ბეტა არის საზომი იმისა, თუ რამდენად არასტაბილურია კონკრეტული აქცია მთლიან საფონდო ბირჟასთან შედარებით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი S&P 500-სთან მიმართებით იზომება. 2-ის ტოლი ბეტა ნიშნავს, რომ აქცია ორჯერ უფრო არასტაბილურია, ვიდრე მთლიანი ბაზარი, შესაბამისად, როდესაც ბეტა 0.50-ს უდრის, აქცია ბაზართან შედარებით ნახევრად არასტაბილურია.
პირველ შემთხვევაში, თუ S&P 500 ინდექსი 10%-ით მოიმატებს ან დაეცემა, მოსალოდნელია, რომ აქცია 20%-ით გადაადგილდება შესაბამისი მიმართულებით, ხოლო მეორე შემთხვევაში აქციის ფასი მხოლოდ 5%-ით გაიზრდება ან შემცირდება.
როგორც წესი, ბეტა რისკის გაზომვისას გამოიყენება, მაღალი ბეტას მქონე აქციები, იმ აქციებთან შედარებით, რომლებსაც დაბალი ბეტა ახასიათებს, უფრო არასტაბილური და რისკიანია. მოდით განვიხილოთ, როგორ მუშაობს ბეტა და ყურადღება გავამახვილოთ მისი გამოყენების როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე.
ბეტას გააზრება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეტა გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად არასტაბილური და სარისკოა აქცია. რაც უფრო მაღალია ბეტა, მით უფრო მეტია რისკი. ბეტა ყველაზე ხშირად გამოიყენება, როგორც კაპიტალური აქტივების ფასწარმოქმნის მოდელის (CAPM) ნაწილი. ამ უკანასკნელს კი აქციების კაპიტალის ღირებულების გასაზომად იყენებენ. CAPM-ის ფორმულა ასე გამოიყურება:
ERi = Rf + βi (ERm – Rf)
ERi = კაპიტალური აქტივის მოსალოდნელი ანაზღაურება
Rf = რისკისგან თავისუფალი საპროცენტო განაკვეთი
βi = მგრძნობელობა
ERm = ბაზრის მოსალოდნელი ანაზღაურება
მარტივად რომ ვთქვათ, აქციის მოსალოდნელი ანაზღაურება უდრის რისკისგან თავისუფალ განაკვეთს პლუს ბეტა გამრავლებული საბაზრო რისკის პრემიაზე. საბაზრო რისკის პრემია არის ბაზრის მოსალოდნელ შემოსავალს მინუს ურისკო განაკვეთი.
CAMP გამოიყენება აქციების კაპიტალის ღირებულების საპოვნელად, როგორც კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ფორმულის ნაწილი, როდესაც ანალიტიკოსებს სურთ დაადგინონ, იღებს თუ არა აქცია ეკონომიკურ მოგებას და როგორც დისკონტის განაკვეთი – დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) ანალიზისას.
ბეტას გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო ნაკლი შემდეგია: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასტაბილური აქცია მოკლევადიან პერიოდში ასეთადვე რჩება, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ რისკიანი აქცია საბოლოოდ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს.
მაგალითად, დავუშვათ, რომ კომპანიას ცუდი მენეჯმენტი ჰყავდა და ხშირად უახლოვდებოდა გაკოტრების საფრთხეს. ახლა მას ახალი მენეჯმენტი ჰყავს, კარგ დივიდენდებს გასცემს და ვალს სტაბილურად იხდის. კომპანიას არ ახასიათებს რისკის იგივე დონე, როგორც ადრე, მაგრამ, შესაძლოა, მის აქციებს იგივე ბეტა ჰქონდეს.
ამ ტიპის აქციებში ინვესტორებისთვის შესაძლებლობა იმალება. თუ ბაზარი აქციების შესაფასებლად ბეტას იყენებს, შესაძლოა აქცია დაუფასებელი იყოს.
როგორ გამოვთვალოთ ბეტა?
სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ გამოითვლება ბეტა, რათა უკეთ გაიაზროთ ეს მაჩვენებელი, მაგრამ პრაქტიკაში, აქციების ბეტას პოვნას თქვენი ბროკერის ან ნებისმიერ ძირითად ფინანსურ ვებგვერდზე შეძლებთ.
ბეტას ფორმულა ასეთია:
β = კოვარიაცია (Re, Rm) / ვარიაცია (Rm)
ბეტა აქციებისა და ინდექსის ისტორიული ფასების რიგის შედარებით გამოითვლება.
დადებითი მხარეები
გამოიყენება CAPM ფორმულაში
ბეტა გამოიყენება CAMP მოდელში, რომელიც აქციისთვის კაპიტალის მიმდინარე ღირებულების დასადგენად სასარგებლო ინსტრუმენტია. კაპიტალის ღირებულება აუცილებელია დისკონტის განაკვეთების გამოსათვლელად და იმისა დასადგენად, მოაქვს თუ არა აქციას ეკონომიკური მოგება.
მარტივად გასაგებია
ბეტას გაგება მარტივია. თუ ეს მაჩვენებელი 1-ს აჭარბებს, მაშინ აქცია უფრო არასტაბილურია, ვიდრე ინდექსი, ხოლო თუ 1-ზე ნაკლებია, მაშინ ის ინდექსზე ნაკლებად არასტაბილურია. ზოგადად, მაღალი ბეტა მზარდი პოტენციალის აქციებს ახასიათებს.
სასარგებლოა პორტფელის შესაფასებლად
ცალკეული აქციების გარდა, შეგიძლიათ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ბეტაც გამოთვალოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ ზემოთ მოცემული ფორმულით თქვენი პორტფელის ისტორიული ფასებით ან თქვენი პოზიციების საშუალო შეწონილი ბეტას პოვნის საშუალებით.
თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ბეტა 1-ს აღემატება, მაშინ დროა, მიმართოთ მეტ დივერსიფიკაციას და ინვესტიციები ჩადოთ დაბალი არასტაბილურობის მქონე ღირებულებით აქციებში.
უარყოფითი მხარეები
წარსულისკენ ხედვა
მიუხედავად იმისა, რომ ბეტა ზომავს, თუ რამდენად ცვალებადი იყო აქცია ინდექსთან მიმართებაში, ეს არ გვაძლევს გარანტიას, რომ ეს დონე მომავალშიც შენარჩუნდება. გამოიყენეთ ბეტა მცირე დოზით, ასევე გაითვალისწინეთ აქციის ისტორიული წარმადობა და მიმდინარე ფაქტორები.
ზომავს მხოლოდ სისტემურ რისკს
ბეტა გვიჩვენებს მხოლოდ აქციების სისტემურ რისკს, ანუ რისკს აქციისთვის, თუ მთლიანი ბაზარი ეცემა. ასევე არსებობს არასისტემური რისკები, როგორიც არის დიდი დავალიანება, სასამართლო დავის წაგება ან კომპანიის პროდუქტზე/მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება. თითოეულმა ამ რისკმა შეიძლება გამოიწვიოს აქციების ფასის კლება მაშინაც კი, თუ მთლიანი ბაზარი იზრდება.
არასტაბილური მეტრიკა
თუ გამოთვლით მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე აქციის ბეტას მას შემდეგ, რაც კომპანია დიდ შემოსავალს დააფიქსირებს, ის, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ექვსი კვირით ადრე – უძრაობის პერიოდის განმავლობაში.
დასკვნა
ბეტა სასარგებლო ინსტრუმენტია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მათემატიკურ მოდელებს და მსგავს მონაცემებს ეყრდნობიან. რაც უფრო ხარისხიანი იქნება თქვენი ანალიზი, მით უფრო ნაკლებად სასარგებლო იქნება თქვენთვის ბეტა.
გარდა ამისა, არც უფრო გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი გაქვთ, მით ნაკლებ სარგებელს მოგიტანთ ეს მაჩვენებელი. თუ ინვესტიციას დებთ ბიზნესში და იმედი გაქვთ, რომ 10 წლის შემდეგ ეს ინვესტიცია დიდი მოგებით დაგაჯილდოებთ, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ რამდენად არასტაბილური იყო კომპანია ბოლო 12 თვის განმავლობაში.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.