ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Tripadvisor-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ონლაინ ტურისტული კომპანიის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.
ტურისტული ადგილებისა და გამოცდილებების მიმოხილვისთვის არსებული Tripadvisor-ის ძირითადი პლატფორმის შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. თუმცა, კომპანიამ მთლიანი შემოსავალი 16%-ით გაზარდა და ამ მაჩვენებელმა მიაღწია ყველა დროის კვარტალურ მაქსიმუმს — $533 მილიონს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $505.04 მილიონი). ეს შედეგი Tripadvisor-ის სხვა მაღალი ზრდის პლატფორმებმა განაპირობა.
Tripadvisor-ის რესტორნების დაჯავშნის პლატფორმამ — TheFork-მა 20%-იანი ზრდა დააფიქსირა და მისმა შემოსავალმა $42 მილიონს მიაღწია. მაგრამ კვარტალური ანგარიშის ნამდვილი ვარსკვლავი იყო Viator — გამოცდილებებისა და ტურების დაჯავშნის პლატფორმა. მესამე კვარტალში მისმა შემოსავალმა $245 მილიონი შეადგინა, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის შედეგს და თითქმის უტოლდება Tripadvisor-ის ძირითადი პლატფორმის შემოსავალს — $290 მილიონს.
ონლაინ ტურისტული კომპანიის წმინდა მოგებამ გასულ კვარტალში $27 მილიონი შეადგინა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.52-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.47). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS კი $0.19 იყო. ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს $0.15-ით ჩამორჩა.
Tripadvisor მომგებიანია და კომპანიას ჯანსაღი ფულადი პოზიცია გააჩნია. მენეჯმენტი კი ამ უპირატესობას აქციონერების დასაჯილდოებლად იყენებს. Tripadvisor-ის წარმომადგენლებმა $250 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსეს, რაც არსებითია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ $2.5 მილიარდს შეადგენს.
Tripadvisor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $27.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tripadvisor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.