გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Boeing, Ashland, Rockwell Automation და Powell Industries.
Boeing
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Boeing-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 37%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში Boeing-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით გაიზარდა და $22 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.26 მილიარდი), ხოლო თითო აქციაზე ზარალმა $0.47 შეადგინა (პროგნოზი — -$0.81).
Boeing-მა თავის მომხმარებლებს მეოთხე კვარტალში 157 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა, წმინდა შეკვეთებმა კი 611 ერთეულს მიაღწია, რაც გაყიდვების ზრდის ძლიერ პერსპექტივაზე მიუთითებს. საოპერაციო მოგების მარჟა და საოპერაციო მოგება უარყოფითიდან დადებითზე გადავიდა.
რაც შეეძლება მოგებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Boeing-მა გასულ მეოთხედში ფული მაინც დაკარგა. თუმცა, ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლისას, კომპანიის ზარალი ბევრად ნაკლები აღმოჩნდა — $0.04 და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.30-ით გადააჭარბა.
მთელი 2023 წლისთვის Boeing-ის გაყიდვები 17%-ით გაიზარდა, ხოლო თითო აქციაზე ზარალმა $3.67 შეადგინა. მაგრამ ეს დანაკარგი 2022 წლის ზარალის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა და საოპერაციო ფულადმა ნაკადებმა 70%-ით მოიმატა.
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $211.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $269.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $325.00-ს, ხოლო მინიმალური — $225.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ashland
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ashland-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სპეციალიზებული მასალების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 16%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით შემცირდა.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, Ashland-ის გაყიდვები წლიურად 10%-ით — $473 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $478.69 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.45 შეადგინა (პროგნოზი — $0.2).
მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ბაზრის მოთხოვნის დინამიკა დაახლოებით თანმიმდევრული დარჩა. Ashland-ის მოგება გააძლიერა ხელსაყრელმა ფასებმა კომპანიის ცხოვრების მეცნიერებათა და პირადი მოვლის სეგმენტებში, ასევე კვარტალში $100 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვამ.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი მოთხოვნის გაუმჯობესების ტენდენციების მიმართ, ამასთან განვაგრძობთ ინვენტარის დონის გონივრულად მართვას და ფულადი სახსრების გამომუშავებას“ — განაცხადა Ashland-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გილერმო ნოვომ.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $565-$585 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $561 მილიონი), ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — $115-$125 მილიონს. სრული ფისკალური 2024 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $2.15-$2.25 მილიარდს შეადგენს და ამ დიაპაზონის შუა წერილი უოლ სტრიტის პროგნოზს აღემატება. წლიური კორექტირებული EBITDA კი, სავარაუდოდ, $460-$500 მილიონს მიაღწევს.
Ashland-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $94.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $105.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ashland-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rockwell Automation
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Rockwell Automation-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამრეწველო ავტომატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაუმჯობესდა.
Rockwell არის სამრეწველო ავტომატიზაციისა და ციფრული ხელსაწყოების კომპანია, რომელიც საწყობებისა და სხვა ობიექტების ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ხარჯების შემცირება სურთ.
გასულ კვარტალში Rockwell Automation-ის შემოსავალი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა და $2.05 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.1 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $2.04 (პროგნოზი — $2.64). კომპანიის მოგება და მარჟები კი მთლიანობაში შემცირდა, ნაწილობრივ მიწოდების ჯაჭვის ხანგრძლივი შეფერხების გამო.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ბლეიკ მორეტმა განაცხადა, რომ მარაგების მაღალი დონე და მიწოდების ჯაჭვის გარკვეული შეზღუდვები კვლავაც მოქმედებს პროდუქციის მიწოდების ვადებზე. თუმცა მან დასძინა, რომ ძირითადი პირობები კვლავ პოზიტიურია.
რაც შეეხება მომავალს, Rockwell Automation-ის მენეჯმენტმა მთელი წლის განზავებული EPS-ის პროგნოზი $11.49-$12.99-დან $11.24-$12.74-მდე შეამცირა.
Rockwell Automation-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $302.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $360.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rockwell Automation-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Powell Industries
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Powell Industries-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ელექტრო მოწყობილობების დისტრიბუტორის აქციების ფასი 45%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 151%-ით გაუმჯობესდა.
Powell Industries არის ინდივიდუალური ინჟინერიის პროდუქტების მწარმოებელი, რომელიც მართავს, აკონტროლებს და ავრცელებს ელექტრო ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდუსტრიული კომპანია ნელი ზრდის პრობლემის წინაშე დგას, Powell-ის პროდუქტებზე ძლიერი მოთხოვნა ფიქსირდება.
გასულ კვარტალში Powell Industries-ის შემოსავალი წლიურად 53%-ით — $194 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $156.04 მილიონი), ხოლო EPS-მა $1.98 შეადგინა (პროგნოზი — $0.56). მთლიანი მოგების მარჟა წლიურად 24.8%-ით გაუმჯობესდა.
კომპანიის მენეჯმენტმა ასევე დივიდენდური სარგებლის 1%-იანი შემცირება დააანონსა.
Powell Industries-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — მაიკლ მეტკალფმა განაცხადა, რომ მენეჯმენტი წახალისებულია კომერციული აქტივობით კომპანიის ძირითადი საბოლოო ბაზრების უმეტესობაში და იმედოვნებს, რომ ეს მდგომარეობა ფისკალური 2024 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.