გუშინ, მნიშვნელოვანი ნეგატიური სიახლის გავრცელების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Alphabet-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 59%-ით გაუმჯობესდა.
კატალიზატორი, რომელმაც Alphabet-ის აქციების ფასზე ნეგატიურად იმოქმედა, იყო ცნობები მის მფლობელობაში არსებული კომპანიის — Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილების შეჯახების შესახებ.
ინციდენტი
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Waymo იძულებული გახდა, უკან გაეწვია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მის თვითმართვად ავტომობილებს აკონტროლებს. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი ამჟამინდელი მანქანებიდან ყველა განახლდა.
Waymo-მ წარადგინა პროგრამული უზრუნველყოფის ნებაყოფლობითი გაწვევის ანგარიში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში. კომპანიამ ხაზი გაუსვა ორ ცალკეულ „ინციდენტს“, რომელიც ფენიქსში, არიზონაში, 11 დეკემბერს მოხდა.
როგორც ჩანს, Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილი შეეჯახა პიკაპს, რომელიც ევაკუატორზე იყო მიბმული. კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ ბუქსირების წესი დაცული არ იყო, რის გამოც პიკაპი საგზაო ზოლებს სცდებოდა. შეჯახების შემდეგ კი ევაკუატორის მძღოლმა მანქანის გაჩერება ვერ შეძლო და მალევე პიკაპს Waymo-ს კიდევ ერთი ავტომობილი დაეჯახა.
კომპანიის მენეჯმენტმა სწრაფადვე აღნიშნა, რომ იმ მომენტში მგზავრები Waymo-ს არცერთ ავტომობილში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
ბოლო პერიოდის სხვა ნეგატიური სიახლეები
თვითმართვადი ავტომობილები ბოლო თვეებში სათაურებში ხვდება, თუმცა არა პოზიტიური თვალსაზრისით. თებერვლის დასაწყისში, Waymo-ს ავტომობილი სან-ფრანცისკოში შეეჯახა ველოსიპედისტს, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო. ერთი კვირის შემდეგ, იმავე ქალაქში ხალხმა Waymo-ს მანქანას ალყა შემოარტყა და ცეცხლი წაუკიდა — სავარაუდოდ ამ ინციდენტის საპასუხოდ, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
ეს ყველაფერი კი მოხდა მხოლოდ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც General Motors-მა თავისი 950 კრუიზ რობოტაქსი უკან გაიწვია, რადგან ავტომობილმა ფეხით მოსიარულე იმსხვერპლა.
თვითმართვადი ავტომობილები Alphabet-ის მცირე განყოფილებას წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ინვესტორი თვლის, რომ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, მომავალში მნიშვნელოვანი ზრდის სტიმული გახდეს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $143.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $164.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $141.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.