იმ დროს, როდესაც S&P 500 და სხვა ძირითადი საბაზრო ინდექსები მკვეთრად დაეცა, არსებობს ერთი მზარდი პოტენციალის აქცია, რომელიც მშვიდად იზრდება – Bowlero Corp. მიუხედავად იმისა, რომ ბოულინგის მოედნის ოპერატორი შეიძლება არ ჟღერდეს ისე საინტერესოდ, როგორც პოპულარული SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) აქცია, ამ წელს Bowlero-ს 50%-ზე მაღალი ზრდა შთამბეჭდავია.
Bowlero-მ ცოტა ხნის წინ მიიპყრო JPMorgan Chase-ის ყურადღება, რომელმაც აქციებს „ყიდვის“ რეიტინგი მიანიჭა. JPMorgan-ის $17-ის ტოლი სამიზნე ფასი დღევანდელი დონიდან თითქმის 40%-ით ზრდას გულისხმობს. მოდით, განვიხილოთ ეს მზარდი პოტენციალის აქცია და გავიგოთ, რატომ შეიძლება მან ზრდა განაგრძოს.
Bowlero
Bowlero 1997 წელს პენსილვანიაში დაარსდა და ის საჯარო 2021 წელს შერწყმის გზით გახდა. $2 მილიარდის ღირებულების კომპანია 317 ბოულინგის გასართობ ცენტრს მართავს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში, რაც მას მსოფლიოში ბოულინგ ცენტრების უმსხვილეს მფლობელად და ოპერატორად აქცევს. Bowlero-ს ქოლგის ქვეშ მყოფი ბრენდებია: Bowlero, AMF და Bowlmor Lanes. Bowlero ასევე არის პროფესიონალური ბოულინგის ასოციაციის (უფრო ცნობილია, როგორც PBA ტური) – მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ბოულინგის ლიგის თავშესაფარი, რომელიც მან 2019 წელს შეიძინა.

ბოულინგის რამდენიმე წამყვანი ქსელისა და მსოფლიოში ყველაზე დიდი პროფესიონალური ბოულინგის ლიგის შექმნით, Bowlero ბოულინგის მძლავრ ცენტრს ქმნის. სარგებლის მისაღებად ბოულინგი კარგი სფეროა, რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტად არიან გარეთ გასვლაზე, სიამოვნების მიღებაზე, გამოცდილებასა და გართობის მიმართულებით მეტის დახარჯვაზე ორიენტირებულნი, რადგან კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდა.
American Express ამერიკელი მომხმარებლის მდგომარეობის გასაგებად შესანიშნავი ბარომეტრია და მან ახლახანს განაცხადა, რომ “მოგზაურობისა და გართობის ენერგიული ზრდის შედეგად” რეკორდული ხარჯები ფიქსირდება. American Express-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ მომხმარებლები შესაძლოა ნაკლებს ხარჯავენ საქონელზე, მაგრამ ისინი ამას გამოცდილებაზე მეტის დახარჯვით ანაზღაურებენ.
ზოგადად გართობის მიმართულებით ხარჯვის ზრდის გარდა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბოულინგის ინდუსტრიის შემოსავალი სოლიდური ზრდის ტენდენციაშია. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არ ჰქონდეს ისეთივე კომბინირებული წლიური ზრდის ტემპი (CAGR), რასაც ჩვენ ზოგიერთ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ვხედავთ, ინდუსტრიის შემოსავალი 2010-დან 2019 წლამდე ნელი, მაგრამ სტაბილური 4.1%-ის ტოლი CAGR-ით გაიზარდა.
ბოლო კვარტალში Bowlero-ს შემოსავალი წინა წელთან შედარებით 68.3%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შეიძლება ხელოვნურად მაღალი ჩანდეს, რადგან კომპანია ასრულებდა კვარტალს, როდესაც კოვიდ-19 ჯერ კიდევ აზარალებდა ლაივ გართობას, გაითვალისწინეთ, რომ ეს რიცხვი კვლავ წარმოადგენს შემოსავლების 72.2%-იან ზრდას კოვიდ-19-მდე არსებული 2019 წლის იმავე კვარტალთან შედარებით. ერთი და იგივე მაღაზიებიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით გაუმჯობესდა. ერთი და იგივე მაღაზიის გაყიდვები ზომავს შემოსავლის ზრდას იმ ადგილებში, რომლებიც გახსნილია მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ასე რომ, ის ფილტრავს ახალი მაღაზიების ეფექტს. ეს კარგი გზაა სამომხმარებლო დისკრეციული ბიზნესის საერთო სიჯანსაღის შესამოწმებლად.

მზარდი ინდუსტრია
თავისი ბრენდების პორტფელში 317 ბოულინგ ცენტრით, Bowlero ბოულინგის ინდუსტრიაში ძალიან ძლიერად გამოიყურება – და თავის უმსხვილეს კონკურენტს კომპანია დაახლოებით რვაჯერ აღემატება. ეს მასშტაბი აძლევს Bowlero-ს შესაძლებლობას განახორციელოს ინვესტიცია თავის ცენტრებში, რათა შექმნას დამაჯერებელი გამოცდილება.
Bowlero ჯერ კიდევ მხოლოდ მცირე ნაწილია საერთო ბოულინგ ინდუსტრიისა და ეს კარგია. კომპანიის შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 3,500 დამოუკიდებელ საკუთრებაში არსებული ბოულინგ ცენტრია. ეს ნიშნავს, რომ Bowlero-ს საკუთრებაში არსებული ლოკაციები კონტინენტზე ბოულინგის დარბაზების 10%-ზე ნაკლებს შეადგენს და მას, მომავალში დამოუკიდებელი ცენტრების შეძენით და მათი ბრენდებად გადაქცევის გზით, ზრდისთვის დიდი სივრცე გააჩნია. ამ თვეში Bowlero-მ ტეხასის ოსტინის მეტროპლექსში Mel’s Lone Star Lanes და ბოულინგის ორი გასართობი ცენტრი ფლორიდაში – Fiesta Bowl და Spanish Spring Lanes შეიძინა. მენეჯმენტის მიზანია შეიძინოს დაახლოებით 10 ახალი ცენტრი წელიწადში, ასე რომ წინ ზრდისთვის დიდი ასაფრენი ბილიკია.
მეტი ვიდრე ბოულინგი
Bowlero მიმზიდველი ბიზნესი კიდევ ერთი მიზეზით არის – ის იყენებს თავის ძირითად ბოულინგის შეთავაზებას მომხმარებლების მოსაზიდად და შემდეგ შემოსავლის გამომუშავების დამატებითი გზები აქვს. როგორც “ბოულინგის გასართობი ცენტრი”, Bowlero გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ბოულინგია. მაგალითად, მეგობრების ან თანამშრომლების ჯგუფი შეიძლება მოვიდეს ბოულინგის ლიგის მატჩზე და იქ ყოფნისას საკვები და სასმელი შეიძინოს.
Bowlero მიმზიდველი გრძელვადიანი ინვესტიცია ჩანს, რადგან ის არის ინდუსტრიის ლიდერი შემოსავლების ძლიერი ზრდით. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი ზომა და მასშტაბი, რათა შესაძენად მიმზიდველი შესაძლებლობები მოძებნოს და ისინი თავის პორტფელში დაამატოს. შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა საკვებისა და სასმელების გაყიდვით, ისევე როგორც გართობით, Bowlero-ს, როგორც მოწინავე მზარდი პოტენციალის აქციას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.