გასულ კვირაში სექტემბერმა გაამართლა თავისი, როგორც აქციებისთვის ყველაზე ცუდი თვის, რეპუტაცია.
წინა კვირის განმავლობაში S&P 500 ინდექსი 4%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე უარესი შედეგია 2023 წლის მარტის საბანკო კრიზისის შემდეგ. ვარდნა გამოიწვია იმან, რომ აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის შესახებ შიშმა გავლენა იქონია ინვესტორების განწყობაზე და გააჩინა მღელვარება საპროცენტო განაკვეთების მომავალთან დაკავშირებით.
Nasdaq Composite-მა გასულ კვირაში თითქმის 6%-ით დაიკლო, რაც ყველაზე უარესი შედეგია 2022 წლის იანვრის შემდეგ. AI ნახევარგამტარების ლიდერმა Nvidia-მ (NVDA) კი თითქმის 14%-იანი ვარდნა განიცადა.
სექტემბრის (პირველი კვირის) ეფექტი?
მიუხედავად იმისა, რომ „სექტემბრის ეფექტი“, რომელიც ამ თვის განმავლობაში აქციების ისტორიულ წარუმატებელ წარმადობას გულისხმობს, უფრო სამწუხარო დამთხვევაა, ვიდრე მიზეზობრივი მოვლენა, ბოლო ოთხმა სექტემბერმა ინვესტორები დასაჯა. 2023 წელს S&P 500 4.9%-ით შემცირდა, 2022 წელს — 9.3%-ით, 2021 წელს — 4.8%-ით, ხოლო 2020 წელს — 3.9%-ით.
Bespoke Investment Group-ის ანალიზის მიხედვით კი, გასული კვირა იყო სექტემბრის ყველაზე ცუდი დასაწყისი, სულ მცირე, 1953 წლის შემდეგ (S&P 500 ინდექსის 500 წევრიანი ვერსია დაინერგა 1957 წელს). Bespoke-ის ანალიზის მიხედვით, სექტემბრის ასეთი ცუდი დასაწყისი, ისტორიულად, არ იყო კარგი ნიშანი ბაზრისთვის.
გასული ოთხი წლის გარდა, Bespoke-მა აღმოაჩინა, რომ S&P 500 სექტემბრის პირველ კვირაში კიდევ ოთხ ცალკეულ შემთხვევაში დაეცა მინიმუმ 2.5%-ით. აქედან სამ შემთხვევაში საორიენტაციო ინდექსმა შემდგომი ვარდნაც განიცადა.
ამ ოთხიდან ორ შემთხვევაში, S&P 500 სექტემბრის პირველი კვირიდან წლის ბოლომდე პერიოდში აღდგა — 2001 წელს 5.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წელს — 6.4%-ით. თუმცა იმ ორ წელიწადში, როდესაც ინდექსმა კლება განაგრძო, ის მკვეთრად დაეცა: 1987 წელს — 22%-ით და 2008 წელს — 27.3%.
რატომ არის ბაზრის მონაწილეები ასეთი აღელვებულები?
ამ დროისთვის ინვესტორებს მღელვარებისთვის ბევრი მიზეზი აქვთ. სამუშაო ბაზარზე ვაკანსიების ბოლო ხუთი თვიური ანგარიშიდან თითოეული წინა თვის მაჩვენებელზე დაბალი იყო. გარდა ამისა, გასული თვის ბოლოს, აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა შეაფასა, რომ შეერთებულ შტატებში 12 თვის განმავლობაში (მარტის ჩათვლით) შრომის ბაზარს დაემატა 800,000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
საფონდო ბირჟისთვის დადებითი კატალიზატორების თვალსაზრისით, ჰორიზონტზე ცოტა რამ არის. კვარტალური ანგარიშების შემდეგი რაუნდი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არ დაიწყება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები ბაზრებზე გავლენას მინიმუმ ნოემბრამდე შეინარჩუნებს.
საფონდო ბირჟაზე მოელიან, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს მიმდინარე თვეში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს, ეს მოლოდინი კი შეიძლება აქციების ფასებში უკვე იყოს ასახული. ტრეიდერების უმრავლესობა ფსონს დებს, რომ Fed წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთებს ერთი პროცენტული პუნქტით ან მეტით შეამცირებს.
მიზეზები ოპტიმიზმისთვის
თუმცა ინვესტორებს შეუძლიათ, ოპტიმიზმისთვის მიზეზების ძიებისთვის, უახლეს ისტორიას გადახედონ.
სექტემბრის ცუდი დასაწყისი მრავალი თვალსაზრისით წააგავდა აგვისტოს, როდესაც შრომის ბაზრის იმედგამაცრუებელმა მონაცემებმა გამოიწვია მღელვარება, რომ Fed ძალიან აყოვნებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანის რისკს ქმნის. ეს სცენა კვლავ გათამაშდა პარასკევს მას შემდეგ, რაც შრომის დეპარტამენტმა გადახედა ივლისის სამუშაო ადგილების რაოდენობას და განაცხადა, რომ გასულ თვეში აშშ-ის შრომის ბაზარს უფრო ნაკლები სამუშაო ადგილი დაემატა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
გარდა ამისა, ბოლო დროს უოლ სტრიტი ისევე, როგორც ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში, არ იყო აღფრთოვანებული ძირითადი ტექნოლოგიური კომპანიების კვარტალური ანგარიშებით. Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა აგვისტოს ბოლოს მისი კარგი, მაგრამ, როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის არასაკმარისად დამაკმაყოფილებელი კვარტალური ანგარიშის შემდეგ. ანალოგიურად მკაცრი რეაქცია ჰქონდა ბაზარს სხვა ტექნოლოგიური გიგანტების — Alphabet-ის (GOOGL), Microsoft-ის (MSFT) და Amazon-ის (AMZN) — კვარტალურ შედეგებზე.
და მაინც, აგვისტოს არასტაბილური დასაწყისის მიუხედავად, საფონდო ბირჟისთვის თვე დადებითად დასრულდა — აქციებმა წლის ყველაზე ცუდი კვირიდან საუკეთესომდე გადაინაცვლა, რადგან შრომის ბაზართან დაკავშირებული მღელვარება შემცირდა და კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ მათმა მოგებამ ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ზრდა დააფიქსირა.
როგორც Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ჰენრი ალენმა ორშაბათს აღნიშნა, გასული კვირის არეულობა გაძლიერდა ტექნოლოგიური გიგანტების აქციების განსაკუთრებით ცუდი წარმადობის გამო.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ეკონომიკამ არაერთხელ უგულებელყო მოლოდინი, რამაც ზოგიერთი ექსპერტი დააეჭვა რეცესიის ინდიკატორების პროგნოზირებად ძალაში პოსტ-კოვიდ ეკონომიკის პირობებში.