-ს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასი 40%-ით გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში FSD-სთან დაკავშირებული მოლოდინები გადაჭარბებული იყოს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $232.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის — Alibaba-ს აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.
პოზიტიური სიახლე
მედიის ცნობით, Alibaba როგორც Tmall-ზე, ისე Taobao-ზე გამყიდველებისთვის სერვისის გადასახადს ზრდის — კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების საბაზისო დონეზე ტრანზაქციებზე 0.6%-იან საკომისიოს დააწესებს. Alibaba მიჰყვება ისეთივე ტაქტიკას, რომელიც მანამდე Amazon-მა გამოიყენა.
ამ ახალი შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოგებად უნდა გარდაიქმნას, რადგან ის არ საჭიროებს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას Alibaba-ს პლატფორმაზე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alibaba-ს აქციებს?
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $104.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $124.90-ს, ხოლო მინიმალური — $80.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Koninklijke Philips
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Koninklijke Philips-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამედიცინო მოწყობილობების ჰოლანდიური კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტლისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ Philips-ის შემოსავალი $4.8 მილიარდს მიაღწევდა და კომპანიის შედეგი — 4.5 მილიარდი ევრო დაახლოებით შეესაბამება ამ მაჩვენებელს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.52 შეადგინა, რაც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.27-ს.
მენეჯმენტმა დახატა გაყიდვების ზომიერი ზრდის სურათი — ამ მაჩვენებელმა წელიწადში 2%-ზე მეტით მოიმატა. მიუხედავად ამისა, Philips-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში კომპანიის შეკვეთებმა წლიურად 9%-იანი აღმასვლა განაცხადა, რაც ამ კუთხით ზრდის ტემპის დაჩქარებაზე მიუთითებს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Philips-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 3%-5%-ით გაუმჯობესდება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EBITDA-ს (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) ზრდის ტემპი მეტ-ნაკლებად შესაბამისი იქნება მეორე კვარტლის მაჩვენებელთან — 11%-თან. ამრიგად, მოგება დაახლოებით ისევე გაიზრდება, როგორც — გაყიდვები.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.