მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) ზომავს დროთა განმავლობაში იმ ფასების საშუალო ცვლილებას, რომელსაც ადგილობრივი მწარმოებლები იღებენ თავიანთი პროდუქციისთვის. PPI არის ინფლაციის საზომი საბითუმო დონეზე და ის შედგება ათასობით ინდექსისგან, რომელიც ზომავს მწარმოებლების ფასებს ინდუსტრიებისა და პროდუქტების კატეგორიების მიხედვით. ინდექსს ყოველთვიურად აქვეყნებს აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო (BLS). PPI განსხვავდება სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI), რომელიც მომხმარებლების მიერ საქონლისა და მომსახურებისთვის გადახდილი ფასების ცვლილებებს ზომავს.
მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) გააზრება
PPI ზომავს ინფლაციას (ან, უფრო იშვიათად, დეფლაციას) პროდუქტის მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის პერსპექტივიდან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწარმოებლებისა და მომხმარებლების ფასების ტენდენციები დიდი ხნის განმავლობაში განსხვავდებოდეს, რადგან მწარმოებლის ფასები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მომხმარებლების მიერ გადახდილ თანხებზე და პირიქით. მოკლევადიან პერსპექტივაში, ინფლაცია საბითუმო და საცალო დონეზე შეიძლება განსხვავდებოდეს განაწილების ხარჯების, სახელმწიფო გადასახადებისა და სუბსიდიების გამო.
PPI-ს ის მონაცემები ეფუძნება დაახლოებით 100,000 ყოველთვიურ ფასს, რომელიც ნებაყოფლობით არის მოხსენებული 25,000-ზე მეტი სისტემატურად შერჩეული მწარმოებლის მიერ.
PPI vs CPI
PPI და CPI მნიშვნელოვანი ეკონომიკური საზომებია, რადგან ისინი ფასების ყოველთვიურ ცვლილებებზე მიუთითებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი ფასებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს.
გარდა ამისა, PPI-ისა და CPI-ს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს შემადგენლობების მიხედვით.
მაგალითად, PPI არ ითვალისწინებს ფასების ცვლილებებს საცხოვრებლის ხარჯებისთვის, ხოლო CPI-ში თავშესაფრის კატეგორია მთლიანი ინდექსის ერთ მესამედს შეადგენს.
ამავდროულად, PPI-ში ჯანდაცვის პროდუქტებისა და სერვისების წონა 18%-ს აღწევს (აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტში კი ეს სექტორი 20%-ს შეადგენს). ამის საპირისპიროდ, სამედიცინო მომსახურების წონა CPI-ში 9%-ზე დაბალია. ეს იმიტომ ხდება, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მესამე მხარის ჯანდაცვის ანაზღაურებას არ ზომავს.
კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ამ ინდექსებს შორის ის არის, რომ PPI არ მოიცავს იმპორტირებული საქონლის ფასს. თუმცა მასში, CPI-ისგან განსხვავებით, გათვალისწინებულია საექსპორტო ფასები.
როგორ არის წარმოდგენილი PPI?
BLS ყოველთვიურად აქვეყნებს 10,000-ზე მეტი პროდუქტისა და ინდუსტრიის ფასების ინდექსს, რომელსაც შემდეგ PPI-ის გამოსათვლელად იყენებს. ისინი სამ კატეგორიად იყოფა: ინდუსტრიის დონის კლასიფიკაცია, სასაქონლო კლასიფიკაცია და საბოლოო მოთხოვნა-შუალედური მოთხოვნა.
ინდუსტრიის დონის კლასიფიკაცია
PPI მოიცავს ინდექსებს მწარმოებლების ფასებისთვის, რომლებიც ფიქსირდება ინდუსტრიის 500-ზე მეტ კატეგორიაში, ინდუსტრიის გარეთ გაყიდული პროდუქციის საფუძველზე.
სასაქონლო კლასიფიკაცია
სასაქონლო კლასიფიკაცია უგულებელყოფს მწარმოებლის ინდუსტრიას, პროდუქტის ან მომსახურების ბუნების მიხედვით დაჯგუფების მიზნით. PPI ანგარიშში მოცემულია 3,800-ზე მეტი ინდექსი საქონლისთვის და დაახლოებით 900 — მომსახურებისთვის.
საბოლოო მოთხოვნა-შუალედური მოთხოვნა
საბოლოო მოთხოვნა-შუალედური მოთხოვნის (FD-ID) ინდექსები იყენებს პროდუქტის მიხედვით ორგანიზებულ საქონლის ინდექსებს, რათა გაზომილ იქნას მწარმოებლის ფასები მყიდველების ეკონომიკური იდენტობის საფუძველზე და საჭიროებს თუ არა გაყიდული საქონელი შემდგომ დამუშავებას. PPI ანგარიშში მოცემულია 600-ზე მეტი FD-ID ინდექსი.