პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, Chevron, AppFolio, Boston Beer და Ford.
Intel
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Intel-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ნახევარგამტარების მწარმოებლის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში Intel-ის შემოსავალი წლიდან წლამდე $14.2 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.53 მილიარდი). მთლიანი მოგების მარჟა ამ შემოსავალზე 10 საბაზისო პუნქტით — 42.5%-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა საოპერაციო მოგების მარჟის გაუმჯობესება შეძლო, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნეგატიურია — -0.1% (გასული წლის იმავე კვარტალში — -1.1%). უფრო მეტიც, საოპერაციო მარჟის გაუმჯობესებაზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ Intel-მა შეაჩერა კვლევა და განვითარება (R&D) და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში $800 მილიონით ნაკლები ინვესტიცია განახორციელა R&D-ში, ვიდრე გასულ წელს.
საბოლოოდ, კომპანიამ მოგების გამომუშავება შეძლო. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.41 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.22), თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS მხოლოდ $0.07 იყო.
რაც შეეხება მომავალს, Intel-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი ზრდას განაგრძობს და დაახლოებით $14.6-$15.6 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მთლიანი მოგების მარჟა გაუმჯობესდება და 43.3%-ს მიაღწევს. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $0.23-ს შეადგენს, ხოლო კორექტირებული — $0.44-ს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.30).
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $56.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chevron
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Chevron-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნავთობკომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 17%-ით არის დაკლებული.
მესამე კვარტალში Chevron-ის საოპერაციო შემოსავალი წლიდან წლამდე 18.3%-ით — $52 მილიარდამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა პროგნოზს — 17.9%-იან ვარდნას, რაც ძირითადად გამოწვეული იყო საქონლის დაბალი ფასებით. Chevron-ის კორექტირებულმა მოგებამ $5.72 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $3.05 იყო. გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $5.56-ს მიაღწია, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი $3.33 იყო.
მიუხედავად ამისა, Chevron-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ ვირტმა კომპანიის პრესრელიზში განაცხადა, რომ Chevron-ისთვის ეს სოლიდური ფინანსური შედეგების კიდევ ერთი მეოთხედი იყო და კომპანიამ აქციონერებს ძლიერი ფულადი ანაზღაურება მოუტანა. მაიკმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიამ წელს მათ $20 მილიარდი დაუბრუნა აქციების გამოსყიდვის პროგრამისა და დივიდენდების საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში Chevron-მა PDC Energy-ის შესყიდვის გარიგება დახურა, გაზარდა თავისი წილი დენვერ-იულესბურგის და პერმის აუზებში შეერთებულ შტატებში.
გარდა ამისა, Chevron-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია გეგმავს, $53 მილიონად (ანგარიშსწორება სრულად აქციებით) შეიძინოს Hess. ეს უკანასკნელი არის ამერიკული გლობალური ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძიებასა და წარმოებაში მონაწილეობს. როგორც ჩანს, ინვესტორები ნერვიულობენ იმ რისკების გამო, რომლებიც ასეთი მასშტაბის შერწყმებსა და შესყიდვებს მოჰყვება.
გარიგების პირობები ითვალისწინებს Chevron-ის მიერ Hess-ის თითო აქციისთვის 1,025 აქციის გადახდას და დაახლოებით $7 მილიარდის ოდენობით ვალის აღებას. სანაცვლოდ, Chevron მიიღებს წვდომას გაიანაში აღმოჩენილ ნავთობის ახალ მარაგებზე, ასევე შელფის აქტივებზე ჩრდილოეთ დაკოტაში.
თუმცა ეს გარიგება Chevron-სგან დაახლოებით 317 მილიონი ჩვეულებრივი აქციის გამოშვებას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის თითოეული არსებული აქცია მთლიანი კომპანიის უფრო მცირე ნაწილი გახდება.
Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $144.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $189.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $166.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AppFolio
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, AppFolio-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი უძრავი ქონების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75%-ით არის გაუმჯობესებული.
AppFolio მომხმარებლებს, იჯარით გაცემული საკუთრებების მართვისთვის, ქლაუდზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფს სთავაზობს. კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით გაიზარდა და $165.4 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $157.19 მილიონი), რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ კვარტალურ ზრდის ტემპს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანიას დაემატა დაახლოებით 100,000 ახალი გაქირავებული ერთეული, რომელიც ახლა მისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით იმართება.
უფრო მეტიც, AppFolio-ს საოპერაციო შემოსავალი გაუმჯობესდა. გასული წლის იმავე კვარტალში საოპერაციო ზარალი $7.8 მილიონს აღწევდა და წინა კვარტალში ზარალმა მხოლოდ $100,000 შეადგინა.
კვარტალური ანგარიშის შემდეგ რამდენიმე ანალიტიკოსმა AppFolio-ს აქციების სამიზნე ფასები გაზარდა. მაგალითად, DA Davidson-ის ანალიტიკოსმა კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $230-დან $240-მდე გაზარდა.
გარდა ძლიერი კვარტალური შედეგებისა, AppFolio-ს მენეჯმენტმა მთელი წლისთვის შემოსავლის პროგნოზები გაზარდა. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი $608-$612 მილიონს მიაღწევს, წინა პროგნოზი კი $592-$598 მილიონს შეადგენდა.
AppFolio-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $188.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $215.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AppFolio-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boston Beer
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, The Boston Beer Company-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 1%-ით არის დაკლებული.
მესამე კვარტალში Boston Beer-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 1%-ზე ნაკლებით — $601.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $592.81 მილიონი). კომპანიის წმინდა მოგებამ მხოლოდ $45.3 მილიონი შეადგინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩებოდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $27.3 მილიონს, მაგრამ უფრო მაღალმა ხელფასებმა და სხვა ინფლაციურმა ხარჯებმა მომგებიანობის გარკვეული გაუმჯობესება შეზღუდა. EPS-მა $3.7 შეადგინა (პროგნოზი — $4.07).
რაც შეეხება მომავალს, ადრე მენეჯმენტი მოელოდა, რომ მთლიანი წლის განმავლობაში მიწოდება, 2022 წელთან შედარებით, 2%-8%-ით შემცირდებოდა, ხოლო EPS $6-$10-ს მიაღწევდა. ახლა კი Boston Beer-ში პროგნოზირებენ, რომ მიწოდება 5%-7%-ით დაეცემა, ხოლო EPS $6.04-$8.04-ს შეადგენს.
Boston Beer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $320.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $338.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $390.00-ს, ხოლო მინიმალური — $280.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boston Beer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ford
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ford-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის დაკლებული.
Ford-ის კვარტალურმა შემოსავალმა $44 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $44.05 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.39 (პროგნოზი — $0.47).
კომპანიამ თავისი Ford+ სტრატეგია წელს წამოიწყო და ოპერაციები სამ საანგარიშო სეგმენტად დაყო. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალურად განიხილონ Ford Blue-ს მემკვიდრეობითი ბრენდების, Ford Pro-ს კომერციული შეთავაზებებისა და Ford-ის ახალი EV (ელექტრომობილები) სეგმენტის — Model e-ს შედეგები.
მიუხედავად იმისა, რომ Ford Blue-სა და Ford Pro-ის მოგების მარჟა წლიდან წლამდე ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, Model e-ის სეგმენტში დანაკარგებმა მოიმატა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების მიწოდება 44%-ით გაიზარდა.
Ford-ის მენეჯმენტი ახლა აცხადებს, რომ შეაჩერებს ინვესტიციებს თავის EV პროდუქტებში და სანაცვლოდ, ზოგიერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვებზე იზრუნებს. Ford-ის ფინანსურმა დირექტორმა — ჯონ ლოულერმა თქვა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა, გადადოს დაახლოებით $12 მილიარდის მოცულობის დაგეგმილი ინვესტიციები, რომელთა მიზანიც ელექტრომობილების სეგმენტის გაზრდა იყო.
Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.