Toyota Motor-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია შეისყიდის Panasonic-ის წილს ბატარეების მწარმოებელ ერთობლივ საწარმოში, რადგან ის იაპონიაში ელექტრომობილების (EV) წარმოების გაძლიერებისთვის ემზადება.
გუშინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იაპონური ავტომწარმოებლის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.
Toyota ბატარეის ძირითად მიმწოდებელზე სრული კონტროლის მოპოვებას აპირებს
Toyota გამოისყიდის Panasonic-ის წილს Primearth EV Energy-ში. ეს უკანასკნელი არის ერთობლივი საწარმო, რომელიც შეიქმნა 28 წლის წინ, რათა დაემზადებინა ბატარეები Toyota-ს ჰიბრიდებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, Prius.
Primearth-ის მენეჯმენტი კი მოელის, რომ 2026 წელს დაიწყებს ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოებას ელექტრომობილებისა და ჰიბრიდებისთვის, ახალ ქარხანაში, რომელიც ამჟამად ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
მიუხედავად იმისა, რომ Panasonic თავდაპირველად Primearth-ში 60%-იან წილს ფლობდა, Toyota, წლების განმავლობაში, თანდათან უფრო და უფრო მეტ კონტროლს იპოვებდა ერთობლივ საწარმოზე. ავტომწარმოებელი ამჟამად Primearth-ის 80.5%-ს ფლობს.
Panasonic-ის დარჩენილი წილის Toyota-სთვის გადაცემის პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
ამჟამად Toyota ბატარეებს ყიდულობს კორეული LG Chem-ისგან, ასევე ჩინური მწარმოებლებისგან — CATL, BYD — და Prime Planet Energy Solutions-ისგან, რომელიც Toyota-სა და Panasonic-ის მიერ იაპონიაში დაფუძნებული კიდევ ერთი ერთობლივი საწარმოა. Toyota Prime Planet Energy-ის 51%-ს ფლობს.
Toyota ელექტრომობილებზე დიდ ფსონს აკეთებს
ისტორიულად, Toyota მუდამ ამჯობინებდა, თავისი საკვანძო მიმწოდებელი კომპანიები მჭიდრო კონტროლის ქვეშ ან პირდაპირ მფლობელობაში ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ Toyota აქამდე ჰიბრიდებზე აკეთებდა აქცენტს, Primearth-ზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაპონური ავტომწარმოებელი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. Toyota მიზნად ისახავს, 2026 წელს 1.5 მილიონი ელექტრომობილი აწარმოოს.
კომპანიის ფისკალური 2024 წელი 31 მარტს დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მენეჯმენტი მთლიანი წლის ფინანსურ შედეგებს მაისის დასაწყისში გამოაქვეყნებს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $235.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთს ემთხვევა და $228.96-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Toyota Motor-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.