გუშინ ძირითადი საფონდო ინდექსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა შეისწავლეს კომპანიების კვარტალური ანგარიშები და Fed-ის (ფედერალური სარეზერვო სისტემა) ოფიციალური პირების კომენტარები საპროცენტო განაკვეთებზე და რისკებზე, რომლებსაც კომერციული უძრავი ქონების სესხები აშშ-ის ზოგიერთ ბანკს უქმნის.
გუშინ Nasdaq Composite თითქმის 1%-ით გაიზარდა, Dow Jones Industrial Average — 0.4%-ით, ხოლო S&P 500 — 0.8%-ით და ამ უკანასკნელმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
გარდა ამისა, საფონდო ბირჟაზე გავრცელდა სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chipotle Mexican Grill, Alibaba, Roblox, PayPal და Snap.
Chipotle Mexican Grill
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Chipotle Mexican Grill-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65%-ით გაუმჯობესდა.
მეოთხე კვარტალში Chipotle-ის შემოსავალი წლიურად 15.4%-ით — $2.52 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.49 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი $10.36-ს მიაღწია (პროგნოზი — $9.68).
ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 8.4%-ით გაიზარდა. Chipotle-მა ასევე მიიღო ძლიერი სტიმული 121 რესტორნის დამატებით 110 ლოკაციაზე.
კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საკვების, სასმლის და შეფუთვის ხარჯები გაიზარდა 40 საბაზისო პუნქტით (bps) და მთლიანი შემოსავლის 29.7%-მდე შეადგინა. თუმცა კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს ზრდა ნაწილობრივ კომპენსირდება მენიუს უფრო მაღალი ფასებით და ქაღალდის ნაკლები ხარჯებით.
რაც შეეხება მომავალს, Chipotle-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის comps საშუალო ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში გაიზრდება და კომპანია 285-315 ახალ რესტორანს გახსნის.
Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,667.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,720.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alibaba-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 12%-ით დაიკლო.
Alibaba-ს კვარტალურმა შემოსავალმა $36.7 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $36.74 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა — $2.67-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.69), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა — $0.79-ს. ეს უკანასკნელი ანალიტიკოსების პროგნოზს $1.27-ით ჩამორჩა.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები წლიურად 5%-ით გაიზარდა, ელექტრონული კომერციის გიგანტის საოპერაციო მოგება 36%-ით შემცირდა, ხოლო წმინდა მოგებამ 77%-ით დაიკლო. Alibaba-ს მოგების შემცირების უმეტესი ნაწილი განპირობებული იყო კომპანიის ზოგიერთი ინვესტიციის ღირებულების გაუფასურებით.
რა თქმა უნდა, Alibaba-ს მიზანია ააღორძინოს ძირითადი მიმართულებები, ელექტრონული კომერცია და ქლაუდ გამოთვლები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მხრივ ტემპი ნელია. აღმასრულებელი დირექტორი — ედი ვუ ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი იქნება Taobao-ს და Tmall Group-ის გამოცოცხლება და სწორი პოზიციონირება მომავალი ზრდისთვის. თუმცა მესამე კვარტალში ელექტრონული კომერციის გაყიდვები წლიურად მხოლოდ 2%-ით გაუმჯობესდა. მდგომარეობა ბევრად განსხვავებული არც Cloud Intelligence Group-ში იყო, ამ ბიზნესის გაყიდვები 3%-ით გაიზარდა.
ედი ვუმ განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი მენეჯმენტ ჯგუფი, რათა Taobao-ს და Tmall Group-ის ბიზნესების ზრდას ხელი შეუწყოს.
ამავდროულად, კომპანიის EPS-ის მომავალი ზრდის უმეტესი ნაწილი შეიძლება დამოკიდებული იყოს აქციების გამოსყიდვის პროგრამაზე. ამ მიმართულებით Alibaba-ს დირექტორთა საბჭომ $25 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა, რომლის განხორციელების შემდეგაც კომპანიის აქციების რაოდენობა 13.5%-ით შემცირდება.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $74.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $114.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 55%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roblox
გუშინ Roblox-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვიდეო თამაშების კომპანიის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. გასული წლის განმავლობაში Roblox-ის აქციების ფასი დაახლოებით 61%-ით გაუმჯობესდა.
ჯავშნები, რომელსაც კომპანია განსაზღვრავს, როგორც გაყიდვებს, ასევე გადავადებული შემოსავლის ცვლილებას, წლიურად 25%-ით გაიზარდა და $1.13 მილიარდს მიაღწია. Roblox-ის კვარტალურმა შემოსავალმა $1.13 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.08 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.52 (პროგნოზი — -$0.55).
„წელი დავასრულეთ კვარტალური ჯავშნების ზრდის ყველაზე ძლიერი ტემპით ბოლო ორი წლის განმავლობაში და პირველი კვარტალში $1 მილიარდის მოცულობის ჯავშნები მივიღეთ“ — განაცხადა მაიკლ გატრიმ, Roblox-ის ფინანსურმა დირექტორმა.
Roblox-ის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი, ანუ DAU, 22%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს — 71.5 მილიონს მიაღწია. Roblox-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ ბასზუკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი გრძელვადიანი მიზნის მიღწევის მიმართ, რომელიც DAU-ს 1 მილიარდამდე გაზრდას გულისხმობს.
Roblox-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში ჯავშნები $910-$940 მილიონს მიაღწევს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში $4.14-$4.28 მილიარდს. ეს ორივე დიაპაზონი აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.
Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $45.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $56.00-ს, ხოლო მინიმალური — $21.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PayPal
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, PayPal-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, გადახდების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 14%-ით დაიკლო.
PayPal-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 9%-ით — $8.03 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.88 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $1.48 შეადგინა (პროგნოზი — $1.36).
კიდევ ერთი ნათელი წერტილი იყო კომპანიის კორექტირებულ საოპერაციო მარჟა, რომელმაც 23.3% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 39 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.
კვარტალური ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე PayPal-მა დააანონსა გეგმები თავისი გლობალური სამუშაო ძალის 9%-ით შემცირებასთან დაკავშირებით და ამ ნაბიჯით კომპანია სხვა მსხვილი ტექნოლოგიური ფირმების მზარდ ჯგუფს შეუერთდა. გარდა ამისა, გადახდების გიგანტმა ცოტა ხნის წინ დააანონსა ხელოვნური ინტელექტის (AI) ექვსი ახალი ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც არის გადახდის პროცესის გამარტივება და საცალო მოვაჭრეებისთვის ახალი სარეკლამო ვარიანტების შეთავაზება.
რაც შეეხება მომავალს, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში მოგება საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება (ანალიტიკოსების მოლოდინი — 8.7%). მთელი წლისთვის კი PayPal-ში პროგნოზირებენ, რომ EPS $5.10-ს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის მოლოდინს — $5.48-ს.
PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $63.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $69.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $57.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Snap
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snapchat-ის მშობელმა კომპანიამ — Snap-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სოციალური მედიის ფირმის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 35%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 89%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში Snap-ის შემოსავალი წლიურად 5%-ით — $1.36 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.38 მილიარდი), EPS-მა კი $0.08-ს მიაღწია (პროგნოზი — -$0.17).
კომპანიამ განაგრძო მომხმარებელთა ბაზის ზრდა — ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 10%-ით — 414 მილიონამდე მოიმატა, თუმცა, წინა კვარტლებთან შედარებით, ზრდის ტემპი შენელდა.
გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $233 მილიონიდან $159 მილიონამდე შემცირდა.
რაც შეეხება მომავალს, Snap-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიურად 11%-15%-ით გაიზრდება და $1.095-$1.135 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.12 მილიარდი). ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EBITDA ზარალი $55-$95 მილიონს შეადგენს.
Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $11.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 21-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.