გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Home Depot, Medtronic და Barclays.
Home Depot
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Home Depot-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Home Depot-ის შემოსავალი წლიურად 2.9%-ით — $34.8 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $34.64 მილიარდს. გასულ მეოთხედში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა1 3.5%-ით დაიკლო, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა.
მეოთხე კვარტალში წმინდა მოგებამ $2.8 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $2.82 იყო. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $3.4 მილიარდს და $3.30-ს გაუტოლდა.
სრული ფისკალური 2023 წლის შემოსავალმა კი 3%-ით — $152.7 მილიარდამდე დაიკლო, ხოლო comps 3.2%-ით შემცირდა (აშშ-ში — 3.5%-ით). წმინდა მოგება 9.5%-ით დაეცა და $15.11 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $15.11 იყო.
გარდა ამისა, გუშინ Home Depot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კვარტალური დივიდენდის 7.7%-იანი ზრდა $2.25-მდე.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიას 53-კვირიანი ფისკალური 2024 წელი ექნება. მენეჯმენტი მოელის, რომ მთლიანი გაყიდვები, 53-ე კვირის ჩათვლით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდება, ხოლო comps, 52-კვირიანი პერიოდისთვის, თითქმის 1%-ით შემცირდება. Home Depot-ში მიმდინარე ფისკალურ წელს 12 ახალი ლოკაციის გახსნა იგეგმება. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ 53 კვირის განმავლობაში კომპანიის მოგება თითო განზავებულ აქციაზე დაახლოებით 1%-ით გაიზრდება.
Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $363.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $372.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $415.00-ს, ხოლო მინიმალური — $299.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Medtronic
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Medtronic-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამედიცინო მოწყობილობების კომპანიის აქციების დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 6%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 26 იანვარს დასრულდა, Medtronic-ის შემოსავალი წლიურად 4.7%-ით — $8.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.95 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ კი $1.73 მილიარდს მიაღწია, ანუ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.30 იყო (პროგნოზი — $1.26). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.99 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.09-ით გადააჭარბა.
Medtronic-ის კარდიოვასკულარული პორტფოლიოს შემოსავალი 6.1%-ით — $2.929 მილიარდამდე გაიზარდა, ნეირომეცნიერების მიმართულების გაყიდვები 4.8%-ით — $2.355 მილიარდამდე, ხოლო სამედიცინო ქირურგიული პორტფოლიოს შემოსავალი 3.9%-ით გაუმჯობესდა და $2.148 მილიარდს მიაღწია. გარდა ამისა, კომპანიის დიაბეტის სამკურნალო პროდუქტების გაყიდვები 12.3%-ით — $640 მილიონამდე გაიზარდა.
Medtronic-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეფ მართამ შეაქო კომპანიის მყარი წარმადობა და შემოსავლების გრძელვადიანი ზრდა. მან აღნიშნა: „ჩვენ ვაფართოებთ ინოვაციურ ჯანდაცვის ტექნოლოგიებზე წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო დროს ჩვენი ძირითადი პროდუქტების დამტკიცება ზრდის ჩვენს ნდობას მომავალი კვარტლებისა და წლების მიმართ“.
რაც შეეხება მომავალს, Medtronic-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში ორგანული შემოსავლების ზრდა 4.75%-5%-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — 4.75%). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $5.19-$5.21-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $5.13-$5.19).
Medtronic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $91.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $104.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Medtronic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Barclays
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Barclays-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, ბრიტანული საბანკო და ფინანსური მომსახურების კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Barclays-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $7.09 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.32 მილიარდი). გარდა ამისა, კომპანიამ $140.1 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.036 იყო (პროგნოზი — $0.08).
გარდა ამისა, Barclays-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია წლიურ დივიდენდებს $0.37-მდე გაზრდის. Barclays დივიდენდებს წელიწადში ორჯერ იხდის. მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ დივიდენდების მთლიანი მოცულობის უცვლელად შენარჩუნებას აპირებს, შესაბამისად კომპანია თითო აქციაზე გაცემული დივიდენდის გაზრდას აქციების გამოსყიდვის გზით მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ Barclays-ის მეოთხე კვარტლის შედეგები არც ისე ძლიერი იყო, მენეჯმენტმა წარმოადგინა გეგმები ხარჯების შემცირებისა და აქციონერებისთვის ღირებულების დასაბრუნებლად, რამაც უოლ სტრიტი პოზიტიურად განაწყო.
Barclays-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია დამატებით $1.26 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის. 2024-2026 წლამდე კი მენეჯმენტი აქციონერებისთვის თითქმის $12.6 მილიარდის დაბრუნებას აპირებს აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების განაწილების საშუალებით.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.