საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Bank of America, Netflix, Tesla, Alphabet და Verizon.
Bank of America
გუშინ Bank of America-ს (BAC) აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ამერიკულ საინვესტიციო ბანკში თავისი წილი $1.5 მილიარდით შეამცირა.
წლის დასაწყისიდან Bank of America-ს აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
პარასკევს Berkshire Hathaway-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტიდან ვლინდება, რომ კომპანიამ გასულ კვირაში, სამი დღის განმავლობაში, Bank of America-ს 33.9 მილიონი აქცია გაყიდა. საინვესტიციო ბანკის თითო აქციის გასაყიდი ფასი $43.13-დან $44.07-მდე მერყეობდა.
Berkshire კვლავ ფლობს Bank of America-ს დიდ წილს
Bank of America-ში წილის შემცირების მიუხედავად, Berkshire საინვესტიციო ბანკის დაახლოებით 999 მილიონი აქციას ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც $42 მილიარდს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტის კომპანია თითქმის 13%-იან წილს ფლობს Bank of America-ში, რომელიც Berkshire-ის პორტფელში მეორე უმსხვილესი ინვესტიციაა Apple-ის (AAPL) შემდეგ.
Bank of America-ს უახლესი კვარტალური ანგარიში
Bank of America-მ 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები 16 ივლისს გამოაქვეყნა. გასულ მეოთხედში საინვესტიციო ბანკის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $25.4 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.24 მილიარდს. ბანკის მენეჯმენტმა ასეთი შედეგი მიაწერა უფრო მაღალ საკომისიოებს, გაუმჯობესებულ გაყიდვებთან და სავაჭრო შემოსავლებთან ერთად.
თუმცა, წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) 3%-ით — $13.7 მილიარდამდე დაეცა, რაც მცირედით ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $13.79 მილიარდს.
გარდა ამისა, Bank of America-ს წმინდა მოგებამ $6.9 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.83-ს მიაღწია. ეს მაჩვენებლები აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს, რომლებიც, შესაბამისად, $6.6 მილიარდს და $0.79-ს შეადგენს.
პერსონალური ბანკინგის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $10.2 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ სიმდიდრის მენეჯმენტის შემოსავალი 6%-ით — $5.6 მილიარდამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკინგის საკომისიოებმა კი 29%-ით მოიმატა და $1.6 მილიარდს მიაღწია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Bank of America-ს აქციებს?
Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.16-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ამერიკული ვიდეო სტრიმინგ კომპანიის — Netflix-ის (NFLX) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის გაუმჯობესებული.
უოლ სტრიტის შეფასებები
Netflix-მა 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გამოაქვეყნა. გასულ მეოთხედში კომპანიის შემოსავალი წლიურად 16.8%-ით — $9.56 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.53 მილიარდს.
სტრიმინგ კომპანიის წმინდა მოგებამ $2.15 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $4.88-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.74-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში წმინდა მოგებამ $1.49 მილიარდი შეადგინა, ხოლო EPS-მა — $3.29. 2024 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე — $5.28-ს.
2024 წლის მეორე კვარტალში Netflix-ს 8 მილიონზე მეტი გადამხდელი გამომწერი დაემატა და ჯამში, გლობალური მასშტაბით, ამ მაჩვენებელმა 277.65 მილიონს მიაღწია, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — 274.4 მილიონს.
გუშინ კი ანალიტიკოსებმა, რომლებიც Netflix-ის აქციებს თვალყურს ადევნებენ, თავიანთ შეფასებებს გადახედეს.
აქტივების მართვის ფირმის — Baird-ის ანალიტიკოსმა, ვიკრამ კესავაბჰოტლამ Netflix-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $700-დან $730-მდე გაზარდა.
საინვესტიციო ბანკის — Citigroup-ის ანალიტიკოსი, ჯეისონ ბაზინეტი ასეთი აღფრთოვანებული არ არის Netflix-ის პერსპექტივებით — მან კომპანიის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, სამიზნე ფასი კი $660-დან $675-მდე გაზარდა.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $648.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $673.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla
Tesla-ს (TSLA) აქციებისთვის მიმდინარე წელი ატრაქციონს ჰგავს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი აპრილში 40%-ზე მეტით შემცირდა. 22 აპრილიდან კი ამ მაჩვენებლის ზრდის 80% დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასულ მეოთხედში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.
გუშინ ილონ მასკის კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის მომატებული.
Tesla მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს დღეს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების მოლოდინები კი ასეთია:
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზი | 2024 წლის I კვ. | 2023 წლის II კვ. |
შემოსავალი | $24.93 მილიარდი | $21.3 მილიარდი | $24.93 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.50 | $0.34 | $0.78 |
წმინდა მოგება | $1.73 მილიარდი | $1.13 მილიარდი | $2.7 მილიარდი |
ილონ მასკი და საპრეზიდენტო არჩევნები
ბოლო პერიოდში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი ასევე გამოირჩევა თავისი საჯარო კომენტარებით აშშ-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მასკმა ახლახან დაუჭირა მხარი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შაბათ-კვირას კი მან ფულადი მხარდაჭერა გააორმაგა. ტრამპმა კი, რომელიც მანამდე ელექტრომობილების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, თქვა: „მე მიყვარს ილონ მასკი, გამუდმებით ვსაუბრობ ელექტრო მანქანებზე… მე მათ სრულიად ვუჭერ მხარს“.
Tesla–ს ჰუმანოიდი რობოტი
გარდა ამისა, გუშინ ილონ მასკმა X პლატფორმაზე დაწერა, რომ 2025 წელს კომპანია დაიწყებს ჰუმანოიდი რობოტების წარმოებას შიდა გამოყენებისთვის. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2026 წლისთვის კომპანია რობოტების სხვა ფირმებისთვის წარმოებასაც შეძლებს.
მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, Optimus-ის ფასეულობა კომპანიის ყველა პროდუქტს ერთად გადაწონის. მასკის თქმით, არ არსებობს ეკონომიკის ზომის მნიშვნელოვანი შეზღუდვა გონიერი ჰუმანოიდი რობოტისთვის, რომელსაც რეალობაში ნავიგაცია და მოთხოვნის საფუძველზე ამოცანების შესრულება შეუძლია.
„Tesla საუკეთესოდ არის ბაზარზე პოზიციონირებული ნებისმიერი ჰუმანოიდი რობოტის მწარმოებელთან შედარებით. მის მიერ გამოტანილი დასკვნების ეფექტიანობასთან არცერთი კომპანია ახლოსაც კი არ არის“ — განაცხადა მასკმა აპრილში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $252.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $193.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet
გუშინ, საინვესტიციო ბანკისგან დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, Alphabet-ის (GOOGL) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ Wedbush-მა Alphabet-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $205-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა იმის საფუძველზე, რომ კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისების კომპანიებმა Google-ის დომინანტურ ინტერნეტ ძიების ბიზნესს დიდი ზიანი ვერ მიაყენა.
რას ამბობენ Wedbush-ში Alphabet-ის შესახებ?
Wedbush-ის ანალიტიკოსი სკოტ დევიტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში Alphabet-ის უაღრესად მნიშვნელოვანი Google Search ბიზნესის ზრდა წლიურად 12.8%-ს შეადგენს, რაც აღემატება საინვესტიციო ბანკის წინა პროგნოზს — 12%-იან მატებას.
Google-ის ეკოსისტემის ყველა სხვა ნაწილის გათვალისწინებით, სკოტი მიიჩნევს, რომ Alphabet-ის მთლიანი კვარტალური შემოსავალი წლიურად 13.1%-ით გაუმჯობესდება.
2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს Alphabet დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები კი ასეთია:
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2024 წლის I კვ. | 2023 წლის II კვ. |
შემოსავალი | $84.3 მილიარდი | $80.54 მილიარდი | $74.6 მილიარდი |
განზავებული EPS | $1.85 | $1.89 | $1.44 |
წმინდა მოგება | $23 მილიარდი | $23.66 მილიარდი | $18.37 მილიარდი |
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $182.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 39 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Verizon
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Verizon-მა (VZ) მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.5%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში Verizon-ის შემოსავალი წლიურად 1%-ზე ნაკლებით — $32.8 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $33.05 მილიარდს.
ტელეკომუნიკაციების გიგანტის კვარტალურმა წმინდა მოგებამ $4.7 მილიარდი შეადგინა (გასული წლის იმავე მეოთხედში — $4.77 მილიარდი), რაც ასევე ნაკლებია უოლ სტრიტის პროგნოზზე — $4.84 მილიარდზე. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.15-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.15). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.09 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.03-ით ჩამორჩა.
აბონენტები
Verizon-ის პოსტ-გადამხდელი გამომწერების (აბონენტები, რომლებიც გადასახადს ყოველთვიურად, სერვისის მიღების შემდეგ იხდიან) წმინდა ზრდამ 148,000 შეადგინა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — 265,800-ს. Verizon-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისს 11.5 მილიონი აბონენტი ჰყავდა, რაც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს 17%-ით აღემატება.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Verizon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის უსადენო სერვისის შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში 2%-3.5%-ით გაიზრდება. კომპანიაში ასევე მიიჩნევენ, რომ კორექტირებული EPS $4.50-$4.70-ს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს — $4.71-ს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.59).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Verizon-ის აქციებს?
Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.