გუშინ საღამოს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Walmart ასობით კორპორატიული თანამშრომლის გათავისუფლებას და დისტანციურად მომუშავე მუშაკების უმეტესობის ოფისებში დაბრუნებას გეგმავს.
კომპანია აშშ-ში უმსხვილესი დამსაქმებელია და ამჟამად მისი თანამშრომლების მთლიანი რაოდენობა 2.1 მილიონს აღწევს. გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც დალასის, ატლანტასა და ტორონტოს პატარა ოფისებში მუშაობენ, Walmart-ის სხვა ცენტრალურ ლოკაციებზე გადასვლა მოუწევთ.
The Wall Street Journal-ის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ მისცემს თანამშრომლებს ნახევარ განაკვეთზე დისტანციურად მუშაობის უფლებას.
თანამშრომლების რაოდენობის შემცირება და ოპერაციების გამარტივება
Walmart-ის მენეჯმენტის ეს უახლესი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, წარმოადგენს კომპანიის უწყვეტი ძალისხმევის ნაწილს, შეამციროს თანამშრომლების რაოდენობა და გაამარტივოს ოპერაციები.
გასული წლის აპრილში კომპანიის მენეჯმენტმა დააანონსა გეგმა, რომელიც შეკვეთების შესრულების ცენტრებში 2,000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობდა. Walmart-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ, მათი მოლოდინით, ფისკალური 2026 წლის ბოლომდე მაღაზიების დაახლოებით 65%-ში მომსახურების პროცესი ავტომატიზებული იქნება. რამდენიმე თვით ადრე, Walmart-მა დახურა სამი ტექნიკური ცენტრი ოსტინში, პორტლენდსა და კარლსბადში; მენეჯმენტმა კი ასობით თანამშრომელს განუცხადა, რომ მათ ცენტრალურ კორპორატიულ ჰაბებში გადასვლა მოუწევდათ.
ცოტა ხნის წინ, საცალო ვაჭრობის გიგანტმა დახურა თავისი ყველა, 51 ჯანდაცვის კლინიკა — უკვე 5 წელია, რაც Walmart ამ მიმართულებისკენ ისწრაფოდა. მენეჯმენტმა მიზეზებად დაასახელა ოპერაციული ხარჯების ზრდა და კომპლექსური კომპენსაციის გარემო.
უფრო მეტ დეტალს, სავარაუდოდ, გავიგებთ ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, როდესაც კომპანია კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Walmart-ის აქციებს?
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $66.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.99-ს, ხოლო მინიმალური — $58.99-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.