გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Viking Therapeutics, Norwegian Cruise Line, PubMatic, Lowe’s Companies და Portillo’s.
Viking Therapeutics
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Viking Therapeutics-ის აქციების ფასი 121%-ით — ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა. ბიოტექნოლოგიური ფირმის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ჭარბწონიანობის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატის — VK2735-ის მეორე ფაზის ტესტირებამ პირველადი და მეორადი მიზნები დააკმაყოფილა.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაციენტებს, რომლებიც საინექციო VK2735-ს ყოველკვირეულად იღებდნენ, 13 კვირის შემდეგ სხეულის წონის მნიშვნელოვანი შემცირება (14.3%-მდე) აღენიშნებოდათ. მედიკამენტების მწარმოებლის მენეჯმენტმა ისიც აღნიშნა, რომ 10%-ით ან მეტით შემცირდა იმ პაციენტების 88%-ის წონა, რომლებიც VK2735 იღებდნენ, პლაცებოთი გამოწვეულ 4%-იან კლებასთან შედარებით.
Viking Therapeutics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან ლიანმა განაცხადა, რომ პაციენტებს კვლევის საწყის ეტაპზე წონის საგრძნობი შემცირება აღენიშნებოდათ და ეს გრძელდებოდა მთელი კვლევის განმავლობაში. ასეთი შედეგი მიგვანიშნებს, რომ წონაში შემდგომი კლება შეიძლება მიღწეულ იქნას მედიკამენტის მიღების პერიოდის გახანგრძლივებით.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ, შეხვდნენ ფედერალურ მარეგულირებლებს VK2735-ის განვითარების შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.
გარდა ამისა, ბრაიან ლიანმა თქვა, რომ Viking Therapeutics ასევე გეგმავს, მიმდინარე კვარტალში მედიკამენტის ორალური ვერსიის პირველი ფაზის კვლევის შედეგები გამოაქვეყნოს.
Viking Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $85.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Viking Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58%-იან კლებას გულისხმობს.
Norwegian Cruise Line
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Norwegian Cruise Line-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკრუიზო კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით გაუმჯობესდა.
ტექნიკურად კომპანიამ შერეული შედეგები გამოაქვეყნა. შემოსავალი უსწრებდა პროგნოზებს, ხოლო მისი წმინდა ზარალი მოსალოდნელზე ოდნავ მეტი იყო.
გასულ მეოთხედში Norwegian Cruise Line-ის შემოსავალმა $1.99 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.97 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.18-ს (პროგნოზი — -$0.12).
გარდა ამისა, სრული 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი 76%-ით — $8.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $298 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებული EPS $0.70 იყო. ეს კომპანიისთვის პირველი მომგებიანი წელი იყო 2019 წლის შემდეგ.
მაგრამ გუშინ საკრუიზო კომპანიის აქციების ფასი ბიზნესში გაბატონებული დადებითი ტენდენციების გამო გაიზარდა. საკრუიზო ხაზს ახლა უფრო მეტი კრეისერის გატარება შეუძლია, ვიდრე ოდესმე (უფრო მეტი ტევადობა), კომპანია მუშაობს სრულ დატვირთვაზე, ბილეთების საშუალო ფასები გაიზარდა და მოიმატა მგზავრების მიერ ბორტზე დახარჯული ფულის მოცულობამაც.
ეს არის ტენდენციები, რომლებიც მნიშვნელოვანია კომპანიის ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე, მენეჯმენტი 2024 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე უკეთეს ფინანსურ შედეგებს მოელის.
კერძოდ, კომპანიაში მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში კორექტირებული წმინდა მოგება $50 მილიონს მიაღწევს მაშინ, როცა უოლ სტრიტი კორექტირებულ წმინდა ზარალს პროგნოზირებს. გარდა ამისა, Norwegian Cruise Line-ის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მთელი წლის EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 28%-ით — $2.2 მილიარდამდე გაიზრდება.
COVID-19 პანდემიის ყველაზე უარესი პერიოდის განმავლობაში საკრუიზო გემების ყველა კომპანიამ მნიშვნელოვანი ვალი აიღო, მათ შორის იყო Norwegian Cruise Line-იც. თუმცა კომპანია დავალიანებას შესანიშნავი ტემპით ფარავს.
2023 წელს კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა ნაღდმა ფულმა $2 მილიარდი შეადგინა და მან $1.9 მილიარდის ოდენობით დავალიანება დაფარა. ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია.
Norwegian Cruise Line-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Norwegian Cruise Line-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PubMatic
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, PubMatic-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი სარეკლამო ტექნოლოგიის კომპანიის აქციების ფასი 23%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით გაუმჯობესდა.
PubMatic-ის მენეჯმენტი მოელოდა, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $76-$80 მილიონს შეადგენდა. თუმცა რეალურად PubMatic-ის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $84.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $78.2 მილიონი). PubMatic-მა სარგებელი მიიღო კლიენტების გაზრდილი რაოდენობით.
გარდა ამისა, კომპანიის წმინდა მოგებამ $19 მილიონს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) 0.45 იყო (პროგნოზი — $0.2). ამასთან, თავისუფალი ფულადი ნაკადები წლიურად 38%-ით გაიზარდა რეკორდულ ნიშნულამდე — $53 მილიონამდე.
მეოთხე კვარტლის ძლიერ შედეგებთან ერთად, PubMatic-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია დამატებით $100 მილიონის ღირებულების აქციებს გამოისყიდის. ეს დაემატება $15.7 მილიონს, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია აქციების გამოსყიდვის წინა ავტორიზაციიდან.
PubMatic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PubMatic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.
Lowe’s Companies
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lowe’s Companies-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით გაუმჯობესდა.
Lowe’s არის ამერიკული საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სახლის გაუმჯობესების პროდუქტებში.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Lowe’s-ის შემოსავალი $18.6 მილიარდამდე შემცირდა (2022 წლის იმავე მეოთხედში — $22.4 მილიარდი), თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $18.47 მილიარდს. განზავებულმა EPS-მა კი $1.77 შეადგინა (პროგნოზი — $1.68).
გარდა ამისა, გასულ კვარტალში Lowe’s-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 6.2%-ით შემცირდა, რადგან DIY (do-it-yourself — თავად გააკეთე) კომპანიები სუსტი მოთხოვნის პრობლემის წინაშე დგანან. ინფლაციურმა ზეწოლამ გამოიწვია ფასის მატება სახლის გაუმჯობესების პროდუქტებზე, ხოლო მომხმარებლები მიმდინარე გარემოში დაძაბულობას გრძნობენ.
„გასულ კვარტალში მივიღეთ ძლიერი საოპერაციო მოგება და გავაუმჯობესეთ მომხმარებელთა კმაყოფილება, მიუხედავად DIY ხარჯების მუდმივი შემცირებისა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ სახლის გაუმჯობესების ბაზრის გრძელვადიან ძლიერებაში“ — განაცხადა Lowe’s Companies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარვინ ელისონმა.
თუმცა მენეჯმენტის პროგნოზები სრული 2024 წლისთვის აჩვენებს, რომ კომპანიას წინ რთული გზა ელის. Lowe’s Companies-ში მოელიან, რომ EPS $12-$12.30-ს შეადგენს და ეს დიაპაზონი უოლ სტრიტის პროგნოზს ჩამორჩება. მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ comps 2%-3%-ით შემცირდება და ეს მაჩვენებლებიც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
Lowe’s Companies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $235.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $240.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $289.00-ს, ხოლო მინიმალური — $190.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lowe’s Companies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Portillo’s
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Portillo’s-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სარესტორნო ქსელის აქციების ფასი თითქმის 16%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით შემცირდა.
გასულ კვარტალში Portillo’s-ის შემოსავალმა $187.9 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $184.22 მილიონი), ხოლო EPS-მა — $0.13 (პროგნოზი — $0.05).
Portillo’s არის პატარა სარესტორნო ქსელი, რომლის ლოკაციების რაოდენობამაც 2023 წლის ბოლოსთვის 84-ს მიაღწია. ბევრი კონკურენტის მსგავსად, კომპანიამ, ინფლაციის გამო, გასულ წელს მენიუს ფასები გაზარდა, მაგრამ ამას Portillo’s-ის გაყიდვებზე ნეგატიურად არ უმოქმედია. მეოთხე კვარტალში მენიუს ფასები წლიურად 6%-ით გაიზარდა, თუმცა ტრანზაქციებმა ასევე მოიმატა 1.3%-ით, რაც მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.
ასეთი მოთხოვნა განაპირობებს Portillo’s-ის ექსპანსიის გეგმებს. კომპანიამ 2023 წელს 12 ახალი ლოკაცია გახსნა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ასეთი მცირე ქსელისთვის. გარდა ამისა, მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ 2024 წელს კომპანია მინიმუმ 9 ახალი ლოკაციის დამატებას შეძლებს.
ახალ რესტორნებსა და უფრო დიდ ტრანზაქციებს Portillo’s-ისთვის უკეთესი შემოსავალი და მოგება მოაქვს. 2023 წელს პირველმა მათგანმა $680 მილიონს მიაღწია, ხოლო საოპერაციო შემოსავალმა — $55.4 მილიონს. ეს მაჩვენებლები წლიურად, შესაბამისად, 16%-ით და 34%-ით გაუმჯობესდა.
Portillo’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Portillo’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.