გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Verizon, D.R. Horton, United Airlines Holdings და Logitech International.
Verizon
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Verizon-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Verizon-ის შემოსავალმა $35.1 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $34.56 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $1.08 (პროგნოზი — $1.08).
თუმცა ყველა სიახლე დადებითი არ ყოფილა. მართალია, გასული წლის ბოლო კვარტალში შემოსავალმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა, მაგრამ. 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ის 0.3%-ით შემცირდა. ასევე დაიკლო კორექტირებულმა EPS-მა, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებით (GAAP) გამოთვლისას Verizon-მა რეალურად თითო აქციაზე $0.64-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. შედარებისთვის, 2022 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის EPS-მა $1.56 შეადგინა.
მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 2.1%-ით — $134 მილიარდამდე შემცირდა, GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $2.75-ს მიაღწია. თუმცა 2022 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი $5.06-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, 2023 წელს Verizon-ის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) 33%-ით — $18.7 მილიარდამდე გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Verizon-ის მენეჯმენტი 2024 წლისთვის მიზნად ისახავს შემოსავლის 2%-3.5%-ით ზრდას. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $4.50-$4.70-ს შეადგენს.
Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $41.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $47.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
D.R. Horton
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, D.R. Horton-მა მოლოდინებთან შედარებით შერეული კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სახლების სამშენებლო კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 71%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, D.R. Horton-ის შემოსავალი წლიურად 6.5%-ით — $7.73 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.56 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი $947.4 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $2.82 იყო (პროგნოზი — $2.87).
ამასთან, D.R. Horton-ის მიერ კვარტალში დასრულებული სახლების რაოდენობა 12%-ით — 19,340-მდე გაიზარდა, მაგრამ მათმა მთლიანმა ღირებულებამ მხოლოდ 8%-ით — $7.3 მილიარდამდე მოიმატა სახლების დაბალი ფასების გამო. გარდა ამისა, კომპანიამ 3.3 მილიონი აქცია გამოისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც ოდნავ აჭარბებს $398 მილიონს.
კომპანიის თავმჯდომარის — დონალდ რ. ჰორტონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია და იპოთეკური განაკვეთები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, შეკვეთები წლიურად 35%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, D.R. Horton-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთლიანი ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავალი $36-$37.3 მილიარდს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ ფულადი ნაკადები $3 მილიარდს მიაღწევს და D.R. Horton $1.5 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის.
D.R. Horton-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $143.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $159.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $192.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი D.R. Horton-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
United Airlines
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, United Airlines Holdings-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ავიაკომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.
ავიაკომპანიების ინვესტორები ბოლო წლებში სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა პანდემიის შემდეგ ადამიანებმა დაკარგული დროის ანაზღაურება გადაწყვიტეს და შედეგად, 2022 და 2023 წლებში ავიაკომპანიებმა შესანიშნავი შედეგების დაფიქსირება შეძლეს. ახლა კი საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.
United Airlines-ის ბოლო შედეგები შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მეოთხე კვარტალში ავიაკომპანიის შემოსავალმა $13.63 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.55 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $2-ს (პროგნოზი — $1.7).
„მიუხედავად არაპროგნოზირებადი წინაღობებისა, ჩვენ შევძელით მაღალი EPS-ის დაფიქსირება, რაც ბევრისთვის შეუძლებელი ჩანდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი საოპერაციო რეკორდებიც დავამყარეთ“ — განაცხადა United Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სკოტ კირბიმ. „რაც შეეხება მომავალს, მოველით, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და United Airlines წარმოუდგენლად კარგად არის პოზიციონირებული მათ გამოსაყენებლად, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად“.
ინვესტორები განსაკუთრებით აღფრთოვანებულნი იყვნენ ავიაკომპანიის 2024 წლის პერსპექტივით. United Airlines-ში მოელიან, რომ წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $9-$11-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $9.45-ს.
United Airlines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $40.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $71.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი United Airlines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Logitech International
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Logitech International-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით გაუმჯობესდა.
მესამე კვარტალში Logitech-ის შემოსავალმა $1.26 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.24 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1.53 (პროგნოზი — $1.13). თუმცა, მიუხედავად ამისა, Logitech-ის აქციების ფასი შემცირდა იმის გამო, რაც წითელ ზღვაში ხდება.
წითელ ზღვაში გეოპოლიტიკური არეულობა აფერხებს ტრანსპორტირებას მრავალი კომპანიისთვის, მათ შორის Logitech-ისთვის. ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰანეკე ფაბერმა განაცხადა, რომ ეს იწვევს ევროპაში ინვენტარის მიწოდების დაგვიანებას. საბოლოოდ კი კომპანიის მიწოდების ხარჯები იზრდება.
ჰანეკე ფაბერმა სცადა ინვესტორების წახალისება იმით, რომ ევროპა Logitech-ის მთლიანი ბიზნესის მხოლოდ 30%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორებს აღელვებთ შესაძლებლობა, რომ ტრანსპორტირების პრობლემები კომპანიის მოგებას დააზარალებს.
რაც შეეხება მომავალს, Logitech-მა გაზარდა პროგნოზები ფისკალური 2024 წლისთვის. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი კომპანიაში მოელიან, რომ გაყიდვები წლიურად 6%-7%-ით შემცირდება. ამასთან, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი 4%-12%-ით მოიმატებს.
Logitech International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $85.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $84.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $108.00-ს, ხოლო მინიმალური — $61.05-ს. საშუალო სამიზნე ფასი Logitech International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.