ილონ მასკმა ახლახან Twitter 25 აპრილს ხელმოწერილი შერწყმის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების „მატერიალურ დარღვევაში“ დაადანაშაულა და სოციალური მედიის პლატფორმის მთავარ იურიდიულ ოფიცერს შეახსენა, რომ მასკი შეთანხმების შეწყვეტის უფლებას ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის Twitter-ს შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა.
Twitter-ის დარღვევა, რომელმაც მასკი გააღიზიანა
25 აპრილს Twitter-ის დირექტორთა საბჭო ერთხმად დათანხმდა მასკის მიერ შესყიდვის წინადადებას და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის გაუქმების უფლებაც გარკვეულ პირობებში ორივე მხარეს გააჩნია.
თუმცა, 13 მაისს მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ გარიგება შეჩერდა რადგან ის ეძებდა დეტალებს Twitter-ის სპამისა და ყალბი ანგარიშების შესახებ, ასევე მტკიცებულებას, რომ ისინი პირველ კვარტალში სოციალური მედიის კომპანიის 229 მილიონი მონეტიზირებადი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების „5%-ზე ნაკლებს“ წარმოადგენდა.
მონაცემების შესახებ მოთხოვნაზე მასკმა Twitter-სგან პასუხი ვერ მიიღო და იგი თვლის, რომ ეს გარემოებაც კი გარიგების გაუქმების გარანტიას იძლევა.
მასკის ადვოკატებმა 6 ივნისით დათარიღებულ წერილში განაცხადეს, რომ როგორც Twitter-ის პერსპექტიულ მფლობელს, ილონ მასკს აქვს უფლება, რომ Twitter-ის ბიზნეს მოდელის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს, განსაკუთრებით კომპანიის აქტიურ მომხმარებელთა ბაზის შესახებ.
ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კომპანია არა მხოლოდ არღვევს მასკის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს. ეს არის დარღვევა, რომელიც, მასკის თქმით, მას გარიგების შეწყვეტის უფლებას აძლევს.
მასკისა და Twitter-ის შეთანხმება გაუქმებულია?
ამ ეტაპზე ეს რთული სათქმელია. შეთანხმების გაუქმება ადვილი არ იქნება. Twitter თავის პოზიციას დაიცავს, რადგან თუ ამ მიზეზით შეთანხმება გაუქმდება, კომპანიას მასკისთვის $1 მილიარდის გადახდა მოუწევს. მასკს შეუძლია ეს პროცესი სასამართლოშიც გადაიტანოს, თუმცა მას ბრალდების დამტკიცება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება Twitter-ს შეთანხმების შეწყვეტის გამო $1 მილიარდი გადაუხადოს. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიამ მასკს დამატებითი ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვოს.
არსებობს შანსი, რომ მასკმა ხელახალი გარიგების დადება და კომპანიის უფრო იაფად შესყიდვა სცადოს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში Twitter-ის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით. შესაძლოა, მისთვის Twitter აღარ არის ისეთი მიმზიდველი და Tesla-სთვის მეტი დროის დათმობა ურჩევნია.
კარგი ამბავი Tesla-ს აქციონერებისთვის?
Tesla-ს აქციონერებმა მასკის Twitter-ის მიმართ ინტერესის შედეგი იგრძნეს – ბოლო კვირების განმავლობაში ელექტრომობილების (EV) მწარმოებლის აქციების ფასი შემცირდა.
რა თქმა უნდა, ეს ტვიტერით დაიწყო, მაგრამ ტესლას ინვესტორებს წუხილის სხვა მიზეზიც ჰქონდათ. მზარდი პოტენციალის აქციებმა დარტყმა მიიღო და, მათ შორის, ტესლამაც. რამდენიმე დღის წინ კი მასკმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მიმართ ძალიან ცუდი განცდა აქვს და რომ Tesla ხელფასის მქონე მუშახელის 10%-ს გაათავისუფლებს. თუმცა, მასკმა მოგვიანებით, ტვიტერის საშუალებით განმარტა, რომ ის ჯერ კიდევ პერსონალის მთლიანი რაოდენობის გაზრდას ელის, განსაკუთრებით იმ მუშაკების, რომლებიც უშუალოდ წარმოების პროცესში მონაწილეობენ.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მასკი კვლავ ძლიერ მოთხოვნას მოელის და თავისი აგრესიული გაფართოების გეგმების განხორციელებას აპირებს, განსაკუთრებით ჩინეთში. ამ მხრივ, Tesla-ს პირველი კვარტალი აფეთქება იყო: კომპანიამ ელექტრომობილების წარმოუდგენელი რაოდენობა აწარმოა, შემოსავალი წელიწადში 81%-ით გაიზარდა და საოპერაციო მარჟამ 19.2% შეადგინა.
ამ ფონზე, ტესლას აქციონერები ბედნიერები უნდა იყვნენ, თუ მასკი ტვიტერის ხელშეკრულებას გააუქმებს.
მეორეს მხრივ, თუ გარიგება არ განხორციელდება, Twitter-ის აქციონერები პრემიის მიღების შანსს გაუშვებენ ხელიდან და გამორიცხული არაა, რომ ასეთ შემთხვევაში მასკმა Twitter-ში არსებული პოზიციები საერთოდ გაყიდოს.