ალბათ, დივიდენდ არისტოკრატების შესახებ უკვე გსმენიათ. ეს კომპანიები არის S&P 500 ინდექსის წევრები, რომლებმაც ზედიზედ სულ მცირე 25 წლის განმავლობაში დივიდენდების გადახდა და გაზრდა შეძლეს.
შესაძლოა, ზოგიერთი ინვესტორი დივიდენდურ აქციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ დივიდენდ არისტოკრატებმა ერთობლივად S&P 500 ინდექსს ყოველწლიურად საშუალოდ 0.74%-ით აჯობა, რაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას იძენს.
რა არის მათი წარმატების საიდუმლო და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის? აი, რატომ უნდა განიხილოს ყველა ინვესტორმა საინვესტიციო სტრატეგიაში რამდენიმე დივიდენდ არისტოკრატის დამატება.
დივიდენდის ანატომია
ინვესტორების უმეტესობამ იცის, რა არის დივიდენდი: კომპანიები, რომლებსაც ნაღდი ფული აქვს, ზოგჯერ მას აქციონერებს უზიარებს. მაგრამ ბევრი ინვესტორი არ აქცევს ყურადღებას დივიდენდის ანატომიას და იმას, თუ როგორ მოქმედებს ის ბიზნესზე.
მაგალითად, დივიდენდი ფულადი ხარჯია. ბუღალტრული აღრიცხვის წესებმა შეიძლება შეცვალოს ბევრი ფინანსური ჟარგონი და მეტრიკა, რომელსაც კომპანიების ფინანსურს ანგარიშებში შეხვდებით. კომპანიას, როგორიც არის Netflix, შეუძლია საბოლოო მოგება დააფიქსიროს, მაგრამ, იმავდროულად, გამოიმუშაოს მცირე თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCF), რადგან ბუღალტრული აღრიცხვის წესებმა შეიძლება კომპანიების მიერ კვარტალური ანგარიშის წარდგენაზე გავლენა იქონიოს.
კომპანიას დივიდენდის გადახდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეუძლია. ამ მიზნის შესასრულებლად შეიძლება მან ფულიც ისესხოს, მაგრამ ეს წამგებიანი სტრატეგიაა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება. ის, რომ ბიზნესი არა მხოლოდ ფულადი მოგების ნაწილს გიხდით, არამედ დივიდენდურ სარგებელს ყოველწლიურად ზრდის, კომპანიის გრძელვადიან ზრდას უსვამს ხაზს. ამას ვერავინ გააყალბებს.
წარმატებული ინვესტიცია შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც უბრალოდ ხარისხიანი ბიზნესში ინვესტირება და გასაზრდელად მისთვის დროის მიცემა. დივიდენდ არისტოკრატი, დიდი ხნის მანძილზე დივიდენდების გადახდისა და გაზრდის გამო, ამ კრიტერიუმს ხშირად ერგება
დივიდენდების მნიშვნელობა
სტაბილურად მზარდი ბიზნესის კაპიტალურ მოგებას გამოიმუშავებს, რადგან დროთა განმავლობაში მოგება იზრდება, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც დივიდენდების საშუალებით შეგიძლიათ, არისტოკრატებს უფრო მიმზიდველს ხდის. საინვესტიციო ანაზღაურებისთვის დივიდენდები აუცილებელია. 1926 წლიდან 2021 წლამდე ისინი S&P 500-ის მთლიანი შემოსავლის 31%-ს შეადგენს.
ასევე შეგიძლიათ დივიდენდების რეინვესტირება, ნაღდი ფულის აღება და მეტი აქციის ყიდვა. ეს ახალი აქციები თქვენგან საწყისი ინვესტიციის გარდა დამატებით ფულს არ მოითხოვს.
ამან შეიძლება თქვენს მთლიან ინვესტიციებზე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. განვიხილოთ აქცია, როგორიც არის Procter & Gamble. უკვე ზედიზედ 66 წელია, რაც დივიდენდ მეფე დივიდენდურ ანაზღაურებას ზრდის. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ინვესტორებმა კომპანიისგან 4,720%-ის ტოლი ანაზღაურება მიიღეს, მაგრამ ეს მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდებოდა (12,120%) დივიდენდების რეინვესტირების საშუალებით.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, მომგებიანი საინვესტიციო მოგზაურობისთვის აუცილებელი არ არის შემდეგი Amazon-ის პოვნა. დივიდენდ არისტოკრატი ერთ ღამეში ვერ გაგამდიდრებთ, მაგრამ მისი ყიდვა და გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება ამ მიზნის მიღწევის საშუალებას მოგცემთ.