დღეს, ბაზრის გახსნამდე, United Parcel Service-მა (UPS) მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. Pre-market1 ვაჭრობაში კი ამანათების გადაზიდვის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში UPS-ის შემოსავალი კომპანიის გადაზიდვის ოპერაციებიდან 1%-ზე მეტით — $21.8 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.18 მილიარდს.
United Parcel Service-ის წმინდა მოგებამ უფრო მეტად — 32%-ით დაიკლო და $1.41 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე უოლ სტრიტის მოლოდინი — $2.08 მილიარდი. UPS-ის მოგებამ თითო აქციაზე კი (EPS) $1.79 შეადგინა (პროგნოზი — $2).
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, UPS-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით $93 მილიარდს შეადგენს (წინა პროგნოზი — $92-$94.5 მილიარდი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული საოპერაციო მარჟა დაახლოებით 9.4%-ს მიაღწევს, რაც ასევე ჩამოუვარდება მენეჯმენტის ძველ პროგნოზს — 10%-10.6%-ს.
UPS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კეროლ ტომემ განაცხადა, რომ კომპანია ცხრა კვარტლის განმავლობაში პირველად დაუბრუნდა მიწოდების მოცულობის ზრდას. მისი თქმით, ამან UPS-ს 2024 წლის მეორე ნახევარში მოგების ზრდის შესაძლებლობა უნდა მისცეს.
გარდა ამისა, UPS-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციების გამოსყიდვის პროგრამის განახლებას გეგმავს — მოსალოდნელია, რომ 2024 წლის დარჩენილი პერიოდისთვის კომპანია $500 მილიონის ღირებულების აქციებს გამოისყიდის, ხოლო მომავალში ამ მიმართულებით ყოველწლიურად $1 მილიარდს დახარჯავს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები UPS-ის აქციებს?
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $127.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $159.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $184.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
UPS-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს საფონდო ბირჟის გახსნამდე.