გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Domino’s Pizza, Freshpet, Arm Holdings და Nintendo.
Domino’s Pizza
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Domino’s Pizza-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი პიცის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Domino’s Pizza-ს შემოსავალი წლიურად 0.8%-ით — $1.4 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.42 მილიარდს. კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 0.6%-ით შემცირდა და $157.3 მილიონი შეადგინა, ხოლო განზავებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.48 იყო (პროგნოზი — $4.38).
Domino’s Pizza-ს სრული 2023 წლის შემოსავალმა 1.3%-ით — $4,48 მილიარდამდე დაიკლო, ხოლო წმინდა მოგებამ 14.8%-ით მოიმატა და $519.1 მილიონს მიაღწია. განზავებული EPS კი $14.66 იყო. ეს უკანასკნელი წლიურად 17%-ით გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, Domino’s-მა თავისი კვარტალური დივიდენდები 25%-ით გაზარდა, რის შედეგადაც წლიური დივიდენდური სარგებელი დაახლოებით 1.3%-ით გაუმჯობესდა. ამასთან, კომპანიის მენეჯმენტმა აქციების გამოსყიდვის პროგრამა $1 მილიარდით გაზარდა. მანამდე არსებული აქციების გამოსყიდვის გეგმიდან ჯერ კიდევ არის $141 მილიონზე მეტი დარჩენილი, ასე რომ, ახალი ჯამი Domino’s-ის ბოლოდროინდელი საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 7.5%-ს წარმოადგენს.
Domino’s Pizza-ს მენეჯმენტს გააჩნია თავდაჯერებულობა, რომ შეუძლია ეს თანხები აქციონერებს დაუბრუნოს, რადგან მას აქვს გეგმები კომპანიის ზრდისთვის. დეკემბერში ინვესტორების დღის ღონისძიებაზე Domino’s-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ 2028 წლისთვის მინიმუმ 1,100 ახალი ლოკაციის გახსნას აპირებენ. ეს გეგმა ასევე ითვალისწინებს საცალო გაყიდვების წლიურ 7%-ით მატებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამ ზრდის ერთ-ერთი მოსალოდნელი მამოძრავებელი ფაქტორია Uber-თან პარტნიორობა, რომელიც Domino’s-ის მენეჯმენტმა გასულ წელს დააანონსა. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ Uber Eats აპი Domino’s-ის შეკვეთების მისაღებად გამოიყენონ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $459.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $439.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $491.00-ს, ხოლო მინიმალური — $346.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Freshpet
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Freshpet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი შინაური ცხოველების კვების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Freshpet-ის შემოსავალი წლიურად 30%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $215 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $204.33 მილიონი). ამ მაჩვენებელმა კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზს თითქმის $12 მილიონით გადააჭარბა. კარგი ამბავი ის არის, რომ მისი ზრდა განპირობებული იყო გაყიდვების მოცულობის 25%-იანი მატებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შინაური ცხოველების საკვებს უფრო მეტი მომხმარებელი ყიდულობს.
Freshpet-ის გაყიდვები გაიზარდა და გარკვეული ხარჯები, მათ შორის ლოჯისტიკური, შემცირდა, რამაც მეოთხე კვარტალში $15.3 მილიონის ოდენობით წმინდა მოგება გამოიწვია. ეს იყო კომპანიის პირველი მომგებიანი კვარტალი 2020 წლის შემდეგ. EPS-მა $0.31 შეადგინა და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.08-ს.
რაც შეეხება მომავალს, Freshpet-ის მენეჯმენტი კიდევ ერთ რეკორდულ წელს მოელის. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2024 წელს წმინდა გაყიდვები 24%-ით — $950 მილიონამდე გაიზრდება. მენეჯმენტს არ წარმოუდგენია წმინდა მოგების პროგნოზი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 50%-ით გაუმჯობესდება და მინიმუმ $100 მილიონს მიაღწევს.
Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $98.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $80.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ნახევარგამტარების კომპანიის — Arm Holdings-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა. მისი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) 2023 წლის 15 სექტემბერს შედგა და მას შემდეგ Arm Holdings-ის აქციების ფასი დაახლოებით 141%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ცნობილი გახდა, რომ ნახევარგამტარების კომპანია შეუერთდა ახალ პარტნიორობას, რათა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი (AI) და სხვა ტექნოლოგიები განავითაროს. აქციების ფასზე პოზიტიურად ანალიტიკოსის შეფასებამაც იმოქმედა.
წლევანდელი Mobile World Congress ორშაბათს დაიწყო და ხუთშაბათამდე გაგრძელდება, თუმცა Arm-ის ინვესტორებისთვის რამდენიმე იმედისმომცემი სიახლე უკვე გავრცელდა. ნახევარგამტარების დამპროექტებელმა კომპანიამ წამოიწყო ახალი პარტნიორობა Nvidia-სთან, Microsoft-თან, Amazon-თან, Softbank-თან, Samsung-თან, Nokia-სთან და Ericsson-თან, რათა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში რადიო-არეალის ქსელი (RAN) და AI ტექნოლოგიები გააძლიეროს.
ახალი პარტნიორობა, რომელსაც AI-RAN Alliance ეწოდა, მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა ტელეკომის ინდუსტრიაში და ხელი შეუწყოს ინოვაციებს.
სავარაუდოდ, ამ ახალი პარტნიორობისგან მნიშვნელოვანი შედეგების მიღებას წლები დასჭირდება, მაგრამ მასში Arm-ის ჩართვა კომპანიისთვის უდავოდ ზრდის ნიშანია.
გარდა ამისა, Rosenblatt Securities-ის ანალიტიკოსმა — ჰანს მოსესმანმა გუშინ Arm-ის აქციების სამიზნე ფასი $140-დან $180-მდე გაზარდა. იგი ხედავს საპატენტო გადასახადის ტენდენციებს, როგორც Arm-ისთვის დადებით კატალიზატორს და მოელის, რომ AI-თან დაკავშირებული ლიცენზირება ხელს შეუწყობს კომპანიის შემოსავლის ზრდას.
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $100.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nintendo
გუშინ, ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ვიდეო თამაშების იაპონური კომპანიის — Nintendo-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით გაუმჯობესდა.
გუშინ, აშშ-ის საფონდო ბირჟების გახსნამდე, Bernstein-ის ანალიტიკოსმა — რობინ ჟუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა Nintendo-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია და 9,500 იენის, ანუ $63.11-ის ოდენობით სამიზნე ფასი. იმ მომენტისთვის იაპონიის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 8,549 იენს, ანუ $56.79-ს შეადგენდა.
ანალიტიკოსის ამ ნაბიჯის მიზეზი მაშინვე ნათელი არ იყო. შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ უფრო ადრე, იმავე დღეს Nikkei Asia-ს ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Nintendo მიზნად ისახავს, თავისი პოპულარული კონსოლის ახალი ვერსიის გამოშვება გადადოს. ფინანსური საინფორმაციო ვებგვერდის თანახმად, კომპანია მას დაახლოებით 2025 წლის მარტში გამოუშვებს.
ბევრი ექსპერტი ელოდა, რომ Nintendo ამ მოწყობილობის მიწოდებას წელს დაიწყებდა. თუმცა, Nikkei Asia-ს ცნობით, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, დეველოპერებს ახალი თამაშების შესაქმნელად მეტი დრო მისცეს.
Nintendo-ს წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.