პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Verizon, Pioneer Natural Resources, Costco, AT&T და Koninklijke Philips.
Verizon
პარასკევს ამერიკული სატელეკომუნიკაციო კონგლომერატის — Verizon-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 23%-ზე მეტით არის დაკლებული.
Verizon განაგრძობს მზარდ საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლას, ამასთან აშშ-ის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების სარგებელი პარასკევს 6 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 4.78% შეადგინა.
არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც საპროცენტო განაკვეთები Verizon-ისთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის კომპანიის $182 მილიარდის მოცულობის ვალი, რომელიც საბოლოოდ საჭიროებს რეფინანსირებას უფრო მაღალი განაკვეთებით, ვიდრე ამჟამად კომპანიას აქვს.
მეორე ის არის, რომ ინვესტორებს სხვა უფრო მაღალშემოსავლიანი ვარიანტები აქვთ თავიანთი ფულის დასაბანდებლად. თუ 10-წლიანი ობლიგაციების სარგებელი 4.8%-ს შეადგენს, ინვესტორებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პრემია, რომ საკუთარ თავზე აიღონ რისკი ისეთ კომპანიაში ინვესტირებით, როგორიცაა Verizon. სატელეკომუნიკაციო კომპანიის ამჟამინდელი დივიდენდური სარგებელი 8.6%-ს აღწევს, სხვაობა კი ამ ორ მაჩვენებელს შორის მხოლოდ 3.8%-ს შეადგენს.
2023 წლის მესამე კვარტლის შედეგები, რომლებიც 24 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ინვესტორებს აცნობებს, განაგრძობს თუ არა კომპანიის ფულადი ნაკადები სწორი მიმართულებით სვლას. მანამდე კი შეიძლება აქციების ფასები ობლიგაციების სარგებლის ცვლილებაზე იყოს დამოკიდებული.
Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pioneer Natural Resources
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებლის — Pioneer Natural Resources-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.
ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის შეძენას ენერგეტიკის ინდუსტრიის გიგანტი — ExxonMobil გეგმავს. The Wall Street Journal-ის ცნობით, გარიგების ღირებულება $60 მილიარდს შეადგენს. ჟურნალის ინფორმაციით, გარიგება შეიძლება დაიხუროს უახლოეს დღეებში, თუმცა ჯერჯერობით არაფერია დასრულებული.
Wall Street Journal-მა ინფორმაცია პოტენციური გარიგების შესახებ პირველად გაავრცელა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც განაცხადა, რომ ორი ნავთობკომპანია შერწყმის შესახებ წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
თუ გარიგება განხორციელდება, ეს ExxonMobil-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვა იქნება. გარიგება მას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი წინსვლით პერმის აუზში.
Pioneer Natural-ს აქვს უზარმაზარი ტერიტორია პერმის აუზში და ის, წარმოების თვალსაზრისით, უმსხვილესი მოთამაშეა. კომპანია ასევე გამოირჩევა დაბალი მარჟებითა და მყარი ფულადი სახსრების პროფილით. Pioneer Natural-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კუმულაციური ფულადი სახსრები თითქმის $13 მილიარდს მიაღწევს, მაშინაც კი, თუ West Texas Intermediate (WTI) ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ მხოლოდ $60 იქნება.
ამავდროულად, ExxonMobil ბოლო წლებში დიდ ყურადღებას ამახვილებს პერმის აუზზე. ნავთობკომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ 2027 წლისთვის შემოსავლებისა და ფულადი ნაკადების პოტენციალი გაორმაგდება და მოსალოდნელია, რომ პერმის აუზი ამ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
Pioneer Natural-ის შეძენის შემთხვევაში ExxonMobil გახდება ყველაზე დიდი მოთამაშე პერმის აუზში. 30 ივნისის მდგომარეობით ExxonMobil $30 მილიარდის ოდენობით ნაღდ ფულს ფლობდა.
Pioneer Natural-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $237.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $261.28-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $332.00-ს, ხოლო მინიმალური — $225.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pioneer Natural-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $107.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Costco
პარასკევს Costco-ს აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 23%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც ჩანს, Costco-ს აქციებზე ნეგატიურად იმოქმედა იმავე ფაქტორმა, რომელმაც ხუთშაბათს Coca-Cola-სა და Pepsico-ს აქციების ფასები შეამცირა.
ბაზარზე გავრცელდა მოსაზრება, რომ წონაში კლების მედიკამენტები, როგორიცაა Ozempic და Wegovy, მომხმარებლებს ნაკლები სასურსათო პროდუქტების ყიდვისა და ნაკლები კალორიების მოხმარებისკენ უბიძგებს.
აშშ-ში Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ფარნერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მედიკამენტები იწვევს „ზოგადი კალათის უმნიშვნელო კლებას. უბრალოდ ნაკლები პროდუქტები, ოდნავ მცირე კალორიები“.
Costco გაყიდვების უმეტესი ნაწილი სასურსათო პროდუქტებზე მოდის, ამიტომ, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მისი აქციების ფასის შემცირება სულაც არ არის გასაკვირი.
პარასკევს კიდევ ერთი მთავარი სიახლე იყო აშშ-ში სამუშაო ადგილების სექტემბრის ძლიერი ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას გასულ თვეში 336,000 სამუშაო ადგილი დაემატა და უმუშევრობის დონე უცვლელი დარჩა — 3.8%. ახალი ამბების გამო სახაზინო ობლიგაციების სარგებელი გაიზარდა, რამაც, როგორც ჩანს, დივიდენდურ აქციებზე გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ Costco-ს დივიდენდური სარგებელი დაბალია, კომპანიას სპეციალური დივიდენდების განაწილების დიდი ისტორია აქვს.
ჯერჯერობით ნაადრევია იმის დადგენა, თუ რა გავლენას იქონიებს წონაში კლების მედიკამენტები სურსათისა და სასმელების ინდუსტრიაზე, მაგრამ ეს ნამდვილად ის საკითხია, რომელსაც Costco-ს ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ამასთან, პარასკევს დაფიქსირებული რეაქცია არის შეხსენება, რომ Costco-ს მსგავს ე. წ. „უსაფრთხო აქციებსაც“ შეიძლება თან ახლდეს დიდი რისკები.
Costco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $557.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $601.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $680.00-ს, ხოლო მინიმალური — $502.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Costco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 25 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AT&T
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, სატელეკომუნიკაციო კომპანიის — AT&T-ს აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 23%-ით არის დაკლებული.
Bloomberg-ის თანახმად, AT&T-ის მენეჯმენტმა დაიწყო DirecTV-ის 70%-იანი წილის გასხვისების ვარიანტების შესწავლა. სატელეკომუნიკაციო გიგანტი DirecTV-ს ფლობს კერძო საინვესტიციო ფირმასთან — TPG-სთან ერთად ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. DirecTV იმ დროისთვის დაახლოებით $16 მილიარდად იყო შეფასებული და ამ ერთობლივი საწარმოს პირობები მოიცავდა სამწლიან ვალდებულებას, რაც AT&T-ს ანიჭებს უფლებას, გაყიდოს თავისი წილი 2024 წლის 31 ივლისის შემდეგ.
AT&T-სა და TPG-ს წარმომადგენლებმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი განაცხადეს, ხოლო DirecTV-ის მენეჯმენტის თქმით, ისინი ამ ამბის საქმის კურსში არ არიან.
AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Koninklijke Philips
პარასკევს, ნეგატიური სიახლის შემდეგ, სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანიის — Koninklijke Philips-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის გაუმჯობესებული.
ხუთშაბათს კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) რეკომენდაციას უწევს ძილის აპნოესა და რესპირატორული მოწყობილობების დამატებით ტესტირებას, სანამ ისინი ბაზარზე დაბრუნდება.
ხუთშაბათს Koninklijke Philips-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ FDA-სთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, ისინი მოწყობილობებზე შემდგომი ტესტირებების ჩატარებას დათანხმდნენ. FDA-ს წარმომადგენლების თქმით, Philips-ის მიერ გაზიარებული ტესტირებისა და ანალიზის შედეგები საკმარისი არ იყო რისკების დასადგენად.
ეს პროცესი 2021 წელს დაიწყო. ამ მოწყობილობებში, გარკვეული საწმენდი მასალების გამოყენებისას, პოლიესტერზე დაფუძნებული პოლიურეთანის ქაფი იშლება, რამაც მომხმარებლებში, FDA-ს წარმომადგენლების თქმით, კიბო და სხვა დაზიანებები გამოიწვია. მათი განცხადებით ამ მოწყობილობებთან დაკავშირებით არსებობს 100,000 საჩივარი და 385 გარდაცვალების შემთხვევა.
კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში $606 მილიონის ღირებულების ზოგიერთი სამართლებრივი საკითხი მოაგვარა. Philips-ს ასევე ემუქრება პრეტენზიები პერსონალური დაზიანების შესახებ (მოწყობილობებთან დაკავშირებით) და გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტის მიერ.