პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Gap, ExxonMobil, Alibaba და Applied Materials.
Gap
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Gap-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ტანსაცმლის საცალო მოვაჭრის აქციების ფასი მკვეთრად — 30%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში Gap-ის წმინდა გაყიდვები წლიდან წლამდე 7%-ით — $3.77 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.61 მილიარდს. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ $218 მილიონი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.58 იყო, რაც ჩამორჩება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $0.77-ს. უოლ სტრიტის პროგნოზი კი $0.20 იყო. კორექტირებულმა EPS-მა, რომელიც ითვალისწინებს ისეთ ერთჯერად ხარჯებს, როგორიცაა რესტრუქტურიზაცია, $0.59 შეადგინა.
Gap-ის შემოსავალში მისი Old Navy ბრენდი ლიდერობდა — წმინდა გაყიდვები წლიდან წლამდე 1%-ით შემცირდა და $2.13 მილიარდი შეადგინა, რადგან მაღაზიების დახურვის გავლენა ოდნავ აღემატება ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 1%-იან ზრდას. Gap-ის ბრენდის გაყიდვები წლიდან წლამდე 15%-ით — $887 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მისმა comps-მაც 1%-იანი კლება განიცადა. მაგრამ Gap-ის გაყიდვები უფრო მოკრძალებული 6%-ით შემცირდებოდა, რომ არა Gap China-ს გაყიდვა და Yeezy Gap-ის დახურვა.
ამავდროულად, Banana Republic-ის გაყიდვები 11%-ით — $460 მილიონამდე შემცირდა, ხოლო comps — 8%-ით. Athleta-სთვის ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 18%-იანი და 19%-იანი კლება განიცადა.
მიუხედავად ამისა, Gap-ის ფინანსურმა დირექტორმა — კატრინა ო’კონელმა განაცხადა, რომ კვარტალი მთლიანობაში კომპანიისთვის მიმდინარე პროგრესს ასახავს, რასაც ხაზს უსვამს მარჟების გაფართოება და მყარი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირება. მართლაც, მთლიანი მარჟა, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, 390 საბაზისო პუნქტით — 41.3%-მდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს ჯერჯერობით Gap-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $544 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება მომავალს, Gap-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს წმინდა გაყიდვები, გასული წლის $15.6 მილიარდიდან ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ მიმდინარე წლის კაპიტალური ხარჯები $475 მილიონს შეადგენს (წინა პროგნოზი — $500-$525 მილიონი). ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ Gap მაღაზიების გახსნის გეგმას ჩამორჩება, რადგან კომპანია ზრდის და მომგებიანობის დაბალანსებაზე მუშაობს.
Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ExxonMobil
პარასკევს, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ნავთობის მწარმოებელი ინდუსტრიის გიგანტის — ExxonMobil-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.5%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ბარელზე $68-ზე დაბლა დაწევის შემდეგ, WTI-ის (West Texas Intermediate) ნედლი ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო და სექტემბერში $90-ს გადააჭარბა. ხუთშაბათს ეს მაჩვენებელი დაეცა ნიშნულამდე, რომელიც ბოლოს ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, მაგრამ პარასკევს ყველაფერი შეიცვალა.
პარასკევს, როგორც WTI-ის, ასევე Brent-ის (საერთაშორისო ეტალონი) ნედლი ნავთობის ფასები დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $75-ს და $80-ს გადააჭარბა. ამან კი ExxonMobil-ის აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა.
ზრდა მოჰყვა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პოზიტიურ კომენტარს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნავთობის ფასის $75-მდე შემცირებამ ადრე OPEC-ისგან საპასუხო ქმედებები გამოიწვია. OPEC-ის შეკრება, ნავთობის მოპოვების კვოტების განსახილველად, მიმდინარე კვირაში იგეგმება. Goldman Sachs-ში მიიჩნევენ, რომ OPEC — და განსაკუთრებით საუდის არაბეთი — სავარაუდოდ შეცვლის წარმოების განაკვეთებს, რათა მომავალ წელს ნავთობის ფასმა მინიმუმ $80 შეადგინოს და ფასის დიაპაზონი ბარელზე $80-$100-მდე გაიზარდოს.
ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $105.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
პარასკევს ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის — Alibaba-ს აქციების ფასი კვლავ შემცირდა, ამჯერად დაახლოებით 2%-ით. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 16%-ზე მეტით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Alibaba-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $30.8 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს დაახლოებით $189 მილიონით აღემატება.
კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი 21%-ით მოიმატა და $2.16-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.09-ს. თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.49 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.10-ით ჩამორჩა.
თუმცა, ცუდი ამბავი ის იყო, რომ კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, Cloud Intelligence Group Alibaba-ს ბიზნესს აღარ გამოეყოფა. ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ CIG-ის სპინოფს, ალბათ იმიტომ, რომ შემოსავლების ზრდის მხოლოდ 2%-იანი მაჩვენებლით ეს მიმართულება Alibaba-ს სხვა ბიზნესებს ჩამორჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას Alibaba-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.
შედეგად, პარასკევ დილით ექვსმა ცალკეულმა ანალიტიკოსმა შეამცირა Alibaba-ს აქციების სამიზნე ფასები. ამას ემატება ორი ანალიტიკოსი, რომელმაც ეს მაჩვენებლები ხუთშაბათ ღამით შეამცირა.
HSBC-ში აღნიშნეს, რომ უოლ სტრიტი CIG-ის სპინოფს Alibaba-ს აქციების ღირებულების გასაზრდელად აუცილებელ პირობად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა ბაზარს ჩინეთის ქლაუდ სეგმენტის სისუსტე აღელვებს. UBS-ში განაცხადეს, რომ Alibaba-ს დამფუძნებელი — ჯეკ მა კომპანიის ყიდის აქციებს. Morgan Stanley-მ Alibaba-ს აქციების სამიზნე ფასი უმეტესობაზე მეტად შეამცირა — $110-მდე. კომპანიის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აშფოთებთ მოხმარების ზრდის შენელება, რაც Alibaba-ს საცალო გაყიდვებს დააზარალებს.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 63%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Applied Materials
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Applied Materials-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა ნახევარგამტარული აღჭურვილობის სპეციალისტის აქციების ფასი 4%-ით შემცირდა, რადგან კომპანია ნეგატიურმა სიახლემ დააზარალა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში Applied Materials-ის შემოსავალი წლიდან წლამდე უცვლელი დარჩა და $6.72 მილიარდი შეადგინა, ხოლო კორექტირებული EPS 4%-ით — $2.12-მდე გაიზარდა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთი იყო: შემოსავალი — $6.5 მილიარდი; კორექტირებული EPS — 1.99.
თუმცა Reuters-ის მოხსენების თანახმად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება Applied Materials-ის მიმართ, ჩინეთში დაფუძნებული ჩიპების მწარმოებელზე — SMIC-ზე, ექსპორტის შეზღუდვების პოტენციურად თავის არიდების გზით, პროდუქციის მიყიდვის გამო. უფრო კონკრეტულად, Reuters-ის წყაროების განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტი ეჭვობს, რომ, შესაძლოა, Applied Materials-მა მილიონობით დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გაუგზავნა SMIC-ს სამხრეთ კორეის გავლით, ექსპორტის ლიცენზიების გარეშე. ასეთი გაყიდვები არღვევს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც გასული წლის ბოლოს დაწესდა. ეს სანქციები მიზნად ისახავს, შეზღუდოს ამერიკული ტექნოლოგიების ნაკადის გადინება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩინეთის სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
Applied Materials-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ კომპანია თანამშრომლობს სამთავრობო მოხელეებთან. Applied Materials-ის მენეჯმენტის თქმით, კომპანია შესაბამისობისა და გლობალური კანონების, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და სავაჭრო რეგულაციების ერთგულია.
მომავალში დადგინდება, გამოიწვევს თუ არა გამოძიება Applied Materials-ის მიმართ რაიმე ბრალის წაყენებას.
Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $149.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $128.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.