პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Paramount, Gartner, Ubiquiti, Trupanion და Expedia.
Paramount
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Paramount-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მედიაკომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული.
მესამე კვარტალში Paramount-ის შემოსავალმა $7.13 მილიარდი შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზებს $11.12 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.30-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.10). როგორც ვხედავთ, შემოსავალი მოლოდინს ოდნავ აღემატებოდა, ხოლო მოგებამ უოლ სტრიტის პროგნოზებს ძალიან გადააჭარბა და, როგორც ჩანს, ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი, გამონაკლისი მოვლენა.
რა იდგა მოგების ასეთი მაჩვენებლის უკან? ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი იყო უფრო კონსერვატიული მიდგომა Paramount+ სტრიმინგ პლატფორმაზე ხარჯვის მიმართ.
Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის — ბობ ბაკიშის თქმით, კომპანიის ინვესტიციებმა, სტრიმინგ პლატფორმისთვის კონტენტისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, პიკს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა კომპანია წყვეტს ფულის ხარჯვას კონტენტის გასაძლიერებლად და მომხმარებლების მიერ პლატფორმის ათვისების ხელშესაწყობად, Paramount-ის მოგება ნაკლები ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს.
ასეთ პირობებში კი Paramount+-ის გამომწერების რაოდენობა 2.7 მილიონით გაიზარდა და აბონენტთა საერთო რიცხვმა 63 მილიონს გადააჭარბა. მომსახურების სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა წლიდან წლამდე 61%-ით მოიმატა გამომწერების რაოდენობისა და რეკლამების მიმართულებით გაყიდვების ზრდის წყალობით.
Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Gartner
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Gartner-მა ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტექნოლოგიური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Gartner-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5.8%-ით — $1.409 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.39 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $2.56 შეადგინა (პროგნოზი — $1.96).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯინ ჰოლმა გასულ მეოთხედს კიდევ ერთი ძლიერი კვარტალი უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანიამ მიაღწია კონტრაქტის ღირებულების მაღალ ერთნიშნა პროცენტულ ზრდას, ამასთან თავისუფალი ფულადი ნაკადების (გაიზარდა 6.9% -ით $302 მილიონამდე), შემოსავლისა და მოგების პროგნოზებს გადააჭარბა.
Gartner-ის გლობალური ტექნოლოგიების გაყიდვების კონტრაქტის ღირებულება წლიდან წლამდე 6.5%-ით — $3.6 მილიარდამდე გაიზარდა (ვალუტის უცვლელი კურსის შემთხვევაში), ხოლო გლობალური ბიზნესის გაყიდვების კონტრაქტის ღირებულებამ 14%-ით მოიმატა (დივესტირების გამოკლებით) და $1 მილიარდი შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ Gartner-მა გასულ კვარტალში 600,000 აქცია გამოისყიდა $209 მილიონად, გასულ თვეში კი დირექტორთა საბჭომ კომპანიის აქციების გამოსყიდვის ავტორიზაციის $500 მილიონით ზრდა დაამტკიცა.
რაც შეეხება მომავალს, Gartner-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი მინიმუმ $5.89 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $5.85 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS $10.90-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $10.00).
Gartner-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $387.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $381.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $358.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gartner-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ubiquiti
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Ubiquiti-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპიუტერული ქსელების პროდუქტების სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის 61%-ით არის დაკლებული.
ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლისთვის Ubiquiti-ს შემოსავალმა ოდნავ გადააჭარბა $463 მილიონს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $546.16 მილიონი). გასული წლის იმავე კვარტალში შემოსავალი $498 მილიონს აღემატებოდა. ამასთან, კორექტირებული მოგება $88.9 მილიონამდე შემცირდა (ფისკალური 2023 წლის პირველი კვარტალი — $94 მილიონი), ანუ კორექტირებულმა EPS-მა $1.47 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ძალიან ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.17-ს.
მენეჯმენტმა შემოსავლების შემცირება საწარმოს ტექნოლოგიური პლატფორმის მოხმარების შემცირებას მიაწერა. გეოგრაფიული თვალსაზრისით, Ubiquiti-მ წლიდან წლამდე 14%-იანი კლება განიცადა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში და — 20% ვარდნა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
უფრო ნათელი წერტილი ის არის, რომ Ubiquiti-მ შეინარჩუნა კვარტალური დივიდენდი. მენეჯმენტის თქმით დივიდენდური ანაზღაურება თითო აქციაზე $0.60-ს შეადგენს, რაც გასული 9 წლის მაჩვენებლებს შეესაბამება. კომპანიამ თავისი აქციონერების კვარტალურად დაჯილდოება 2018 წლის ბოლოს დაიწყო და ეს თანხა სამ ცალკეულ შემთხვევაში გაზარდა.
Ubiquiti-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $106.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $240.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $375.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ubiquiti-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 126%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა კი — გაყიდვის რეკომენდაცია.
Trupanion
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Trupanion-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი შინაური ცხოველების დაზღვევის პროვაიდერის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის შემცირებული.
Trupanion-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით — $285.9 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $275.01 მილიონი), ხოლო მისი წმინდა ზარალი $4 მილიონამდე შემცირდა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.10 იყო (პროგნოზი — -$0.31). გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა -$0.32 შეადგინა.
Trupanion-ის გამოწერებზე დაფუძნებული ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 20%-ით — $182.9 მილიონამდე გაიზარდა. რეგისტრირებული შინაური ცხოველების რაოდენობამ კი 19%-ით — 1,712,177-მდე მოიმატა, მათ შორის 20%-იანი (969,322-მდე) ზრდა დაფიქსირდა გამოწერის სერვისის ფარგლებში დარეგისტრირებულ შინაურ ცხოველებში.
Trupanion-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — დერილ როულინგმა ხაზი გაუსვა კომპანიის ჯანსაღ ფულად ნაკადებს — მათ შორის $11 მილიონის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები და $7 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები — ისევე, როგორც ძლიერ წარმადობას მთელი ბიზნესის მასშტაბით.
რაც შეეხება მომავალს, Trupanion-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $289-$295 მილიონს მიაღწევს, მათ შორის გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი $190-$195 მილიონს გაუტოლდება. სრული 2023 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი დაახლოებით 22%-ით მოიმატებს და $1.1-$1.108 მილიარდს შეადგენს. უოლ სტრიტი პროგნოზირებს, რომ ეს მაჩვენებელი $1.08 მილიარდს მიაღწევს.
Trupanion-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trupanion-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Expedia
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Expedia-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ონლაინ ტურისტული სააგენტოს აქციების ფასი თითქმის 19%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Expedia-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $3.93 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.86 მილიარდი), რაც კომპანიისთვის ყველა დროის რეკორდია. ამას ხელი შეუწყო ჯავშნებმა, რომლებმაც 8%-ით — $18.5 მილიარდამდე მოიმატა და ასევე რეკორდულ შედეგს მიაღწია. კორექტირებული წმინდა მოგება 33%-ით — $778 მილიონამდე გაიზარდა, ანუ კორექტირებული EPS $5.41 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.99). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წმინდა მოგების კუთხითაც რეკორდული შედეგი დააფიქსირა.
გარდა ამისა, Expedia-ს მენეჯმენტმა $5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა. თუ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას — $16 მილიარდს გავითვალისწინებთ, აქციების გამოსყიდვის პროგრამის განხორციელების შედეგად შეიძლება Expedia-ს აქციების რაოდენობა თითქმის სამჯერ შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ აქციონერებს კომპანიის მოგების მზარდ წილზე ექნებათ წვდომა.
Expedia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $113.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $125.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $91.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Expedia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.