პარასკევს აშშ-ის ძირითადი ინდექსები გაიზარდა, რადგან დიდი კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური აქციები, წინა სავაჭრო სესიის მკვეთრი დანაკარგების შემდეგ, აღდგა. მცირე კაპიტალიზაციის აქციები განაგრძობდა ზრდას ოპტიმიზმის ფონზე, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მალე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
გასული სავაჭრო კვირა აშშ-ის ყველა ძირითადმა საფონდო ინდექსმა — S&P 500, Nasdaq Composite და Dow Jones Industrial Average — დაახლოებით 0.6%-იანი ზრდით დაასრულა.
გარდა ამისა, საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, Rivian, Lucid, JPMorgan Chase და Wells Fargo.
Tesla, Rivian & Lucid
პარასკევს, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) ამერიკული მწარმოებლების — Tesla-სა და Rivian-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 3%-ითა და 8%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი ილონ მასკის კომპანიისთვის თითქმის უცვლელია, ხოლო Rivian-ისთვის — 14%-ზე მეტით არის შემცირებული.
ფინანსური სერვისების კომპანია Mizuho-მ Tesla-ს აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $180-დან $230-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ეფუძნება კომპანიის მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლების შესახებ.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.
Mizuho-ს მმართველმა დირექტორმა — ვიჯაი რაკეშმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირის (EU) ახალი ტარიფები Model-3-ის ფასებს ზრდის იმის ფონზე, რომ, სავარაუდოდ, 2024 წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 15%-ით მოიმატებს.
პესიმისტური სცენარი Tesla-სთვის
ამავდროულად, UBS-ის ანალიტიკოსებმა — ჯოზეფ სპაკმა, პატრიკ ჰუმელმა და ალეხანდრო ნუნომ Tesla-ს აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, თუმცა მათ სამიზნე ფასი $147-დან $197-მდე გაზარდეს. მათი თქმით, Tesla-ს აქციების ფასში ასახულია მომავალი ზრდის მოლოდინიც.
„Tesla-ს აქციებს ყოველთვის ჰქონდა პრემია, რაც მომავალი, ზრდის ინიციატივებით იყო განპირობებული. ჩვენ გვჯერა, რომ ბოლო პერიოდში ეს პრემია ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ შექმნილი ენთუზიაზმის გამო გაიზარდა” — განაცხადეს ანალიტიკოსებმა.
„მიუხედავად იმისა, რომ Tesla დიდ ინვესტიციებს ახორციელებს AI-ში და ტექნოლოგია პროგრესირებს, კომპანიას ეს ძვირი უჯდება, გაუმჯობესების ტემპი შეიძლება შენელდეს და ინვესტიციიდან შესაბამისი ანაზღაურების მიღება გადაიდოს“ — აცხადებენ UBS-ში.
Rivian-ის შეფასება
გარდა ამისა, Mizuho-მ Rivian-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი მიანიჭა, ხოლო სამიზნე ფასი $11-დან $15-მდე გაზარდა. ანალიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ელექტრომობილების მწარმოებლის უკეთესი ბალანსითა და ლიკვიდობის ნაკლები რისკით.
აღსანიშნავია, რომ Rivian-მა, Tesla-ს მსგავსად, ახლახან გამოაქვეყნა მეორე მეოთხედის მიწოდების მაჩვენებლები. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ 9,612 ავტომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს 13,790 მიაწოდა. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, 8,700-ს და 11,510-ს შეადგენდა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში წარმოებამ 13,992-ს მიაღწია, ხოლო მიწოდებამ — 12,640-ს.
Mizuho-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2024 წელს და 2025 წლის მეორე ნახევარში Rivian-ისთვის საკვანძო იქნება უნარი, გაზარდოს მოთხოვნა მაღალი კლასის პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში.
Lucid-ის აქციების ფასიც გაიზარდა
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ძვირადღირებული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის — Lucid Group-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
აღმასრულებელი დირექტორის კომენტარები
პარასკევს Lucid-ის აქციების ფასი გაიზარდა საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდთან (PIF) კომპანიის პარტნიორობის შესახებ აღმასრულებელი დირექტორის — პიტერ რაულინსონის დადებითი კომენტარების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს ფონდი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის უმსხვილესი აქციონერია.
გარდა ამისა, Lucid-ის აქციების ფასმა ასევე მოიმატა გასული კვირის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ელექტრომობილების მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესი ანგარიში გამოაქვეყნა.
Bloomberg-თან ინტერვიუში პიტერ რაულინსონმა PIF აღწერა, როგორც სრულყოფილი პარტნიორი Lucid-ისთვის. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის Gravity SUV-ის წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაიწყოს და განაცხადა, რომ Aston Martin-თან ტექნოლოგიური ლიცენზირებისა და განვითარების პარტნიორობა კვლავ მტკიცეა.
PIF ამჟამად Lucid-ის 60%-ზე მეტს ფლობს და ბიზნესის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ელექტრომობილების მწარმოებლის მენეჯმენტი მიზნად ისახავს, EV ბაზარზე თავი მთავარ მოთამაშედ დაიმკვიდროს და მასშტაბის ეკონომიკა მომგებიანობის მისაღწევად გამოიყენოს. თუმცა ჯერჯერობით Lucid მნიშვნელოვანი ზარალის დაფიქსირებას განაგრძობს.
Lucid-ის მიწოდების მაჩვენებლები
გასული კვირის დასაწყისში Lucid-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 2,110 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 2,394 ერთეული მიაწოდა. Lucid-ის წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ კომპანია მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს 5 აგვისტოს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Lucid-მა 1728 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს 1967 ერთეული მიაწოდა. დროის ამ მონაკვეთში კომპანიის შემოსავალმა $172.7 მილიონი შეადგინა, ხოლო წმინდა ზარალმა — $680.86 მილიონი. ამავდროულად, პირველი კვარტლის ბოლოს Lucid-ის ანგარიშზე $2.17 მილიარდის მოცულობის ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები იყო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს, Rivian-ისა და Lucid-ის აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $248.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $193.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $4.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $4.00-ს, ხოლო მინიმალური — $2.90-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 7 ანალიტიკოსიდან 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JPMorgan Chase
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, JPMorgan Chase-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საინვესტიციო ბანკის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
JPMorgan აშშ-ის უმსხვილეს ბანკებს შორისაა და ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ეკონომიკის მთლიანი სიჯანსაღის შესაფასებლად.
2024 წლის მეორე კვარტალში JPMorgan-ის შემოსავალმა $50.2 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $41.72 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $4.4 შეადგინა (პროგნოზი — $4.14).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი დიმონმა ბანკის შედეგები შეაქო, თუმცა თქვა, რომ სიფრთხილეს ინარჩუნებს მომავალი კვარტლების მიმართ. მან ეჭვების საფუძვლად დაასახელა ფისკალური დეფიციტი, ინფლაცია და „პოტენციურად ყველაზე საშიში“ გეოპოლიტიკური სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები JPMorgan-ის აქციებს?
JPMorgan-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $205.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $216.34-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $185.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JPMorgan-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wells Fargo
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, კვარტალური შედეგები Wells Fargo-მაც გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფინანსური სერვისების კომპანიის აქციების ფასი 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Wells Fargo-ს შემოსავალმა 20.69 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.22 მილიარდს. EPS-მა კი $1.33 შეადგინა. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.28-ს.
ბანკის საკრედიტო ზარალმა მეორე კვარტალში $1.24 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $938 მილიონი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე მეოთხედში — $1.71 მილიარდი.
„ჩვენი ძალისხმევა Wells Fargo-ს გარდაქმნისთვის მეორე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახა — მოგება თითო განზავებულ აქციაზე გაიზარდა როგორც კვარტალურად, ისე — წლიურად. Wells Fargo-მ განაგრძო საკომისიოზე დაფუძნებული შემოსავლის ზრდა, რომელმაც წმინდა საპროცენტო შემოსავლის მოსალოდნელი შემცირება აანაზღაურა“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლი შარფმა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Wells Fargo-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის საპროცენტო შემოსავალი 8%-9%-ით შემცირდა, რაც უფრო ცუდია, ვიდრე ძველი პროგნოზი — 7%-9%-იანი კლება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Wells Fargo-ს აქციებს?
Wells Fargo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $63.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $70.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.83-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wells Fargo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.