მიმდინარე კვირაში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ინფლაცია — პარასკევს გამოქვეყნდება პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) ინდექსის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, გაგრძელდა თუ არა საფასო ზეწოლა აპრილში.
ამ კვირაში ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიების კვარტალურ ანგარიშებს დააკვირდებიან — სავარაუდოდ, Salesforce და Dell ყურადღებას მიიპყრობენ. ასევე ყურადღების ცენტრში იქნება საცალო ვაჭრობის სექტორი, რადგან მიმდინარე კვირაში კვარტალურ შედეგებს Costco და Dollar General გამოაქვეყნებენ.
კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე აღსანიშნავია საბინაო ბაზრის და მომხმარებელთა ნდობის ინდექსების მონაცემების გამოქვეყნება. გარდა ამისა, ეს არის ბოლო კვირა, როდესაც დაშვებულია კომენტარები ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ოფიციალური პირებისგან მომდევნო შეხვედრის (12 ივნისი) დაწყებამდე.
ფოკუსი ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთებზე
ინვესტორები დიდი ინტერესით მოელიან პარასკევს PCE ინდექსის გამოქვეყნებას, რათა გაიგონ, მიემართება თუ არა ინფლაცია Fed-ის წლიური 2%-იანი სამიზნე მაჩვენებლისკენ.
Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში კი აპრილის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მონაცემები გამოქვეყნდა. ინფლაციის ეს ფართოდ გამოყენებული საზომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 3.4%-ით გაიზარდა, რაც ჩამოუვარდება მარტის მაჩვენებელს — 3.5%-იან მატებას. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აპრილში თვიურად ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამორჩება მარტის 0.4%-იან ზრდას.
წლიური მაჩვენებელი Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზებს ემთხვეოდა, ხოლო თვიური 0.4%-იანი ზრდის მაჩვენებელი მოლოდინზე დაბალი იყო. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს იყო პირველი ანგარიში, რომელიც არ აჩვენებს ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას. ამ ფაქტმა კი გააჩინა იმედი, რომ ინფლაცია უბრუნდება Fed-ის სამიზნე წლიურ განაკვეთს, რომელიც 2%-ს შეადგენს.
ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი: ინფლაციის „ძირითადი“ მაჩვენებელი, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს, აპრილში წლიურად 3.6%-ით გაიზარდა, რაც მარტში დაფიქსირებულ 3.8%-იან მატებას ჩამოუვარდება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ნაჩვენები ინფლაციის ზრდის ტემპი, 2021 წლის აპრილიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალია.
თუმცა Fed-ის წარმომადგენლები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან PCE ინდექსზე, რადგან მისი წლიური ცვლილება ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისობის შეფასებისთვის გამოიყენება.
ჯერჯერობით, მიმდინარე წელს PCE გაიზარდა და მარტში წლიურმა აღმასვლამ 2.7% შეადგინა.
ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებთან და ინფლაციასთან დაკავშირებული სიგნალები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და აპრილის CPI ინდექსმა ინვესტორებში გააჩინა იმედი, რომ, შესაძლოა, Fed-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს. მაგრამ თუ PCE ინდექსი საფასო ზეწოლის ზრდას აჩვენებს, შეიძლება განაკვეთების დაწევა კვლავ გადაიდოს.
Fed-ის მიზნები და განცხადებები
იმის გამო, რომ ინფლაცია საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც ამ მაჩვენებელმა გასული წლის ივნისში 9.1%-იან წლიურ განაკვეთს მიაღწია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებდნენ. თუმცა აშშ-ში წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ. აპრილში კი ეს ტენდენცია დაირღვა, რამაც, როგორც ჩანს, ბაზარზე ოპტიმისტური განწყობები გააჩინა.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ინფლაცია ჯერ კიდევ ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა, მისი შემცირების მიმდინარე პროგრესი გარანტირებული არ არის და წინსვლის გზა გაურკვეველია. კომიტეტის წევრების აზრით, მიზანშეწონილი არ იქნება სამიზნე დიაპაზონის შემცირება მანამ, სანამ არ გაჩნდება მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ ინფლაცია მდგრადად მოძრაობს სამიზნე 2%-იანი მაჩვენებლისკენ“.
Fed-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეეჩერებინათ სწრაფად მზარდი ინფლაცია იმით, რომ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის ფულის სესხება და, შესაბამისად, დახარჯვა უფრო ძვირი გაეხადათ. მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს ინფლაცია, მაგრამ ჩნდება რეცესიისა და სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლების რისკი — ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებასაც Fed-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ.
კვარტალური ანგარიშები
ცნობილი კომპანიების კვარტალური ანგარიშები კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება. ბაზრის დამკვირვებლები, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებენ ფინანსურ განახლებებზე რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური, საცალო და ფინანსური ფირმებისგან.
თებერვალში Salesforce-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და პირველი დივიდენდიც დააანონსა. უახლოეს ანგარიშს კომპანია ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგენს. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს მონაცემთა მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის — Informatica შესაძენად. Dell-ის კვარტალური ანგარიში კი აჩვენებს, შეუძლია თუ არა კომპიუტერის მწარმოებელს განაგრძოს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მოთხოვნით სარგებლობა და გაყიდვების აღდგენა.
მიმდინარე კვირაში კვარტალურ შედეგებს ასევე გამოაქვეყნებს საცალო ვაჭრობის კომპანია — Costco Wholesale. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვარტალში დაფიქსირებულმა შემოსავლის ზრდამ ზოგიერთი ინვესტორის იმედგაცრუება გამოიწვია. ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშებს ასევე წარადგენენ Dollar General, Dick’s Sporting Goods, Abercrombie & Fitch და Chewy.
გარდა ამისა, ამერიკელ ინვესტორებს შეეძლებათ, თვალი ადევნონ საბანკო სისტემას საზღვრის ჩრდილოეთით — კვარტალურ ანგარიშებს გამოაქვეყნებენ Royal Bank of Canada და Scotiabank.