Occidental Petroleum-ის აქციები ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა დოკუმენტმა გამოავლინა, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ნავთობკომპანიაში თავისი წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.
წლის დასაწყისიდან Occidental Petroleum-ის აქციების ფასი თითქმის უცვლელია.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კონგლომერატმა გასულ კვირაში, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, Occidental Petroleum-ის 2.6 მილიონი აქცია შეიძინა. შედეგად Berkshire Hathaway-ის მთლიანი წილი ნავთობკომპანიაში 250.6 მილიონ აქციამდე მიაღწია, რომლის ღირებულებაც, პარასკევის დახურვის ფასით, დაახლოებით $15 მილიარდს აღწევს.
ბოლო შესყიდვების გათვალისწინებით, რომელიც დაახლოებით $153 მილიონად არის შეფასებული, Berkshire Hathaway Occidental Petroleum-ში 28%-იან წილს ფლობს. 2023 წელს უორენ ბაფეტმა აქციონერებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფირმას ნავთობკომპანიის მთლიანად შეძენის ან მართვის ინტერესი არ გააჩნია. პირიქით, ინვესტორის თქმით, მას განსაკუთრებით მოსწონს Occidental-ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი ჰოლდინგები შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ნახშირბადის გამოყოფის შემცირების ინიციატივები. გარდა ამისა, უორენ ბაფეტი აფასებს აღმასრულებელი დირექტორის — ვიკი ჰოლუბის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
Berkshire-ის მიერ Occidental Petroleum-ის აქციების უახლესი შესყიდვა ასევე ემთხვევა სიახლეს, რომ ნავთობკომპანიამ კონგლომერატის ენერგეტიკულ განყოფილებასთან — BHE Renewables — ჩამოაყალიბა ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანიც ლითიუმის მოპოვებაა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Occidental Petroleum-ის აქციებს?
Occidental Petroleum-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $72.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Occidental Petroleum-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Occidental Petroleum-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.