გასული თვის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ძალიან საინტერესო სიახლეები, რომლებმაც კომპანიების აქციების ფასებზე იმოქმედა. დღეს სწორედ აგვისტოს მიმოვიხილავთ და ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის MecadoLibre, Floor & Decor, Roku, Beyond Meat და Upstart.
MercadoLibre
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში ლათინურ ამერიკაში ელექტრონული კომერციისა და ფინტექის ლიდერის — MecadoLibre-ს აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 72%-ით არის გაუმჯობესებული.
პანდემიის დასაწყისში ზედიზედ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში შემოსავლის სამნიშნა ზრდის შემდეგ კომპანიამ მაღალი ორნიშნა ზრდის დაფიქსირება შეძლო. მეორე კვარტლის ანგარიში MercadoLibre-მ გასული თვის დასაწყისში, 2 აგვისტოს წარადგინა. კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 57%-ით გაიზარდა და $3.4 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.27 მილიარდი). მთლიანმა სასაქონლო მოცულობამ 47%-ით — $10.5 მილიარდამდე მოიმატა, რაც წინა კვარტლებთან შედარებით დაჩქარებულ ტემპს წარმოადგენს. საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა და $588 მილიონი შეადგინა, საოპერაციო მარჟამ 16.3%-ს მიაღწია, ხოლო წმინდა შემოსავალი გაორმაგდა $123 მილიონიდან $262 მილიონამდე.
ელექტრონული კომერციის ძირითად ბიზნესს აშკარად აქვს დადებითი იმპულსი, ხოლო ფინტექ მიმართულება, რომელიც MercadoLibre-სთვის ახალი ბიზნესია, ჯერ კიდევ ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება. ის მოიცავს როგორც ციფრული გადახდების, ასევე საკრედიტო ბიზნესს. ორივე მიმართულება კომპანიისთვის უზარმაზარი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა. პლატფორმის გარეთ გადახდების მთლიანი მოცულობა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 129%-ით გაიზარდა.
კიდევ ერთი ახალი სფერო, რომელიც სწრაფად იზრდება, არის რეკლამირება. Amazon-ის მსგავსად, რომელიც მსგავს ბიზნესს ოპერირებს, MercadoLibre-მ აითვისა რეკლამირების მიმართულება და აქედან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 70%-ით გაიზარდა.
MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,422.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,600.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,180.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Floor & Decor
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში Floor & Decor-ის აქციების ფასი 13%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 38%-ზე მეტით არის გაზრდილი.
Floor & Decor ოპერირებს საწყობის სტილის მაღაზიებს იატაკის მოსაპირკეთებელი მასალებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების უზარმაზარი არჩევანით. კომპანიამ, მიუხედავად მიწოდების ჯაჭვის სირთულეებისა და მაღალი ინფლაციისა, ძლიერი წარმადობის შენარჩუნება შეძლო. თუმცა მენეჯმენტმა მთლიანი წლის პროგნოზები შეამცირა, რამაც Floor & Decor-ის აქციებზე ნეგატიურად იმოქმედა.
კომპანიამ 2023 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები 3 აგვისტოს წარადგინა. გაყიდვები წლიდან წლამდე 4.2%-ით — $1.14 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.15 მილიარდი), მაგრამ ეს ახალი მაღაზიების გახსნით იყო გამოწვეული — გასული კვარტლის განმავლობაში Floor & Decor-მა 9 ახალი ლოკაცია გახსნა. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) კი 6%-ით შემცირდა. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.66 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ოდნავ გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.65-ს.
არსებობს რამდენიმე წინაღობა, თუმცა ყველა მათგანი მაკროგარემოსთან არის დაკავშირებული. ინფლაცია მომხმარებლებს აიძულებს, ძვირადღირებული შესყიდვებისა და სახლის კეთილმოწყობის პროექტებისგან პაუზა აიღონ, გარდა ამისა, საბინაო ბაზრის დასუსტება სახლის კეთილმოწყობის ბაზრის დიდ ნაწილს აზარალებს.
ეს ყველაფერი Floor & Decor-ის მოგებაზეც მოქმედებს. საოპერაციო მარჟა, შარშანდელთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 8.4%-მდე, ხოლო წმინდა შემოსავალმა 12.7%-ით დაიკლო და $71.5 მილიონი შეადგინა.
თუმცა კვარტალურ შედეგებზე უარესი პროგნოზების შემცირება იყო. ადრე მენეჯმენტი მოელოდა, რომ მთლიანი წლის გაყიდვები დაახლოებით $4.7 მილიარდს მიაღწევდა, ახალი პროგნოზი კი $4.5 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, მოსალოდნელი იყო, რომ comps უცვლელი დარჩებოდა ან 3%-ით შემცირდებოდა, ახალი კი მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ეს მაჩვენებელი 5.5%-7%-ით შემცირდება.
ახალი ლოკაციები ნათელი წერტილია — ისინი ზრდის შემოსავალს და მენეჯმენტს ამ კუთხით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. ახლა Floor & Decor 203 მაღაზიას მოიცავს და კომპანიაში მომდევნო 8-9 წლის განმავლობაში ლოკაციების 500-მდე გაზრდის შესაძლებლობას ხედავენ.
Floor & Decor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $100.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $105.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $122.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Floor & Decor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roku
აგვისტოში Roku-ს აქციების ფასი 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 102%-ით არის გაზრდილი.
Roku ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა ციფრულ მედია ფლეერებს ვიდეო სტრიმინგისთვის, აუდიო აღჭურვილობისთვის და რეკლამით მხარდაჭერილ ვიდეო სერვისებს ოპერირებს.
კომპანიამ კვარტალური ანგარიში ივლისის ბოლოს წარადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით გაიზარდა და $847.2 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $773.02 მილიონი). როგორც პლატფორმიდან (ძირითადად რეკლამის გაყიდვები), ასევე მოწყობილობებიდან მიღებული შემოსავალი ჯანსაღი იყო. თითოეული, შესაბამისად, 11%-ით 9%-ით გაიზარდა.
წინსვლის მრავალი სხვა ნიშანიც იყო. აქტიური ანგარიშების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, ამ მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 16%-ით (1.9 მილიონით) 73.5 მილიონამდე მოიმატა. სტრიმინგის საათები გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
თუმცა ყველაფერი დადებითი არ ყოფილა. საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე 7%-ით შემცირდა. რეკლამის განმთავსებლები ამცირებენ ბიუჯეტს ინფლაციურ გარემოში, რაც Roku-ს ოპერაციებზე ზემოქმედებს.
წმინდა ზარალი $100-დან $126-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შედეგი იყო, ვიდრე გასულ სამ კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლები. მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი 7%-ით გაიზრდება, ხოლო წმინდა $155 მილიონს შეადგენს.
Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $82-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.3%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Beyond Meat
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში Beyond Meat-ის აქციების ფასი 31%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის დაკლებული.
Beyond Meat-ის აქციებზე ნეგატიურად იმოქმედა ფაქტმა, რომ ხორცის მცენარეული შემცვლელების მწარმოებელმა კომპანიამ 7 აგვისტოს კიდევ ერთი სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. Beyond Meat-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 31%-ით შემცირდა და $102.1 მილიონი შეადგინა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $108.74 მილიონს. კომპანია ახლა ფოკუსირებულია ხარჯების შემცირებასა და მომგებიანობის გაზრდაზე, რადგან მას უფრო მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა უჭირს. მთლიანმა მარჟამ 2.2% შეადგინა, მაგრამ ეს მაჩვენებელი წარმოადგენს გაუმჯობესებას შარშანდელი უარყოფითი 4.2%-დან. თუმცა, ეს მეტრიკა ასევე ითვალისწინებს კომპანიის ტექნიკის ცვეთის აღრიცხვის სისტემის ცვლილებას. კვლავ შარშანდელი სისტემის გამოყენების შემთხვევაში მთლიანი მარჟა 5%-ით შემცირდებოდა. წმინდა ზარალმა $53.5 მილიონს მიაღწია, მაგრამ ეს უკეთესი იყო, ვიდრე გასულ წელს დაფიქსირებული $97.1 მილიონი.
Beyond Meat-ის მენეჯმენტმა მიმდინარე წლის პროგნოზები შეამცირა და ახლა კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შემოსავალი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 9%-14%-ით შემცირდება. გარდა ამისა, მენეჯმენტი წლის პირველ ნახევარში პროგნოზირებდა, რომ კომპანიის საოპერაციო ფულადი ნაკადები პოზიტიური გახდებოდა, მაგრამ ბაზარზე არსებული მუდმივი გაურკვევლობის ფონზე, Beyond Meat-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
Beyond Meat-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $13.00-ს, ხოლო მინიმალური — $4.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Beyond Meat-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა ყიდვის რეკომენდაცია.
Upstart
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული საკრედიტო პლატფორმის — Upstart-ის აქციების ფასი 53%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 156%-ით არის გაუმჯობესებული.
Upstart-მა გასული თვის დასაწყისში, 8 აგვისტოს, კვარტალური ანგარიში წარადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 40%-ით — $135.77 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $135.21 მილიონი), ხოლო წმინდა ზარალმა $33 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე — $32 მილიონზე უარესი იყო.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში Upstart-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11$-ით შემცირდება და $140 მილიონს შეადგენს, ხოლო წმინდა ზარალი — $38 მილიონს. ამ უკანასკნელმა, 2022 წლის მესამე კვარტალში $56 მილიონს მიაღწია.
Upstart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Upstart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.3%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.