პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის AppLovin, Green Dot, Consolidated Water და Flower Foods.
AppLovin
პარასკევს, კონკურენტის მიერ კვარტალური ანგარიშის წარდგენის და ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, AppLovin-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 308%-ით არის გაუმჯობესებული.
AppLovin არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც მობილური აპლიკაციების შემქმნელებს საშუალებას აძლევს, გააძლიერონ თავიანთი აპლიკაციების მარკეტინგი და მონეტიზაცია შეერთებულ შტატებში და საერთაშორისო დონეზე.
შესაძლოა, AppLovin-ის ყველაზე დიდი კონკურენტი არის Unity. და AppLovin-ის 2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები (წარადგინა 8 ნოემბერს) მთლიანობაში უკეთესი იყო, ვიდრე Unity-ის კვარტალური ანგარიში, რომელიც ამ უკანასკნელმა ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგინა.
AppLovin-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით — $864 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $797.12 მილიონი). კომპანიამ $109 მილიონის ოდენობით წმინდა მოგება გამოიმუშავა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.3 იყო (პროგნოზი $0.27). შედარებისთვის, Unity-ის კორექტირებული შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 8%-ით გაიზარდა და $544.2 მილიონი შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $554.17 მილიონი). კომპანიის წმინდა ზარალმა კი $125 მილიონს მიაღწია, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.32 იყო (პროგნოზი — $0.17).
რაც შეეხება მომავალს, AppLovin-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $910-$930 მილიონს შეადგენს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიდან წლამდე 31%-იან ზრდას გულისხმობს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიისთვის საუკეთესო მატება იქნება.
გარდა ამისა, StreetInsider-ის თანახმად, DA Davidson-ის ანალიტიკოსმა — ფრანკო გრანდამ პარასკევს AppLovin-ის აქციების სამიზნე ფასი $47-დან $55-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი პარასკევის დახურვის ფასს 25%-ით აღემატება.
AppLovin-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AppLovin-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Unity-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $27.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $49.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Unity-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Green Dot
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Green Dot-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ფინანსური პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 34%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის დაკლებული.
Green Dot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 3%-ით — $353 მილიონამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $335 მილიონს გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსურ პროდუქტებზე არსებული თანხის მთლიანი მოცულობა გაიზარდა, დაფიქსირდა სისუსტე რამდენიმე ძირითადი მეტრიკის, მათ შორის შესყიდვების მოცულობაში, რომელიც 17%-ით — $5.36 მილიარდამდე შემცირდა. გარდა ამისა, აქტიური ანგარიშების რაოდენობა 4.33 მილიონიდან (წინა კვარტალში) 3.67 მილიონამდე შემცირდა, რაც ასახავს სისუსტეს როგორც სამომხმარებლო, ასევე B2B სერვისების სეგმენტებში.
შედეგად, Green Dot-ის მოგების მარჟა მკვეთრად დაეცა. კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, $45.5 მილიონიდან $23.7 მილიონამდე შემცირდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.44-დან $0.14-მდე დაიკლო. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $0.21-ს მიაღწევდა.
რაც შეეხება მომავალს, Green Dot-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $1.62-$1.69-ს შეადგენს, რაც საკმაოდ ჩამოუვარდება წინა პროგნოზს — $1.80-$1.90-ს.
Green Dot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Green Dot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 96%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Consolidated Water
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Consolidated Water-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი წყალმომარაგების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 132%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Consolidated Water-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 99%-ით — $49.9 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გაცილებით გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $37 მილიონს.
ეს ზრდა უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალში 237%-იანი ნახტომით — $29.4 მილიონამდე, რადგან კომპანიამ მიიღო $20 მილიონის ოდენობით შემოსავალი თავისი PERC შვილობილი კომპანიისგან, არიზონაში მოწინავე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში პროგრესის გამო.
გარდა ამისა, მან ისარგებლა ტურიზმის გაზრდით დიდ კაიმანში, სადაც გაყიდული წყლის მოცულობამ 16%-ით მოიმატა. კომპანიამ ასევე მიიღო თანხმობა ჰავაიში $204 მილიონის ღირებულების გამწმენდი ქარხნის მშენებლობის პროცესის პირველი ფაზის დასაწყებად.
PERC-ისგან $20 მილიონის მიღების შედეგად, თითო აქციაზე მოგება $0.05-დან $0.55-მდე გაიზარდა, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.40-ს. კომპანიამ კვარტალში ასევე გაზარდა დივიდენდი 11.8%-ით — $0.095-მდე.
აღმასრულებელმა დირექტორმა — რიკ მაკტაგარტმა თქვა: „კვლავ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენი მომავალი ზრდის პერსპექტივების მიმართ. წახალისებულები ვართ დიდ კაიმანში ტურიზმის მუდმივი აღდგენით და ჩვენი პროგრესით მიმდინარე რამდენიმე დიდ სამშენებლო პროექტში“.
Consolidated Water-ის მენეჯმენტს მომდევნო კვარტლისთვის ან მიმდინარე წლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარუდგენია.
Consolidated Water-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $29.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Consolidated Water-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან კლებას გულისხმობს.
Flower Foods
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Flower Foods-მა უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი აშშ-ში პურ-ფუნთუშეულის სიდიდით მეორე კომპანიის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით არის დაკლებული.
Flower Foods-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს — $1.199 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.21 მილიარდი). თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი კომპანიის მიერ ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
მესამე კვარტალში, კალიფორნიაში კოლექტიური სარჩელის გამო, Flower Foods-მა დააფიქსირა $46.7 მილიონის ოდენობით ზარალი, თუმცა ამის გათვალისწინებით კორექტირებულმა EPS-მა წლიდან წლამდე მაინც დაახლოებით 3%-ით დაიკლო და $0.29 შეადგინა (პროგნოზი — $0.28).
რაც შეეხება მომავალს, Flower Foods-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ სრული წლის განმავლობაში შემოსავალი $5.085-$5.104 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $5.095-$5.141 მილიარდი). გარდა ამისა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მთელი წლის EPS $0.60-$0.67 იქნება. ეს დიაპაზონი საგრძნობლად ჩამოუვარდება მენეჯმენტის ძველ პროგნოზს — $1.18-$1.25-ს.
Flower Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $21.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $26.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Flower Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს.