ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე. დღეს სწორედ ელექტრონული კომერციის შესახებ ვისაუბრებთ და მის არსს გავეცნობით.
რა არის ელექტრონული კომერცია?
ელექტრონული კომერცია მოიცავს საქონლის ონლაინ ყიდვა-გაყიდვას და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან მიწოდებაში, შეკვეთების შესრულებაში, გადახდების დამუშავებაში და პროგრამულ უზრუნველყოფაში.
ელექტრონული კომერცია მსოფლიო ინტერნეტ ქსელის შექმნიდან მალევე გაჩნდა. შედეგად, მომხმარებლები ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ — მაღაზიების ფიზიკურად მონახულების ნაცვლად, მათ სასურველი ნივთების ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ბიზნესებისთვის კი ახალი და მოსახერხებელი გაყიდვების არხი გახდა ხელმისაწვდომი.
აშშ-ში ელექტრონული კომერციის ყველაზე ცნობილი კომპანიაა Amazon, რომელიც შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ინდუსტრიის პიონერს წარმოადგენს.
ფიზიკური მაღაზიების საშუალებით საცალოდ მოვაჭრეებმა, როგორიც არის, მაგალითად, Walmart, მიბაძეს Amazon-ის ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელის კომპონენტებს, სხვებმა კი ინდუსტრიაში გზა თავად გაიკვლიეს.
მაგალითად, Etsy მართავს ხელნაკეთი და სხვა უნიკალური ნივთების ბაზარს. ამან კომპანიას ელექტრონულ კომერციაში ჩამოუყალიბა საკუთარი ნიშა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოსნებსა და მყიდველებს იზიდავს.
Shopify განსხვავებული სახის ელექტრონული კომერციის კომპანიის კიდევ ერთი მაგალითია. ის ყიდის პროგრამულ უზრუნველყოფას ელექტრონული კომერციის ვებგვერდებისა და ბიზნესების ასამოქმედებლად. Shopify-ს ჰყავს 1 მილიონზე მეტი გამომწერი, რომელიც კომპანიის პროდუქტებს საკუთარი ელექტრონული კომერციის ბიზნესის სამართავად იყენებს.
როგორ გამოიმუშავებენ ფულს გამყიდველები ელექტრონული კომერციის საშუალებით?
ელექტრონულ კომერციაში ფულის გამოსამუშავებლად აუცილებელი არ არის, რომ ამაზონის მასშტაბის ბიზნესს ფლობდეთ. სინამდვილეში, ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ელექტრონული კომერციის ბიზნესის წამოწყება ცალკეულ გამყიდველებსაც შეუძლიათ. ეს კი ონლაინ საცალო ვაჭრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მის ტრადიციულ, ფიზიკურ ვარიანტთან შედარებით.
ონლაინ გაყიდვის სურვილის არსებობის შემთხვევაში საჭიროა უბრალოდ პროდუქტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდს უკვე შეუძლია, პარტნიორობა ჩამოაყალიბოს ელექტრონული კომერციის ნებისმიერ პლატფორმასთან, როგორიც არის Amazon, Etsy ან Shopify. მათ შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია სამიზნე აუდიტორიაზე და იმაზე, თუ რამდენად დიდი კონტროლის სურვილი აქვს გამყიდველს ელექტრონული კომერციის ბიზნესზე.
ელექტრონულ კომერციაში ინვესტირება
ელექტრონული კომერცია არ არის მხოლოდ კარგი ბიზნესი ონლაინ გამყიდველებისთვის. ეს ასევე შეიძლება ძალიან მომგებიანი ინდუსტრია იყოს ინვესტორებისთვის, რადგან ისეთი კომპანიების აქციებმა, როგორებიც არის Amazon და Shopify, ისტორიულად მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.
ბოლო პერიოდში, ელექტრონული კომერციის კომპანიების აქციები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან პანდემიის შემდეგ მომხმარებლების ყიდვის ჩვევები ფიზიკურ მაღაზიებსა და სერვისებს დაუბრუნდა. თუმცა არავინ იცის, როგორ შეიცვლება მდგომარეობა მომდევნო bull market-ის დადგომისას.