გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Taiwan Semiconductor, Duolingo, Genuine Parts, Badger Meter და Elevance Health.
Taiwan Semiconductor
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Taiwan Semiconductor-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნახევარგამტარების მსოფლიოში უდიდესი მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველ კვარტალში Taiwan Semiconductor-ის შემოსავალი წლიურად 12.9%-ით — $18.87 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $18.4 მილიარდი).
მთლიანი მოგების მარჟა 56.3%-დან 53.1%-მდე დაეცა, ხოლო საოპერაციო მარჟა 45.5%-დან 42%-მდე შემცირდა.
კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.38-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
Taiwan Semiconductor-ის ფინანსურმა დირექტორმა — ვენდელ ჰუანგმა თქვა: „ჩვენს ბიზნესზე პირველ კვარტალში გავლენა იქონია სმარტფონების ბაზრის სეზონურობამ, რაც ნაწილობრივ HPC-ზე (მაღალი წარმადობის გამოთვლების) მოთხოვნით კომპენსირდება“.
რაც შეეხება მომავალს, Taiwan Semiconductor-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $19.6-$20.4 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 28%-იან ზრდას წარმოადგენს და აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $19.3 მილიარდს.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთლიანი მოგების მარჟა 51%-53%-ს შეადგენს, ხოლო საოპერაციო მარჟა — 40%-42%-ს, რაც აჩვენებს, რომ, პირველ კვარტალთან შედარებით, მომგებიანობა ოდნავ შემცირდება.
Taiwan Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $154.14-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $188.00-ს, ხოლო მინიმალური — $125.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Duolingo
გუშინ ენების შემსწავლელი აპლიკაციის — Duolingo-ს აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის S&P MidCap 400 ინდექსს შეუერთდება.
მიმდინარე წლის განმავლობაში Duolingo-ს აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
კომპანიის აქციები S&P MidCap 400 ინდექსს ოფიციალურად ორშაბათს შეუერთდება. საინდექსო ფონდებმა, რომლებიც S&P MidCap 400-ს მიჰყვებიან, დროთა განმავლობაში Duolingo-ს აქციები უნდა შეიძინონ ისე, რომ ფონდები ზუსტად ასახავდეს ინდექსს. ეს ქმნის შესყიდვის ზეწოლას და ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ გაიზარდა გუშინ Duolingo-ს აქციების ფასი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიის უნარი, მოიზიდოს მომხმარებლები, გაზარდოს შემოსავალი და გამოიმუშაოს მოგება, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ინდექსის წევრია ის.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს სიახლე Duolingo-ს ინვესტორებისთვის საყურადღებო არ არის. ინდექსში დამატება არის მისი არაჩვეულებრივი ფინანსური შედეგების აღიარება, რომლის დაფიქსირებაც კომპანიამ 2021 წელს აქციების საფონდო ბირჟაზე გამოშვების შემდეგ შეძლო.
ბოლო კვარტალური ანგარიში კომპანიამ თებერვალში გამოაქვეყნა. მეოთხე კვარტალში Duolingo-ს შემოსავალი წლიურად 45%-ით — $151 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $148.32 მილიონი). მოგებამ თითო აქციაზე კი $0.26 შეადგინა (პროგნოზი — $0.04). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ თითო აქციაზე $0.35-ის ოდენობის ზარალი დააფიქსირა.
გარდა ამისა, Duolingo-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობამ 65%-ით მოიმატა და 26.9 მილიონი შეადგინა, ხოლო თვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რიცხვი 46%-ით — 88.4 მილიონამდე გაიზარდა.
Duolingo შესანიშნავად იზრდება, ამავდროულად კომპანია მოგების მარჟას აუმჯობესებს — ეს კი იშვიათი და აქციონერებისთვის სასარგებლო კომბინაციაა. თუმცა აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი — ლუის ფონ ანი ამას არ სჯერდება. Duolingo ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფასებსა და ფუნქციებზე სამ სააბონენტო დონეზე, ცვლის საოჯახო გეგმის ფუნქციების კომპლექტს და იკვლევს ახალ საგნებს, დაწყებული მუსიკით, დასრულებული მათემატიკით.
ლუის ფონ ანის გრძელვადიანი გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია.
„Duolingo-ზე გლობალური მასშტაბით ონლაინ ენის შემსწავლელი MAU-ების 90% მოდის. და მაინც, მომავლისთვის ჩვენ ჯერ კიდევ ბევრად მეტ პოტენციალს და შესაძლებლობებს ვხედავთ. მსოფლიოში ასობით მილიონი ენების, მათემატიკისა და მუსიკის შესწავლით დაინტერესებული ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულა Duolingo-ს პლატფორმაზე და ჩვენ მათ მოზიდვაზე ვმუშაობთ“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა.
მომდევნო კვარტალურ შედეგებს კომპანია 8 მაისს წარადგენს.
Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $205.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $282.00-ს, ხოლო მინიმალური — $190.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Genuine Parts
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Genuine Parts-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
Genuine Parts არის გლობალური სერვისის ორგანიზაცია, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო შემცვლელი ნაწილების დისტრიბუციით არის დაკავებული. პირველ კვარტალში მისი შემოსავალი 1%-ზე ნაკლებით — $5.8 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.84 მილიარდს. EPS-მა კი 17%-ით დაიკლო და $2.26 შეადგინა (პროგნოზი — $2.19).
რაც შეეხება მომავალს, Genuine Parts-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ 2024 წლისთვის EPS $9.05-$9.20-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $8.95-$9.15).
აღსანიშნავია, რომ უკვე 67 წელია, რაც Genuine Parts იხდის და ზრდის დივიდენდებს, შესაბამისად აქცია დივიდენდ მეფეების კატეგორიას მიეკუთვნება.
Genuine Parts-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $160.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $156.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $167.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Genuine Parts-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Badger Meter
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Badger Meter-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ კი წყლის ნაკადის საზომი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში Badger Meter-ის შემოსავალი წლიურად 23%-ით — $196.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $182.25 მილიონი). წმინდა მოგება 50%-ით გაუმჯობესდა, EPS-მა კი $0.99-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.82). საოპერაციო მოგების მარჟამ 290 საბაზისო პუნქტით მოიმატა და 18.6% შეადგინა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — კენეთ ბოკჰორსტმა ძლიერი შედეგები მიაწერა მაღალ მოთხოვნას და საოპერაციო წარმადობას.
Badger Meter-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $178.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $162.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $190.00-ს, ხოლო მინიმალური — $147.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Badger Meter-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Elevance Health
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Elevance Health-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანმრთელობის დაზღვევის პროვაიდერის აქციების ფასმა 3%-ზე მეტით მოიმატა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველ კვარტალში Elevance Health-ის შემოსავალი წლიურად 0.9%-ით — $42.3 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $42.47 მილიარდს. EPS-მა კი 10.64-ს მიაღწია (პროგნოზი — $10.48).
კომპანიის სარგებლისა და დანახარჯების თანაფარდობამ 85.6% შეადგინა — ამ მაჩვენებელმა 20 საბაზისო პუნქტით მოიმატა და ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს.
პრემიებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 0.5%-ით — $35.7 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო თანამშრომლებზე გაწეულმა ხარჯებმა 0.8%-ით დაიკლო და $30.55 მილიარდი შეადგინა. ჯამური საოპერაციო მარჟა 7.1%-მდე გაიზარდა (შარშან — 6.8%).
რაც შეეხება მომავალს, Elevance Health-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის EPS $37.20-ს გადააჭარბებს. კომპანიაში ადრე პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $37.10-ს შეადგენდა.
Elevance Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $525.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $584.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $629.00-ს, ხოლო მინიმალური — $555.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Elevance Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.