• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 4, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, Nutanix, Elastic, Samsara და Broadcom.

Intel

პარასკევს, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის — Intel-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.

Intel-ის აქციების ფასის ზრდის მიზეზი არის მენეჯმენტის ახალი პროგნოზი მოგების შესახებ, რომელიც აღმასრულებელმა დირექტორმა — პეტ გელსინგერმა ხუთშაბათს 2023 წლის DB ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოავლინა. მესამე კვარტლის დაწყებისთანავე, Intel-ში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე მეოთხედში კომპანიის მოგებას ადრე ნავარაუდევზე უკეთესი პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად, მენეჯმენტის აზრით, Intel-ის EPS-ს (მოგება თითო აქციაზე) შეუძლია ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.21-ს გადააჭარბოს.

თუმცა Intel-მა საზოგადოებას სხვა პოზიტიური სიახლეც გაუზიარა.

როგორც Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, Intel-ისთვის მართლაც დიდი სიახლე იყო ის, რომ კომპანიამ მიიღო წინასწარი გადახდა მსხვილი მომხმარებლისგან, რომელსაც სურს, სპეციალიზებული ნახევარგამტარების წარმოებისთვის Intel-ის სამსხმელო სიმძლავრე გამოიყენოს. ანალიტიკოსების თქმით, ეს ადასტურებს კომპანიის სამსხმელო გეგმების სიცოცხლისუნარიანობას და წარმატებას სხვა კომპანიებისთვის ჩიპების წარმოებიდან მიღებული შემოსავლის ზრდაში.

Intel

თუ ვივარაუდებთ, რომ ანალიტიკოსები სწორად აფასებენ Intel-ის სიახლეებს, კომპანიის სამსხმელო ბიზნესიდან შემოსავალმა ზრდა შეიძლება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს. ეს ასევე არის ფაქტორი, რომელსაც შეიძლება კომპანიის მომავალ მოგების ანგარიშში გაესვას ხაზი და მან, შესაძლოა, პოტენციურად იმოქმედოს მენეჯმენტის შემოსავლების პროგნოზზე ამ წლის ბოლომდე და 2024 წლამდე.

ასე რომ, Intel-მა ხუთშაბათს ინვესტორებს ორი რამ უთხრა: 1) მესამე კვარტალში კომპანიის მოგება მოლოდინს გადააჭარბებს; 2) შესაძლოა მენეჯმენტმა პროგნოზები გაზარდოს და კვლავ მოლოდინებზე უკეთესი შედეგების დაფიქსირების შესახებ განაცხადოს.

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.60-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $36.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.80%-იან ვარდნას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nutanix

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nutanix-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ქლაუდ და ჰიპერ-კონვერგირებული ინფრასტრუქტურის (HCI) სპეციალისტის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის გაუმჯობესებული.

Nutanix-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 28%-ით — $494.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $475.24 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ $67.5 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო განზავებულ აქციაზე (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება) $0.24 იყო (პროგნოზი — $0.16).

Nutanix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — რაჯივ რამასვამიმ გაურკვეველ მაკრო გარემოში თანმიმდევრული წარმადობა კომპანიის გამოწერაზე დაფუძნებულ მოდელს მიაწერა.

Nutanix-ის წლიური კონტრაქტის ღირებულება (ACV — თითოეული მომხმარებლის კონტრაქტიდან მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი, საკომისიოს გამოკლებით) — ძირითადი მეტრიკა, რომელიც ანალიტიკოსებს სამომავლო ზრდის გაზომვაში ეხმარება — წლიდან წლამდე შთამბეჭდავი 44%-ით — $278.7 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო წლიურმა განმეორებითმა შემოსავალმა (ARR) 30%-ით მოიმატა და $1.56 მილიარდს მიაღწია. Nutanix-ის კლიენტების კონტრაქტების საშუალო ვადა ზუსტად სამი წელი იყო, ეს მაჩვენებელი, გასული წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებული შედეგიდან — 3.2 წელი — ოდნავ შემცირდა.

Nutanix

გარდა ამისა, Nutanix-მა ფულადი სახსრების გამომუშავება მკვეთრად გააუმჯობესა, კვარტალური თავისუფალი ფულადი ნაკადები წლიდან წლამდე თითქმის ორჯერ გაიზარდა და $45.5 მილიონს მიაღწია.

ამასთან, Nutanix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭომ კომპანიას ნება დართო, $350 მილიონის ღირებულების A კლასის ჩვეულებრივი აქციები გამოისყიდოს — ეს, დღევანდელ ფასებში, Nutanix-ის მთლიანი აქციების დაახლოებით 4,5%-ს წარმოადგენს.

დაბოლოს, Nutanix-მა ფისკალური 2024 წლის პროგნოზებიც შემოგვთავაზა. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში შემოსავალი $2.085-$2.115 მილიარდს მიაღწევს და ეს დიაპაზონი აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.08 მილიარდს.

Nutanix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.60-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $40.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $35.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nutanix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.80%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Elastic

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Elastic-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი საძიებო ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის მომატებული.

გასულ კვარტალში, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, Elastic-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით — $293.8 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $284.5 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ $25.4 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო განზავებულ აქციაზე $0.25 იყო (პროგნოზი — $0.11).

წლიდან წლამდე Elastic-ის მომხმარებელთა რაოდენობა 6.2%-ით გაიზარდა და კვარტლის ბოლოს 20,500 შეადგინა. აქედან წლიური კონტრაქტის ღირებულება (ACV) $100,000-ს აჭარბებს 1,190 მომხმარებლის შემთხვევაში, რაც წინა წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ 1,010-ს აღემატება. Elastic-ის წმინდა გაფართოების მაჩვენებელი (გამოითვლება პერიოდის დასაწყისში მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლის შედარებით იმავე მომხმარებლების მიერ პერიოდის ბოლოს გამომუშავებულ შემოსავალთან) ასევე უცვლელი დარჩა — დაახლოებით 113%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებულმა მომხმარებლებმა საშუალოდ 13%-ით მეტი დახარჯეს კომპანიის სერვისებზე თავიანთი პირველი წლის შემდეგ.

Elastic

გარდა ამისა, Elastic-ის მენეჯმენტმა პროგნოზები გაზარდა. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $1.242-$1.25 მილიარდს შეადგენს, ძველი პროგნოზი კი $1.238-$1.25 მილიარდი იყო. რაც შეეხება მოგებას, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ EPS $1.01-$1.11-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $0.94-$1.06).

Elastic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.60-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $79.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Elastic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Samsara

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Samsara-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ნივთების ინტერნეტის (IoT) სპეციალისტის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი მკვეთრად — დაახლოებით 160%-ით არის გაუმჯობესებული.

გასულ კვარტალში Samsara-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 43%-ით — $219 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $207.37 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ $3.9 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.01 იყო (პროგნოზი — $-0.02). გასული წლის იმავე კვარტალში Samsara-მ $18.7 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა.

გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა პროგნოზები მთელი ფისკალური წლისთვის. მენეჯმენტი მოელის, რომ ამ პერიოდში შემოსავალი $896-$900 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS $0.02-ს შეადგენს. ეს ორივე მაჩვენებელი აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $873 მილიონს და $0.02-ის ოდენობით ზარალს წარმოადგენს.

Samsara-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $30.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Samsara-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Broadcom-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით არის გაუმჯობესებული.

2023 წლის ფისკალურ მესამე კვარტალში Broadcom-ის შემოსავალმა $8.88 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.85 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $10.54 (პროგნოზი — $10.43).

მართალია, გაყიდვებმა პროგნოზებს გადააჭარბა, თუმცა შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მოგებას, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $7.74 შეადგინა და ანალიტიკოსების პროგნოზს საგრძნობლად ჩამორჩა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს აჭარბებს, მაგრამ ის მხოლოდ 8%-ით გაიზარდა.

Broadcom

რაც შეეხება მომავალს, Broadcom-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ მეოთხე კვარტალში გაყიდვები მხოლოდ $9.27 მილიარდს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.28 მილიარდს და ასევე წარმოადგენს მხოლოდ 4%-იან ზრდას წლიდან წლამდე. ეს უფრო ნელი ზრდის ტემპია, ვიდრე მესამე კვარტალში დაფიქსირდა.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $872.50-ს შეადგენს. კომპანიის სამიზნე ფასის მონაცემები უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსის პროგნოზებს ეყრდნობა. საშუალო სამიზნე ფასი $965.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1050.00-ს, ხოლო მინიმალური — $900.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ვინ არის უორენ ბაფეტი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

გავრცელებული ფინანსური შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გავრცელებული ფინანსური შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ

გავრცელებული ფინანსური შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved