ტერმინი „ეკონომიკური პირობები“ ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობას აღნიშნავს. ეს პირობები დროთა განმავლობაში იცვლება ეკონომიკურ და ბიზნეს ციკლებთან ერთად, რადგან ეკონომიკა გაფართოებისა და შეკუმშვის პერიოდებს გადის. ეკონომიკურ პირობებს უწოდებენ სტაბილურს ან პოზიტიურს მაშინ, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ხოლო საპირისპირო მდგომარეობაში მიიჩნევა, რომ ეკონომიკა იკუმშება.
ეკონომიკური პირობების გააზრება
ქვეყნის ეკონომიკურ პირობებზე ზემოქმედებს მრავალი მიკრო და მაკროეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა, უმუშევრობის დონე, პროდუქტიულობა, ვალუტის კურსი, ინფლაცია და ა. შ.
ეკონომიკური მონაცემები ქვეყნდება რეგულარულად, ძირითადად ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად და ზოგჯერ კვარტალურად. ზოგიერთ ეკონომიკურ ინდიკატორს, როგორიცაა უმუშევრობის დონე და მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის ტემპი, ბაზრის მონაწილეები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ისინი ეკონომიკური პირობებისა და მათში პოტენციური ცვლილებების შეფასებას უწყობს ხელს. ეკონომიკური პირობების დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი ეკონომიკური ინდიკატორი, მათ შორის უმუშევრობის დონე, ბიუჯეტის სიჭარბე ან დეფიციტი, მშპ ზრდის ტემპები, ინფლაციის მაჩვენებლები…
ზოგადად, ეკონომიკური მაჩვენებლები შეიძლება დაიყოს „წინმსწრებ“, „თანმხვედრ“ ან „დაგვიანებულ“ ინდიკატორებად. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, შესაბამისად, სავარაუდო მომავალ, მიმდინარე ან ახლო წარსულის ეკონომიკურ პირობებს აღწერს. როგორც წესი, ეკონომისტებს ყველაზე მეტად აინტერესებთ წინმსწრები ინდიკატორები, რათა გაიგონ, როგორი იქნება ეკონომიკური პირობები მომდევნო 3-6 თვეში. მაგალითად, ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა ახალი შეკვეთები წარმოებულ საქონელზე და საცხოვრებლის ახალი ნებართვები, მომავალი ეკონომიკური აქტივობის ტემპზე მიუთითებს.
სხვა ინდიკატორები, რომლებსაც შეუძლია მომავალი ეკონომიკური პირობების პროგნოზირება, მოიცავს მომხმარებელთა თავდაჯერების ინდექსს, ქარხნების ახალ შეკვეთებს (საქონლის ახალი შეკვეთები საცალო მოვაჭრეებისა და სხვა ბიზნესის მიერ) და ბიზნეს მატერიალურ–საწარმოო მარაგებს (კომპანიების მიერ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შენახული მარაგები).
რატომ არის ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის და ბიზნესებისთვის
ეკონომიკური პირობების ინდიკატორები ინვესტორებსა და ბიზნესებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ინვესტორები ამ მაჩვენებლებს ეკონომიკური ზრდისა და მომგებიანობის შესახებ თავიანთი შეხედულებების დასაკორექტირებლად იყენებენ. ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ინვესტორების უფრო ოპტიმისტურ განწყობას და პოტენციურად უფრო მეტ ინვესტიციას იწვევს, რადგან მოსალოდნელია დადებითი შემოსავალი. საპირისპირო შედეგს მოიტანს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი.
ანალოგიურად, კომპანიების მმართველი გუნდები აკვირდებიან ეკონომიკურ პირობებს, რათა ბიზნესის გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის პოტენციალში უკეთ გაერკვნენ. ზრდის პროგნოზირებისთვის საკმაოდ ტიპური გზა იქნება წინა წლის ტენდენციების საბაზისო მაჩვენებლებად აღება, შემდეგ კი კონკრეტული კომპანიის პროდუქტებთან და სერვისებთან ყველაზე მეტად შესაბამისი ეკონომიკური მონაცემებისა და პროგნოზების გამოყენება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიის მენეჯმენტი ფოკუსირდება ეკონომიკურ პირობებზე საბინაო სექტორში, რათა გაიგოს, უმჯობესდება თუ არა იმპულსი და ბიზნეს სტრატეგია ამის შესაბამისად შეცვალოს.